ვის ჯიბეში მიდის თევზაობისთვის დაწესებული "გადასახადი" - კვირის პალიტრა

ვის ჯიბეში მიდის თევზაობისთვის დაწესებული "გადასახადი"

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკური კრიზისის გამო შეჩერებული ლისის ტბის განაშენიანება 2010 წლის ბოლოს დაიწყება. კომპანია Lisi Lake Development-ი ლისის ტბის ტერიტორიაზე საცხოვრებელ და გამაჯანსაღებელ კომპლექსებს ააშენებს.

პირველ ეტაპზე მთლიანი ტერიტორიის, 245 ჰექტარის ნაწილი - 40 ჰექტარი განაშენიანდება, რისთვისაც 6 წლის განმავლობაში 60 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯება. პროექტზე ქართველი და უცხოელი არქიტექტორები იმუშავებენ. როგორც ამბობენ, ინვესტიციები თუ სრულად არა, მეტი წილი - უცხოური იქნება. ასე ოფიციალური ინფორმაცია იტყობინება, რეალურად კი ჯერ ლისის ტბაზე ბარიც არავის დაუკრავს.

"2008 წლის თებერვალში რეკონსტრუქციისა და განვითარების ქართული კომპანია GRDC Group-ი ლისის ტბასთან საკურორტო კომპლექსის მშენებლობას იწყებს," - იუწყებოდა TBC-Group-ის პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე, მაშინ, როდესაც კომპანია TBC-Group-ში შემავალმა GRDC Group-მა ლისის ტბის ტერიტორიაზე 182 მლნ აშშ დოლარად 350 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეიძინა.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პროექტი ითვალისწინებდა ტყე-პარკის გაშენებას, სასტუმროების, კოტეჯების, გოლფის მოედნების, კაფეებისა და რესტორნების, სპორტული და საბავშვო მოედნების მშენებლობას, ასევე პლაჟისა და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციას. გარდა ამისა, იტალიელი და ავსტრიელი სპეციალისტების მონაწილეობით იგეგმებოდა საბაგირო გზის აღდგენაც.

KvirisPalitra.Geლისის ტბაზე უამრავ დამსვენებელს ნახავთ გრილ ამინდებშიც კი. ლამაზი პანორამა, სუფთა ჰაერი და სიმშვიდე უამრავ თბილისელს იზიდავს. მიუხედავად იმისა, რომ უმანქანოებისთვის ძნელად მისადგომად ითვლება, უქმე დღეებში აქ ხალხის ტევა არ არის.

მეგონა, გასული კვირის ბოლოსაც ასევე ვნახავდი ხალხმრავლობას, მაგრამ ამაოდ. 4 ივლისს ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ამერიკის საელჩოს წინასწარ დაუქირავებია თითქმის მთელი ტბა, გარდა ერთადერთი კაფე-ბარისა.

ამიტომაც პოლიციელები სიცხისგან სულმოსათქმელად მისულ დამსვენებლებს ტბასთან არ უშვებდნენ. ხალხი ძალიან გააღიზიანა აკრძალვამ. მერე რა, რომ ჩვენი მეგობარი ამერიკის საელჩო დამოუკიდებლობის დღესასწაულს ზეიმობს, ამერიკაში არავინ დაუშვებდა ტბის ან სხვა დასასვენებელი ზონის 24 საათით დაკეტვას ასეთივე მიზეზითო. მიუხედავად ხალხის გულისწყრომისა, ფეხოსანი, მოტოციკლეტიანი, ცხენოსანი და ავტომობილებით მობილიზებული ამერიკის საელჩოს დაცვის თანამშრომლები და საპატრულო პოლიციელები შეუვალნი იყვნენ.

ამის გამო ერთმა გაბრაზებულმა მოქალაქემ დაცვის თანამშრომლებს საელჩოს ხელმძღვანელობისთვის გადასაცემად დაუბარა, თქვენი შეუზღუდავი უფლებები საელჩოს შენობის ზღურბლზე მთავრდება და ნუ გვაწუხებთო. დამსვენებლები განსაკუთრებით გააღიზიანა დაცვის პოლიციის მითითებებმა, სხვაგან წადით დასასვენებლადო. მერე ვიღაცამ ისიც თქვა, აქ შეძლებული ფენებისთვის საცხოვრებელ სახლებს რომ ააშენებენ, მაშინ, ალბათ, სულ არ დაგვადგმევინებენ ფეხსო. მოკლედ, სიცხემ და აურზაურმა ისე შემაწუხა, თავი ისევ ერთადერთ ბარს შევაფარე.

აქ, საგანგებოდ დადგმული აუზის პირას გაშლილ შეზლონგებზე დილიდან საღამომდე ირუჯებიან თბილისელი თინეიჯერები. რაღა თქმა უნდა, მომსახურება ფასიანია. საღამოობით კი ზოგიერთი, ძირითადად წყვილები, ღია კინოთეატრში ფილმების სანახავად ამოდიან. გნებავთ, ხის სავარძლებში მოკალათდებით, ფერად დივანებზე წამოგორდებით, ან სულაც უზარმაზარ ტყავის ბალიშებზე გაიშოტებით და თუ საღამოს სიგრილე და ტბიდან მობერილი ნიავი შეგაწუხებთ, პლედსაც მოგაფარებთ ბარის მომსახურე პერსონალი. ფილმებს კვირაში სამჯერ უჩვენებენ.

ბარის ადმინისტრატორი ამბობს, რომ ლისის ტბა ძალიან პერსპექტიული ადგილია და ამიტომაც გასაკვირი არ იქნება, კონკურენტები თუ გამოუჩნდება. თუმცა ჯერ მხოლოდ განცხადებები ისმის იმის თაობაზე, რომ ლისის ტბა უნდა განაშენიანდეს.

სავარაუდოდ, სიმშვიდე მალე დაირღვევა - ვაშლიჯვრიდან წოდორეთის მიმართულებით მშენებარე გზის დასრულების შემდეგ ლისს კიდევ უფრო მეტი ხალხი მიაწყდება. დასასვენებელი და საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა კი აქაურობას ისევე აახმაურებს, როგორც დედაქალაქის სხვა უბნებს. თუმცა ჯერ აქ მართლა საამო სიმშვიდეა.

KvirisPalitra.Geთევზაობა ნერვებს ამშვიდებს, ლისის სიმშვიდე კი ორმაგად გვამშვიდებს და ამიტომაც ვიხდით დილიდან საღამომდე 20 ლარს, თორემ თევზს ბევრს ვერ ვიჭერთო, - მეუბნებიან მეთევზეები. თუმცა, ვის უხდიან ამ თანხას, თვითონაც არ იციან, ვიღაც ავთო თუ ზურა მოგვაკითხავს, ფულს გამოგვართმევს და მერე იდექი რამდენ ხანსაც გინდაო. ვერ ვისვენებ და ვცდილობ, ჩავეძიო, ვის ჯიბეში მიდის თევზაობისთვის დაწესებული "გადასახადი".

"ამ ტბის მფლობელს იმდენი ფული აქვს, მისთვის ოცი ლარი ფული არ არის. არა მგონია, ის აწესებდეს აქ სათევზაო ფასებს... 20 ლარი ძალიან ძვირია. თანაც დროც შეზღუდული გვაქვს და არა მარტო დრო. დასაჭერი თევზის ზომაც არ უნდა იზღუდებოდეს, თევზის რაოდენობა კი უნდა იყოს შეზღუდული (5 ცალს რომ დაიჭერ 5=-კილოგრამიანს, 4 უნდა გაუშვა, თორემ 2-3 წელიწადში აღარ დარჩება თევზი).

ჩემი აზრით, 20 ლარი იმიტომაა დაწესებული, რომ ლისის ტბის კერძო მფლობელებს არ უნდათ, ხალხმა ითევზაოს აქ. შეიძლება პირადად უნდათ თევზის რეწვა ან რამე მსგავსი ბიზნესის დაწყება", - მითხრა ერთმა.

მზემ პიკს რომ მიაღწია, მე ახალ იპოდრომს გავცდი. ცოტა ხანში აქაც დიდი მშენებლობა დაიწყება. როგორც ამბობენ, გადაწყვეტილია, შეიქმნას კავკასიაში საუკეთესო საცხენოსნო სპორტული ბაზა. მMიუხედავად სიშორისა, იპოდრომზეც იმატა ცხენოსნობის სწავლის მსურველთა რიცხვმა. თუმცა, ეს სხვა თემაა და ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ.

იმედია, მალე აქაურობა მართლაც საუკეთესო დასასვენებელ კერად იქცევა და ყოველ ფეხის ნაბიჯზე აღარ წავაწყდებით ნაგავს, რომელიც ულამაზეს პანორამასაც ამახინჯებს და ტბის სიგრილესაც უკარგავს ლაზათს, ნაგავში ხომ ვერ დაჯდები სიამოვნების მისაღებად. დასანანია, რომ საზოგადოებას მაღალი კლასის მომსახურება სურს, ნაგვის სანაგვე ურნებში ჩაყრა კი ვერ ისწავლა.