"ერთ-ერთ საფლავზე ჯვარიც გამოსახეს" - შინაურ ცხოველთა სასაფლაო თბილისში
"არის შემთხვევები, როცა პატრონები ყვავილებით მოდიან ცხოველების ხსოვნისთვის პატივის მისაგებად. დასაფლავებას ოჯახის სრული შემადგენლობა ესწრება, არის ცრემლიც... ერთ-ერთ საფლავზე ჯვარიც გამოსახეს, ჩვენ ამას მკაცრად ვგმობთ, რადგან მკრეხელობად მიგვაჩნია, თუმცა, ძაღლის პატრონს წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ..."

თბილისის საერთაშორისო აეროპორ­ტის ახლოს ახალი სასაფლაოა. ორი წლის წინ, დაარსებიდან თვე-ნახევარში, პირველი დაკრძალვა გაიმართა. ახლა აქ 71 ახალი საფლავია. ძვირფას ქვებზე ეპიტაფიებს ვკითხულობთ, რომ აქ განისვენებენ კარმენი, ლულუ, ელისაბედი, კომოფეი... რომ არა სახელებთან ერთად მარმარილოზე გამოსახული
პორტრეტები, უცხოელი ქალების სამარხი მეგონებოდა... კარმენი, ლულუ, ელისაბედი, კომოფეი შინაური ცხოველები არიან. აქ ძაღლები და კატები განისვენებენ. ეს სამგორის რაიონში, აფრიკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ველის საქალაქო სასაფლაოა.

ორი წლის წინ შინაური ცხოველების­ პატრონებმა თბილისის მერიას მიმართეს თხოვნით, ოთხფეხა მეგობრებისთვის სასაფლაო გაეხსნათ. მერიამაც მხარი დაუჭირა ამ
იდეას... ასე შეიქმნა საქართველოში პირველად შინაურ ცხოველთა სასაფლაო. ცხოველთა სასაფლაო ნოუჰაუა ქართულ რეალობაში, დასავლეთში კი საყვარელ ოთხფეხა მეგობრებს დიდი ხანია ძვირფას საფლავებს უწყობენ...

გარდაცვალება რომ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ყველამ იცის. ამ მხრივ არც ცხოველების დაკრძალვა ჩამორჩება ადამიანისას. ბევრს შეშურ­დებოდა ცხოველთა გრანიტისა და მარმარილოს პომპეზური საფლავები ფერადი ფოტოსურათებით, ეპიტაფიებით, თქვენ წარმოიდგინეთ, ჯვრითაც კი...

"შენ შექმენი ცხოვრების საუკეთესო მომენტები. შენ გვასწავლე უპირობო ჭეშმარიტი სიყვარული. ჩვენ ყოველდღიურად უფრო გვიყვარდები,­ ვიდრე გუშინ, ჩვენო ცხოვრების სინათლევ!" - ეს ეპიტაფია შავი მარმარილოს ქვაზე ძაღლის ფერადი ფოტოსურათის ქვემოთ არის ამოტვიფრული. ასე ემშვიდობება მგლოვიარე პატრონი ჰასკის ჯიშის კარმენს, რომელიც 2006 წლის 20 ნოემბერს დაბადებულა და ამქვეყნიური ცხოვრება 2017 წლის 21 მარტს დაუსრულებია.

როგორ ასაფლავებენ ოთხფეხა მეგობრებს, ვის უნდა მივმართოთ და რა ხარ­ჯებთან არის დაკავშირებული, ამ კითხვებზე "ჰერმესის" ადმინისტრაციის უფროსი შოთა გეთია გვპასუხობს:
- ცხოველების სასაფლაოს შექმნის იდეა მოსახლეობის მოთხოვნით გაჩნდა. ამ დრომდე მათ დასამარხავად არ არსებობდა სპეციალური ადგილი. არ შეიძლება ნაგავსაყრელზე ცხოველის გადაგდება და ამ დილემამ გააჩინა მოთხოვნა. 2016 წლის ოქტომბრიდან შევიდა ცვლილება შპს "ჰერმესის" საქმიანობაში, გამოიყო ადგილი ცხოველთა სასაფლაოსთვის და დაგვევალა ამ საქმის კოორდინაცია.
დაარსებიდან თვე-ნახევარში პირველი­ ძაღლი დავასაფლავეთ. ახლა თვეში დაახ­ლოებით 2-3 ცხოველს ვმარხავთ. ამ დრომდე 71 შინაური ცხოველია დასაფლავებული, მათ შორის, ოთხი კატა. შესაძლებელია სხვა შინაური ცხოველის დასაფლავებაც.

- რა ღირს შინაური ცხოველის დასაფლავება?

- დასაფლავების ხარჯები წონითი კატეგორიების მიხედვით არის დადგენილი: 60 კგ-მდე - 50 ლარი, 60-დან 150 კგ-მდე - 80 ლარი, 150-დან 300 კგ-მდე - 130 ლარი. გვაქვს ასევე ტრანსპორტირების და სანიტრის მომსახურებაც. ქალაქის მასშტაბით ტრანსპორტირება 50 ლარი ღირს, სანიტრის - 15 ლარი. მან უნდა შეფუთოს ლეში, ეს აუცილებელია, რადგან გარემოსთვის ზიანის მომტანია. იმარხება 60 სანტიმეტრის სიღრმეზე და ნიადაგი მყარად იხურება, რათა წვიმის შედეგად არ ჩამოირეცხოს.

- რა მოთხოვნები აქვთ ჭირისუფლებს?

- ზოგს სურდა ოთხფეხა მეგობრისთვის სამახსოვრო ქვა დაედგა და საფლავიც შემოეღობა, მაგრამ ამას დიდი ადგილი სჭირდება და ჩვენ წინააღმდეგი ვართ, თუმცა რამდენიმე ასეთი საფლავი უკვე არსებობს. ძირითადად უცხოელების გაკეთებულია იმ პირობით, რომ გარ­კვეული დროის შემდეგ გადაასვენებენ თავიანთ ქვეყნებში. შესაბამისად, ადგილებიც გამოთავისუფლდება. დაინტერესებულ პირ­ებს შორის 30% უცხოელია.
არის შემთხვევები, როცა პატრონები ყვავილებით მოდიან ცხოველების ხსოვნისთვის პატივის მისაგებად. დასაფლავებას ოჯახის სრული შემადგენლობა ესწრება, არის ცრემლიც... ერთ-ერთ საფლავზე ჯვარიც გამოსახეს, ჩვენ ამას მკაცრად ვგმობთ, რადგან მკრეხელობად მიგვაჩნია, თუმცა ძაღლის პატრონს წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ.

P.S. როგორც მესაფლავე ამბობს, შინაური ცხოველების საფლავებს ხშირად აკითხავენ ჭირისუფლები. კარმენს, ლულუს, ელისაბედს, კომოფეის და კიდევ 71 საფლავს რამდენიმე დღეში კიდევ ერთი მიემატება. მათ გვერდით გათხრილ საფლავში რომელი შინაური ცხოველი დაიდებს სამუდამო განსასვენებელს, ძნელი სათქმელია.

თორნიკე ყაჯრიშვილი
maia
27 მარტი 2018 12:59
მაგრამ ყველაფრის შეცვლას უკუღმა იწყებს.და ბოლოს, მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ ეს ქვეყანა ადამიანთა ცრუ განათლებულობამ შეიწირა.
კოტე
27 მარტი 2018 09:52
ვინ ვართ ჩვენ და რას დაგვამსგავსა ევროპამ ხალხოოოოოოოოოო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

მიხედეთ უქონლებსა და მრავალშვილიანებს, რაებს სჩადით ხალხოოოოოოოოოოოოოოოო!!!!!!!!!!!!!!!
*****
26 მარტი 2018 22:19
როგორც ჩანს შპს " ჰერმესი" ცხოველების მიმართ იმდენად ღრმა პატივისცემას გამოხატავს, რომ გადაწყვიტა ცხოველები ადამიანის სხეულის ნაწილებით დააპუროს. უპატრონო მიცვალებულთა სასაფლაოზე ილაპარაკონ ასეთი გულაჩუყებით, მყარი ნიადაგის საფარიც რომ ენანებათ მათთვის. თუმცა , მათთან ხომ ჭირისუფლებიც არ მიდიან ყვავილით ხელში. და ვერ ვხვდები რას ნიშნავს "ძაღლის პატრონს წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ" , კეთილი ინებოს და ამ პასუხისმგებლობას თუ იღებს შესაბამისი წესებიც დააწესოს, რომ ადამიანი და ძაღლი ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს. იქნებ ცოტა ხანში ვინმე შეძლებულმა საკუთარი შინაური ცხოველის სახელზე ტაძრის აშენებაც მოისურვოს, ან მეგობარი ძაღლებისთვის საქეიფოდ საჩრდილობელიც გადახუროს. აბა შესაბამისი თანხა ვერ გადაიხადოს ვინმემ , როგორ შესაბამის წინააღმდეგობას გაუწევენ ყველამ კარგად ვიცით. როგორი სამარცხვინოა ეს ყველაფერი, ქვეყანას პრიორიტეტი ვერ განუსაზღვრავს: ადამიანი თუ ცხოველი, ცოდნა თუ უცოდინრობა, სიღარიბე თუ სიღატაკე ( სიმდიდრეზე ზედმეტია საუბარი). შეიძლება ზოგი მცდელობას არ აკლებს რამე შეიცვალოს, მაგრამ ყველაფრის შეცვლას უკუღმა იწყებს.და ბოლოს, მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ ეს ქვეყანა ადამიანთა ცრუ განათლებულობამ შეიწირა.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები