"თქვენ გაიმარჯვეთ, ტყე აღარ გასხვისდება"
19-03-2018
"თქვენ გაიმარჯვეთ, ტყე აღარ გასხვისდება"
მას შემდეგ, რაც სურამელებმა ბაინათხევის ტყის გასხვისების ამბავი შეიტყვეს, რედაქციაში­ წერი­ლი მოგვწერეს.

ამ ფოტოზე სწორედ ის ფიჭვნარია, რომელიც სურამში ჩასვლისთანავე თვალში მოგხვდება და არაერთ პატარას აჯანსაღებს. საქართველოს ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ამ ფიEჭვნარის 49 წლით გასხვისების თაობაზე ხაშურის მერიას მიმართა. სააგენტოში ტყის იჯარით აღებაზე განცხადება ადგილობრივმა ბიზნესმენმა შეიტანა. ეს ფიჭვნარი 1934 წელს ქართველმა მეტყევემ, მიხეილ მურვანიშვილმა გააშენა. იმდენად უყვარდა ეს ადგილები, ანდერძადაც კი დაიბარა, ამ ტყის პირას დამასაფლავეთო და მართლაც იქვეა
დასაფლავებული. დღეს კი სურამის ტყე ვიღაცას სათავისოდ მოუნდომებია, მანამდე კი ამ ბიზნესმენს სურამელებისაგან საიდუმ­ლოდ მოუსწრია და ეკონომიკის სამინისტროსგან ტყის ერთადერთი მდელო შეუძენია, ერთადერთი და საოცრად ლამაზი მდელო! მან მშვენივრად იცის, რა მოგებას მისცემს ეს ადგილი. ტყეს შემოღობავს და იქ აღარც ჩვენ მიგვაჭაჭანებს, აღარც ჩვენს დამსვენებელს.
ვიცით, რომ ამ საქმით პირველ რიგში, ხაშურის მერიაა დაინტერესებული, მაგათ მისცეს გზა ბითაძეს - შენ სატყეო სააგენტოში შეიტანე განცხადება, მერე ჩვენ ვიცითო! მაგრამ მათაც იცოდნენ, რომ ამ ტყის ამბავს სურამელები ასე არ დატოვებდნენ, ამიტომ თავი დაიზღვიეს და სურამის რწმუნებული დაიბარეს, როგორც გინდა, ამ ხალხის ხელმოწერები მოგვიტანე, თუ არადა, სამსახურიდან გაგაგდებთო! ამ კაცმა კი - რაც გინდათ, ის ქენით, 49 წელიწადი შვილთაშვილის­ საგინებლად არ გავიხდი თავსო! ასე აღმოჩნდა საჯარო რეესტრის ნახაზი ჩვენს ხელში, სადაც ბითაძეს 5 ჰექტარი ტყე აქვს შემოხაზული!"
"კვირის პალიტრა" ხაშურის მერიას დაუკავშირდა.

- სატყეო სააგენტომ მოგვმა­რთა ბიზნესმენ ბითაძისთვის ტყის იჯარით­ გადაცემის თხოვნით, თუმცა, ჯერ მოსახლეობის განწყობა­ უნდა შეგვესწავლა და მერე გაგვეცა თანხმობა.

- მოსახლეობა ამბობს, რომ საჯარო რეესტრის რუკაზე ტყის ხუთჰექტარიანი მონაკვეთი უკვე მონიშნულია გასასხვისებლად. ეს ისე გაკეთდა, მათ არაფერი იცოდნენ.

- ეს იჯარის მსურვე­ლის განცხადების საფუძველზე გაკეთდა, რასაც კანონმდებლობა­ ითვალისწინებს, თუმცა, მოსახლ­ეობა წინა­აღმ­დ­ეგია და ამბობენ, რომ ამის გამო ეს საკითხი შეჩერდება.

- ვინ ამბობს?

- სატყეო სააგენტოს მიმართეთ, მათ იციან...

ჩვენ დავუკავშირდით სატყეო სააგენტოს უფროსის­ მოადგილე ნათი იორდანიშვილს:
- მამია ბითაძემ შარშან მოგვმართა. სააგენტოს კანონმდებ­ლობით აქვს ტყის მასივების იჯარით გასხვისების უფლება, თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის აზრს ვითვალისწინებთ. ხაშურის მერიას მივმართეთ, რომელიც მოსახლეობას დაეკითხა და განცხადება აღარ დაკმაყოფილდება...

ასე რომ, სურამელების გასახარად გვინდა ვთქვათ, თქვენ გაიმარჯვეთ, ტყე აღარ გასხვისდება.

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები