"ხატების მოგზაურობა დიდი ნუგეშია ხალხისთვის"
"ხატების მოგზაურობა დიდი ნუგეშია ხალხისთვის"
2017 წელს ხატებით მსვლელობა საზღვრისპირა რეგიონებში დაიწყო. აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატებმა უკვე 38 რაიონი მოიარა - 38 კვირა ანუ 266 დღეა, ქართველი მრევლი სამღვდელოებასთან ერთად უფალს ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას, მშვიდობას, კეთილდღეობას ევედრება...

საქართველოს ეკლესია ქართული სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მე-100 წლისთავს აღნიშნავს. ამასთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 წელი გავიდა, დაბადებიდან კი - 85.
უწმინდესმა უარი ბრძანა, რომ ეს საიუბილეო თარიღები მასშტაბური საზეიმო
ღონისძიებებით აღნიშნულიყო, თუმცა, მისივე ინიციატივით ღვთისმშობლის ხატებით მოლოცვითი მოგზაურობა გადაწყდა. 2017 წლის მაისში ხატებით მსვლელობა საზღვრისპირა რეგიონებში დაიწყო. აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატებმა უკვე 38 რაიონი მოიცვა - 38 კვირა ანუ 266 დღეა, ქართველი მრევლი სამღვდელოებასთან ერთად უფალს ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას, მშვიდობას, კეთილდღეობას ევედრება.
ასობით ანთებული სანთელი, ათასობით ქართველის გულში გაღვივებული ნუგეშის ნაპერწკალი...

ალბათ, სიმბოლურია ისიც, რომ ხატები ქართული ქრისტიანობის სავანიდან - სვეტიცხოვლიდან ჯერ თბილისის სამების საკათედრო ტაძარში წამოაბრძანეს, იქიდან კი - რეგიონებში.

მომლოცველებს პირველად სტეფანწმინდამ უმასპინძლა. მშობლიურ მხარეში ღვთისმშობელს თაყვანი სცა და წირვა-ლოცვა აღავლინა ილია მეორემ. აწყურისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები ხევიდან ქართლში, ცხინვალთან სოფელ ნიქოზში გადააბრძანეს. მერე ენგურის ხიდიდან დროებით დაკარგული და მთლიანი საქართველო დაილოცა. აფხაზეთთან ახლოს სამღვდელოებამ და მრევლმა აფხაზების, ოსებისა და ქართველების შერიგება შესთხოვეს წმინდა მარიამს. ენგურიდან თურქეთის საზღვარზე, სარფში ჩავიდნენ სასულიერო პირები და ხატები კატარღით შემოატარეს ზღვის აკვატორიაში. შემდეგი იყო კახეთი - ლოცვა ლაგოდეხის საზღვართან აღევლინა.

18 მარტს აწყურისა და ივერი­ის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ამის შემდეგ ხატებს, საქართველოს გამთლიანებისა და დალოცვის მიზნით, სხვა რეგიონებისა და რაიონებისკენ წააბრძანებენ. სვეტიცხოვლობას შევძლებთ­ ისევ მცხეთაში ამ ხატებთან ლოცვას.

მსვლელობა მხოლოდ ღვთის­მშო­ბლის კვირეულში შეჩერდება.

ასეთი მოგზაურობა დიდი ნუგეშია ხალხისთვის. მრევლი დიდი იმედით და ღრმა რწმენით უერთდება პატრიარქის ამ ინიციატივას. ათასობით მომლოცველის ხმა მხოლოდ ერთს შესთხოვს წმინდა მარიამს, ძლიერ და მშვიდ საქართველოს. ბევრი ადამიანი ჩაერთო მსვლელობაში, მათ შორის ისინი, ვინც აქამდე ეკლესიურად არ ცხოვრობდნენ. ილია მეორის ინიციატივამ შედეგი უკვე გამოიღო, ხალხი გაერთიანდა, იმედი მიეცათ, მომავლის რწმენა დაუბრუნდათ.

ამისთვის განსაკუთრებულად მადლიერია დუშეთის რაიონის მცხოვრები ჯარისკაცის დედა, ნათელა ქარჩაიძე: "სულ ვლოცულობდი, მშვიდობა ყოფილიყო ქვეყანაში, რათა აგვისტოს ომს გადარჩენილი ჩემი და სხვისი შვილები იმავე მდგომარეობაში აღარ აღმოჩნდნენ-მეთქი... ახლა, პატრიარქის კურთხევის შემდეგ, როგორც თავად ამბობს,­ მშვიდობამ დაისადგურა მის გულში და თვლის, რომ ათასობით ადამიანის ვედრება ღმერთამდე აუცილებლად მიაღწევს.

მთელი საქართველო ჩემსავით იმავეს შესთხოვს ღვთისმშობელს და უფალს. მჯერა, ამ დიდი რწმენით და მუხლმოდრეკილი ლოცვით აუცილებლად შეისმენს ჩვენს ლოცვას უფალი, ბოლოს და ბოლოს, მოგვგვრის მშვიდობიან საქართველოში ცხოვრების მადლს. მადლიერი ვარ ეკლესიის, განსაკუთრებით ჩვენი პატრიარქის. მისი დამსახურებაა ამდენი მომლოცველის გაერთიანება".

გავა დრო და ეს მსვლელობა ისტორიად იქცევა, ფირზე აღიბეჭდება და ყველა ერთად დოკუმენტურ ფილმად ვნახავთ...
ამ დიდ საქმეში ყველა ერთსულოვანია - სასულიერო პირები, ხალხი, ხელისუფლება...
ადგილობრივი მუნიციპალიტეტები შეხვედრებისათვის დარბაზებს გამოყოფენ, მოლოცვის მსურველთათვის კი - ტრანსპორტს. ამ ინიციატივას ორგანიზაციულად და ფინანსურად ეხმარება"საზოგადოება "ივერიისა".

სამების საკათედრო ტაძრის დიაკვანი მამა ზაქარია (ნათენაძე): -
პატრიარქმა აღადგინა ტრადიცია, რომელსაც 80-იანი წლების ბოლოს ჩაეყარა საფუძველი. იმ დროს სასულიერო პირები­ და მრევლი 40 დღე დადიოდნენ წმინდა ნინოს გზაზე, ფარავნის ტბიდან მცხეთამდე. ანდრია პირველწოდებულის, სვიმონ კანანელისა და პეტრე მოციქულის გზების მოსალოცადაც დადიან. წელს წმ. ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილებისა და ხატების მიბრძანება დაემთხვა და ეს დიდი მადლია. პროექტს ეკლესია და მთავრობა ერთობლივად ახორციელებენ.

- მოგზაურობისას ტექნიკურ სირთულეებს თუ აწყდებით?

- საქართველოს ხელოვნების მუზეუმმა ტრანსპორტი გამოგვიყო. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ცდილობენ, დახვედრიდან გაცილებამდე დრო ხალხისთვის ზეიმად იქცეს. მთელი მოსახლეობა ერთვება პროცესში და გალობით, სიმღერითა და ცეკვით მიმდინარეობს დალოცვა.
ეს მოგზაურობა მხოლოდ ავტოკეფალიის აღდგენის მისალოცად არ არის, მისი მიზანია, ხალხმა ავტოკეფალიის მნიშვნელობა გაითავისოს.
ეს არის გზა, არაეკლესიურ ადამიანებს ეკლესიის წიაღისკენ ვუბიძგოთ და ღვთისმშობლისადმი თაყვანისცემით გავერთიანდეთ. პატრიარქის მოწოდებაა: "ქართველნო, ერთად ღვთისაკენ!" დარწმუნებული ვარ, ამ მსვლელობით მოლოცვას დიდი მადლი­ და შედეგი მოჰყვება. ილია ჭავჭავაძე ამბობს: "ენა, მამული, სარწმუნოება". პატრიარქი კი ბრძანებს: "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი..."

- რატომ აწყურისა და ივე­რიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატები?

- ანდრია პირველწოდებული ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატით შემობრძანდა საქადაგებლად. ეს ნიშნავს, რომ თვითონ ღვთისმშობელმა იქადაგა საქართველოში. აწყურის ღვთისმშობლის ხატი სამების ტაძარშია დაბრძანებული, ხოლო ივერიის ღვთისმშობლის ხატი მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში დაბრძანდება. ის საგანგებოდ ამ ტაძრისთვის შექმნა ათონის მთაზე მამა არსენმა. მახათაზე მშენებარე ტაძართან საგანმანათლებლო ცენტრი შეიქმნება. ვცდილობთ, ეს ტაძარი ათონის ივერონის მსგავსი იყოს. პატრიარქს უამრავი ინიციატივა აქვს... დაე, შეისმინოს ღვთისმშობელმა ჩვენი ლოცვა-ვედრება და დალოცოს სრულიად საქართველო...

თორნიკე ყაჯრიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები