"მუზეუმია თუ ავტობაზრობა?!"
"მუზეუმია თუ ავტობაზრობა?!"
"მყიდველების უმრავლესობა დონეცკიდან და ლუგანსკიდან ჩამოდის"

კვირა დღეს რუსთავის ავტობაზრობაზე ხალხმრავლობაა. ამიტომ რეპორტაჟის მოსამზადებლად სწორედ ამ დღეს გავეშ­ურე. ვისაც გამოცდილება არა გაქვთ, გაგაფრთხილებთ - თუ ტერიტორიაზე შეხვევისთანავე­ ტროტუარის ყოველ მეტრში ჩამწკრივებული მამაკაცები ხელს გიქნევენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტაქსი ჰგონიხართ, უბრალოდ, გეკითხებიან, მანქანას ხომ არ ყიდიო. ამიტომ თავის გაქნევით უნდა უპასუხოთ და გზა განაგრძოთ. შემდეგი და საკმაოდ რთული ეტაპია მანქანის­ გაჩერება. მიუხედავად იმისა, რომ 5 ლარი ღირს, დასაყენებ­ელი ძნელი
საპოვნელია. დაახლოებით ოცწუთიანი წინ და უკან სიარულის შემდეგ გამიმართლა და 2-ლარიანი სადგომი აღმოვაჩინე.

თვალებს ვაცეცებ, ვის გამოველაპარ­აკო­ და ისევ მესმის, - მანქანას ხომ არ ყიდით? "შენ ყოფილხარ ჩემი პირველი რესპო­ნდენტი", - ვფიქრობ და დიალოგს ვიწყებ: - რა ვიცი, რა ღირს, რამდენს შემომთავაზებთ, - ვეკითხები მე.
გამყიდ­ველმა გამომკითხა ყველაფერი და დიაგნოზი დამისვაL: "აუ, შეგრჩენია, მაგას ვეღარ გაყიდი!.." "არა უშავს, ჯერ რამეს შევიგულებ და მერე ვიდარდებ მაგაზე", - ვეუბნები ღიმილით და სხვა გამყიდველებისკენ გადამაქვს ყურადღება.

- ესენი აქ ნავალია, - მითითებს სამ ავტომანქანაზე ჭაღარა მამაკაცი, - განუბაჟებელია და იაფი. განბაჟებული ძვირი ჯდება, თორემ აგერ მყავს 2 ამერიკული მოდელი, ეს კი - იაპონური ჰიბრიდი.

- უმეტესად რომელ მანქანებს ყიდულობენ?

- ჰიბრიდებს, ეკონომიურია, 3 ლიტრი აქვს წვა. განბაჟებაც იაფია, წლოვანებიდან და ძრავის სიმძლავრიდან გამომდინარე ასე, 750 დოლარი ჯდება. უფრო იაფი ელექტრომობილების განბაჟებაა - 200 ლარამდე.
სიმართლე თუ გინდათ, თითქმის არაფერი აღარ იყიდება. მანქანებს 2.500 დოლარის ფარგლებში ეძებენ. მაგ თანხად რას იყიდი, განბაჟება გაძვირებულია... მყიდველების უმრავლესობა უკრაინიდან ჩამოდის, მეტწილად დონეცკიდან და ლუგანსკიდან, სადაც უკონტროლო სიტუაციაა. უფრო ამერიკული მანქანები მიჰყავთ. ახალი მანქანები უფრო აინტერესებთ, 2012-13-14-იანები. ყველანაირი მარკა მიჰყავთ, მთავარია, დაბალი კუბატურის იყოს, რომ განბაჟება ძვირი არ დაუჯდეთ.

საუბარში ახალგაზრდა მამაკაცი გვერ­თვება:
- ექსპორტზე მომუშავეთაგან არაერთმა ადგილობრივი მანქანების ყიდვას მიჰყო ხელი, იმიტომ, რომ ჩამოყვანას დრო და თანხა სჭირდება, განბაჟებაც ცალკე თავსატეხია და რამდენ ხანს მოუწევს გაყიდვამდე დგომა მანქანას, ღმერთმა იცის. მე, მაგალითად, თითო-ოროლა მანქანა ჩამომყავს ამერიკიდან. უკვე 2 თვეა ერთიც არ გამიყიდია.

იქვე მდგომმა წითურმა მამაკაცმა შემომჩივლა:
- 2011 წელს ყაზახეთი ევრაზიულ კავშირში გაწევრდა, რის გამოც იქ იმპორტულ ავტომობილებზე განბაჟების საფასური დაახლოებით 7-ჯერ გაიზარდა. 2014 წელს აზერბაიჯანი გადავიდა "ევრო-4 სტანდარტზე" და აზერბაიჯანელი მყიდველების დიდი ნაწილიც დავკარგეთ. ახლა მხოლოდ ახალი მანქანები მიჰყავთ. მას მერე მარჯვენასაჭიანებისთვის მოიცალეს და, ფაქტობრივად, იაპონური მანქანების ექსპორტი ჩაძირეს. ასე რომ, დავრჩით ადგილობრივების, უკრაინელებისა და სომხების ამარა. ქართველებს ფული არა აქვთ, სომხებს კი კაპიკებად უნდათ ყიდვა. ეგრე სადაა?! ადრე ჩრდილო ოსეთიდანაც გადმოდიოდნენ, ახლაც მოდიან იშვიათად და როგორც წესი, დიდ­ძრავიან მანქანებს ყიდულობენ.
ახალ რიგში გადავინაცვლე.

- რუსულენოვანი სარეკლამო აბრა რატომ გაქვთ, ქართველები არ ყიდულობენ? - ვეკითხები თეთრ მანქანასთან მამაკაცს.

- შენც მოგყიდით, არაა პრობლემა... - მპასუხობს ღიმილით და პატარძალივით გამოპრანჭული მანქანის ზედაპირზე პულვერიზატორმომარჯვებული ჟანგის წერტილებს ანადგურებს, - ძირითადად, უკრაინელები ყიდულობენ, სომხები, იშვიათად აზერბაიჯანელები, ამიტომაც დავწერეთ რუსულად მანქანის მონაცემები.

ჩემი მომავალი რესპონდენტი უკრაინელი ადამია (ასეთი შავტუხა უკრაინელი პირველად ვნახე), რომელიც რეექსპორტზე მუშაობს. ეტყობა, რომ რუსთავის ავტობაზრობაზე თავს შინაურულად გრძნობს.

- მე დონეცკელი ვარ, იქ ახლა ომია. ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში შეიძლება ავტომანქანის ყიდვა, მაგრამ მე აქ მუშაობას შევეჩვიე, გავიცანი აქაურები და ავაწყვე პატარა ქსელი. ძირითადად ვყიდულობ "ოპელს" - "ვექტრას", "ასტრას" - ევროპულ მანქანებს. ამერიკულები, თუ შეკვეთა მაქვს, მაშინ მიმყავს, მეტწილად ან "ფოლკსვაგენ ჯეტა" და ან "პასატი". უფრო 1999-2004 წლამდე გამოშვებულ მანქანებს ვამჯობინებ. დღეს, მაგალითად, 2001-წლიანი განსაბაჟებელი "ოპელ ვექტრა" ვიყიდე 1.300 დოლარად...
ადამთან დამშვიდობების შემდეგ ერთ ახალგაზრდას გავესაუბრე. მითხრა, რომ ორი თვეა ბაზარს აკვირდება:

- როგორც შევამჩნიე, ძირითადად, 4.000 დოლარამდე ფასიანი ავტომანქანები­ იყიდება. კიდევ განუბაჟებელი "ოპელები", ძველი "მერსედესები"... აქ ნავალ მანქანებს უფრო გადამყიდველები ყიდულობენ და ყიდიან.

ორ უცხოელსაც გავესაუბრე, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს:

- "გრანდის" ყიდვა მინდა. ერაყში მიგვყავს... მაგრამ მხოლოდ ორი წლის უნდა იყოს, 2016-წლიანი. ასეა დაწესებული.
- ამ მანქანების 1% თუ იყიდება დღეში, - სინანულით მეუბნება ასაკოვანი გამყიდველი. ლაპარაკის ხასიათზე ნამდვილად არ არის და გზას ვაგრძელებ.

- დღეს მანქანა არ გამიყიდია, - ოხრავს მისი მეზობელიც, - გუშინ ერთ არაბს უნდოდა ყიდვა, ნეტავ რა აარჩია? - გადასძახა კოლეგას და მერე მე მომიბრუნდა, - რა მანქანას ეძებთ?

- თქვენ რას მირჩევთ?

- ქალისთვის გადასარევია ელექტრომობილი. 4.500-ში ჩაეტევი. დაისვენებ, მთელი დღე ივლი, საღამოს მობილურთან ერთად დატენი და ეგაა. თვეში 50 ლარის დენი გინდა, 1000-1500 კილომეტრს გადიხარ...

ამერიკულები, ძირითადად, რეექსპორტზე გადის... აზერბაიჯანელებს მიჰყავთ, ოღონდ შარშან 2011-ზე გვიან გამოშვებულებს იწუნებდნენ, ახლა 2012-ზე გვიან გამოშვებულებს არ ყიდულობენ...

იაპონურებზე ამბობენ, საშიშიაო, მაგრამ რადიაციული არა, ისა... ეს "ტოიოტები" მშვენიერი გამძლე და მუშაა, თან ჰიბრიდია, ქალაქში დაახლოებით 4-5 ლიტრს წვავს 100 კილომეტრზე.

აქ დგომაში შაბათ-კვირას 15-20 ლარს ვიხდით, სხვა დღეებში - 5-ს. ეს გადასახადი გვაძრობს ტყავს, თვეობით ველით მყიდველს... აქ ვისაც ხედავ, 60 პროცენტი მანქანის პატრონია, 20 - დამთვალიერებელი. გადაჭედილია ბაზარი, მაგრამ რად გინდა? მუზეუმია თუ ავტობაზრობა, დადიან და ათვალიერებენ, მყიდველი კი სანატრელი გაგვიხდა. ჯერ ძველი პარტია არ გამიყიდია და სამი ჩამომდის კიდევ... ძმა მყავს ამერიკაში და მიგზავნის. აქამდე 10-დან 8 "ფოლკსვაგენი" იყიდებოდა, ახლა რა სჭირთ, ვერ გავიგე.

- თქვენთვის რომ გინდოდეთ, ამერიკულს იყიდდით თუ ევროპულს?

- ამერიკაში ახალი მანქანა უნდა იყიდო. 15-წლიანს 249 ათასი მილი აქვს გარბენი და ასეთი მანქანა რას გამოგადგება. ამერიკელები ბევრს დადიან და მანქანას არ უვლიან. თუ ცოტა ძველს ყიდულობ, მაშინ ევროპული აჯობებს. იაპონური მარტო ჰიბრიდი და "ტოიოტა" იყიდება...

- ეჰ, დღე ისე გაილია, ერთი მანქანაც არ გაიყიდა, - წუწუნებენ გამყიდველები.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები