"ყველა დამწყებმა მსაჯმა უნდა გაითვალისწინოს: მთავარია, არ გაიფუჭო სახელი!" - კვირის პალიტრა

"ყველა დამწყებმა მსაჯმა უნდა გაითვალისწინოს: მთავარია, არ გაიფუჭო სახელი!"

"მე მსაჯი ვიყავი, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ ადამიანი, რომლის სხვებთან ურთიერთობა სასტვენით იწყებოდა და საფინალო სასტვენით მთავრდებოდა - მე ფეხბურთშიც პიროვნებები და მათთან ურთიერთობა მაინტერესებდა"

ცხოვრების ნახევარი ფეხბურთის სტადიონზე გაატარა. მსაჯი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი, მევლუდ მიმინოშვილი მალე 81 წლის გახდება. 60-იანი წლებიდან კარიერის დასრულებამდე განვლილი გზა წიგნად აკინძა. 90-იან წლებში ავტოკატასტროფაში მოყოლის შემდეგ კარიერის მიტოვება მოუხდა. გული სწყდება, რომ ფეხბურთის ფედერაციამ მისთვის ერთი საშვი ვერ გაიმეტა, რითაც თბილისში ფეხბურთის მატჩებზე დასწრებას შეძლებდა. სწორედ ამის გამო დიდი ხანია სტადიონზე ფეხბურთის საყურებლად აღარ ყოფილა.

- არ ყოფილა მატჩი, არ მინახავს ქალაქი, რომლის შემდეგაც ჩანაწერი არ გამეკეთებინოს. სულ სამმა სქელმა რვეულმა დაიტია ჩემი მოგონებები. რამდენი რამე დამავიწყდებოდა, ჩანაწერები რომ არ მეწარმოებინა. ცხოვრებაში ბევრი რამ ვნახე - სიხარულიც და მწუხარებაც, მიწევდა ურთიერთობა ჭრელ საზოგადოებასთან, მაგრამ მას შემდეგ, რაც მსაჯობას თავი დავანებე, წამითაც არ მეპარება ეჭვი ერთ რამეში: მე სწორი არჩევანი გავაკეთე. მსაჯი ვიყავი, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ ადამიანი, რომლის სხვებთან ურთიერთობა სასტვენით იწყებოდა და საფინალო სასტვენით მთავრდებოდა - მე ფეხბურთშიც პიროვნებები და მათთან ურთიერთობა მაინტერესებდა. ცხოვრებამ საოცარ ადამიანებს დამაახლოვა, ნოდარ ახალკაცი, ვალერი ლობანოვსკი, ევგენი ლეონოვი, ნიკოლაი ოზეროვი, მიხეილ იაკუშინი, ვალენტინ ივანოვი, ნიკოლაი ლატიშევი, კონსტანტინ ბესკოვი, ისინი არაჩვეულებრივები იყვნენ.

ასე დაიწყო ყველაფერი...

- 13 წლისამ აბაშიდან თბილისში წამოსვლა გადავწყვიტე, თან უფროსი და გამომყვა. როცა სადგურიდან გამოსულმა ტრამვაი დავინახე, ვიფიქრე, სახლები დადიან-მეთქი. მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში ჩავაბარე. სასწავლებელში სპორტს უდიდეს ყურადღებას აქცევდნენ, ფიზკულტურას ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ლევ კაპიტონოვი გვასწავლიდა. მაშინდელი ფეხბურთელები ლეგენდები იყვნენ - პაიჭაძის, ჯეჯელავას, ღოღობერიძისა და სხვა დიდებული ვარსკვლავების ნაკვალევზეც ისეთი ოსტატები წამოვიდნენ, ხალხი ფეხბურთის მოლოდინში ათენებდა და აღამებდა. 1964 წელი ის წელიწადია, როცა თბილისის "დინამომ", ბოლოს და ბოლოს, აისრულა საწადელი და 18 ნოემბერს ტაშკენტში მოსკოვის "ტორპედოსთან" გამართულ "ოქროს მატჩში 4:1 გამარჯვების მერე არსებობის ისტორიაში პირველად დაეუფლა სსრკ-ის ჩემპიონატის ოქროს მედლებს. ის სეზონი "დინამოში" მწვრთნელად მიხაილ იაკუშინმა დაიწყო, მერე კი გავრილ კაჩალინმა განაგრძო და მართლაც დიდებული გუნდი შექმნეს. ხალხი კალენდარულ მატჩზე დასასწრები ბილეთებისა და საშვების მოსაპოვებლად რა ხერხს არ მიმართავდა და არც მე ვიყავი გამონაკლისი. ჩემს მეზობლად ცხოვრობდა რობერტ გურგენიძე - ფეხბურთში რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი და მოწმობა ჰქონდა, რომელიც მწვანე შუქს უნთებდა სტადიონზე შესასვლელად. სწორედ მან მირჩია, თუ სამსაჯო სემინარებზე ივლი, ადრე თუ გვიან, შენც მოგცემენ მოწმობასო. რა ვიცოდი, თურმე იმ კაცის პირით ბედისწერა მელაპარაკებოდა.

პირველი მატჩი

- მაშინ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ასე ეკლიანი იქნებოდა მსაჯის გზა... ძალიან მალე მომეცა პირველი მატჩის მსაჯობის საშუალება. ეს მოხდა 1964 წლის გაზაფხულზე, ეგრეთ წოდებულ "სუკონკაზე". იმ დროს და იმ მოედანზე აიდგა ფეხი საფეხბურთო მსაჯმა მევლუდ მიმინოშვილმა. მართალია, მაშინ ლაინსმენად"ვიმუშავე"და საბოლოოდ კი მინდვრის არბიტრი გავხდი, სწორედ "სუკონკაზე" შეხვედრაზე ჩაეყარა საფუძველი ჩემს კარიერას. მას მერე დაიწყო სხვადასხვა ტურნირი და ბოლოს, რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯობის მონიჭებიდან ორი წლის შემდეგ, დავიწყე ე.წ. ბ კლასის მატჩების მსაჯობა. საკავშირო მასშტაბის მატჩებში მსაჯობის უფლება 1974 წლიდან მომცეს. ზუსტად ოთხი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ 1978 წელს საკავშირო კატეგორიის არბიტრის წოდება მოენიჭებინათ. რაც შეეხება საერთაშორისო მატჩს, ის ოლიმპიური პროგრამის ეგიდით გაიმართა 1983 წლის 12 ნოემბერს და მასში გერმანიის დემოკრატიულმა ნაკრებმა ნორვეგიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა. სამსაჯო კარიერის 40 წლის განმავლობაში გამოვცადე ევროპის, მსოფლიოსა თუ ოლიმპიური ასპარეზობების მატჩები და გავხდი მესამე ქართველი არბიტრი, რომელსაც ფიფას რეფერის წოდება მიენიჭა. საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის რანგი იმ დროს ერთეულთა ხვედრი იყო. "

ლეგენდარული ლეონოვი და "მიმინო"

ეს ამბავი მოსკოვში, "ტორპედოს" მეორე მწვრთნელის ოჯახში მოხდა. მოსკოვის "ტორპედოს" თავგადაკლულ გულშემატკივარს, ცნობილ საბჭოთა მსახიობ ევგენი ლეონოვს "ტორპედოს" მწვრთნელმა ვალენტინ ივანოვმა სუფრაზე ჩემი თავი წარუდგინა, ეს მსაჯი საქართველოდანააო. ლეონოვმა მაშინვე გააჩერა, უშენოდაც კარგად ვიცი, ვინ არის და რა გვარია, მე მარტო ფეხბურთელებს კი არ ვიცნობო. მას მერე ძალიან ხშირად ვეხმიანებოდით ერთმანეთს. ის კი არა, მატჩის დროს მიყვიროდა, ვოვა, იცოდე, აქა ვარ და მატჩის მერე შევხვდებითო. სწორედ მან შემარქვა მეტსახელად "მიმინო". ძალიან ხალისიანი კაცი იყო, უყვარდა ქეიფი და შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ "ტორპედოს" საერთო საცხოვრებელში, ჩემს ლუქსში დროს ტარება მოეწყო. მოდიოდა და მოჰყავდა ულამაზესი არტისტი ქალები, მე უხერხულ მდგომარეობაში ვვარდებოდი... ის კი გულიანი ღიმილით მეტყოდა: შენ მაგაზე ნუ ინერვიულებ, ეგენი ორი რამისთვის არიან გაჩენილი - საქმისა და სიყვარულისთვის, ასე რომ, საქმეს მიხედე "მიმინოო"..."

უსიამოვნო მატჩი

- მატჩი, რომელიც უნდა გავიხსენო, "ფაჰთაქორსა" და "დნეპრს" შორის გაიმართა. პირველი ტაიმი 0:0 დამთავრდა, მაგრამ მეორე ტაიმში სტუმრებმა, დნეპროპეტროვსკელებმა, ბურთი გაიტანეს და დაწინაურდნენ. ცოტა მოგვიანებით ტაშკენტელთა კაპიტანმა იაკუბიკმა გოლი თამაშგარედან გაიტანა, მაგრამ, ბუნებრივია, არ ჩავთვალეთ და აბა, იქ ატყდა ორომტრიალი. ტრიბუნიდან საგნების სროლას ის მოჰყვა, რომ "დნეპრის" გუნდის ცალხელა უფროსს დიდი ჭიქა მოარტყეს თავში. კაცმა გონება დაკარგა, თამაში შეჩერდა და სტუმარი სასწრაფოთი საავადმყოფოში გადაიყვანეს...

ეროვნული ჩემპიონატის პირველ მატჩს ზვიად გამსახურდია ესწრებოდა

- მსაჯობა თუნდაც იმიტომ ღირდა, რომ ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩის მსაჯობის პატივი მერგო წილად. როგორც დაითვალეს, თბილისის "დინამოსა" და ფოთის "კოლხეთის" თამაშს 90 000 გულშემატკივარი ესწრებოდა. მატჩზე იყვნენ ბატონი ზვიად გამსახურდია და ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერები. შეხვედრა მოულოდნელი შედეგით, ფოთელების გამარჯვებით 1:0 დამთავრდა."

გულისტკივილი

- ის, რაც დღეს ჩვენს ფეხბურთში ხდება, აჩრდილიღაა ძველი ქართული ფეხბურთისა, რომელმაც მარტო საქართველოს კი არა, მსოფლიოს მისცა უდიდესი კლასის ფეხბურთელები. არ შემიძლია არ შევეხო საკითხს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთისთვის - ეს არის მსაჯების მოსყიდვის, მათზე ზეგავლენის მოხდენის ხერხები. ყველა დამწყებმა მსაჯმა უნდა გაითვალისწინოს ერთი რამ: მთავარია, ზეწოლას გაუძლო პირველ ხანებში, არ გაიფუჭო სახელი და მერე ყველაფერი გაიოლდება. მერე ზედმეტს ვერავინ გაკადრებს, შეცდომასაც ადვილად გაპატიებენ და სხვებსაც მოუყვებიან.

თორნიკე ყაჯრიშვილი