რა აჩუქეს პუტინს ქართველებმა - კვირის პალიტრა

რა აჩუქეს პუტინს ქართველებმა

გიორგი თოდუა: "ეს ამაზრზენი იყო... სულ ვფიქრობ, როგორ დაბრუნდებიან საქართველოში"

"გული მტკივა, რაც ახლა უნდა ვთქვა, მაგრამ უთქმელობაც არ შეიძლება და ამას აქ, რუსეთში ცხოვრებისას ყველაზე კარგად ვხვდები. მეც ვუყურებ ამ ყველაფერს და კედლებს ვაწყდები", - ასე ემოციურად გამოეხმაურა სანქტ-პეტერბურგში მცხოვრები ქართველი მომღერალი გიორგი თოდუა რუსეთში წინასაარჩევნო კამპანიას, რომელშიც ქართველებმა ვლადიმირ პუტინს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

- 14 მარტს ქართულმა სათვისტომო "ივერიამ" სანქტ-პეტერბურგში, ქართულ ეკლესიაში, პუტინის ოფიციალურ წარმომადგენელს უმასპინძლა. ეს იყო წინასაარჩევნო შეხვედრა - გულთბილი და ემოციური. ჩვენი სათვისტომოს წარმომადგენლებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს პუტინს და საჩუქრები გადასცეს. საპასუხო საჩუქრებიც მიიღეს - წიგნი ვლადიმირ პუტინზე, რომელსაც, ალბათ, სასოებით შეინახავენ ოჯახებში. საინტერესოა, რას ეტყვიან შვილიშვილებს, ვინ იყო ეს კაციო?!

- ამას თქვენც შეესწარით?

- დიახ, ეს ამაზრზენი და უკიდურესად მიუღებელი სურათი თავად ვნახე და იმდენად შეურაცხყოფილი დავრჩი, მე და რამდენიმე ჩემი ახლობელი გარეთ გამოვედით. არადა, ეს არის ეკლესია, სადაც მოვინათლე, მთელი ბავშვობა გავატარე, ვგალობდი და ხშირად დილიდან საღამომდე იქ ვიყავი. ყველანაირი სურვილი ჩამიკლეს, რომ იქ კიდევ მივიდე და იმ ადამიანების გვერდით ვილოცო, ქართველობას რომ იბრალებენ. ამას ვამბობ უდიდესი გულისტკივილით და იმედგაცრუებით. ის დღე იმ "სპექტაკლში" მონაწილე ყველა ქართველს დაღივით დაედება. სულ ვფიქრობ, როგორ დაბრუნდებიან საქართველოში?! მაინც ხავსს ვებღაუჭები - ალბათ, საკუთარი ინტერესების გამო ასეთ უღირსობაზეც მიდიან.

შარშან კავკასიის ფესტივალში სანქტ-პეტერბურგში აქაური ქართული ცეკვის ანსამბლები მონაწილეობდნენ. მე და ჩემი მეგობრებიც მიგვიწვიეს. კონცერტის მსვლელობისას გაირკვა, რომ აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთი ოსეთი ცალ-ცალკე რესპუბლიკებად უნდა გამოეცხადებინათ. როგორც კი ეს გავიგეთ, პროტესტის ნიშნად ღონისძიება დავტოვეთ.

- ვინ იყო ფესტივალის ორგანიზატორი?

- ადგილობრივი ქართველი, რომელიც, რა თქმა უნდა, ყველაფრის საქმის კურსში იყო. ეს არის ყველაზე მტკივნეული, ყველაფერში ქართველის ხელი ურევია. პირადი ინტერესებისა და სხვადასხვა მიზეზის გამო ბევრი დუმს. ვისაც უნდა გაჩუმდეს, მე ვერ გავჩუმდები! მშობლიურ აფხაზეთში ქართული ფოლკლორის შესრულებისთვის აფხაზებმა მოღალატედ გამომაცხადეს და მარიას თეატრიდან ჩემს გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა, საბედნიეროდ, ვაგრძელებ აქ მუშაობას.

- ფესტივალის ამბები არ გაგიპროტესტებიათ?

- როგორ არა - ქართველების შეხვედრაზე გამოვთქვით პროტესტი მე და ჩემმა მეგობრებმა. ვეცადეთ, გაგვერკვია, რომელ ჭკუათამყოფელს მოუვიდა ეს აზრი თავში და წარმოიდგინეთ, ამის შემდეგ ქართულ ეკლესიაში მე და ჩემი თანამოაზრეები ქადაგებისას მოღალატეებად გამოგვაცხადეს.

- რატომ?

- არ ვიცი, როგორც ჩანს, ვიღაცებს არასწორად მიაწოდეს ინფორმაცია. შემდეგ ტაძრის წინამძღოლმა საჯაროდ ბოდიში მოიხადა. ყველაფრის მიუხედავად, დღემდე ფესტივალის ორგანიზატორი სრული მხარდაჭერით სარგებლობს.

ასეთი ფაქტი არაერთია და ეს მაფიქრებინებს, რომ აქაური ქართველები ძალიან ცუდად აღიქვამენ რეალობას. მე, 20 წლის ბიჭი, არ უნდა ვუმტკიცებდე 50 წლის კაცს, რა ზიანი მოუყენებია რუსეთს ჩვენთვის. ბოლოს და ბოლოს, მეც აქ ვცხოვრობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ღირსებაზე ვთქვა უარი. ასე აჩვენებს ზოგიერთი თავს ადგილობრივ ხელისუფლებას, ერთგულებას უმტკიცებს, თანაც ყველას სახელით. ახლაც ასე იყო, 14 მარტს მთელი ქართველობის სახელით უცხადებდნენ პუტინს მხარდაჭერას. იმათაც სჯერათ, ან უნდათ, დაიჯერონ, რომ საქართველოში ყველას თუ არა, ნახევარზე მეტს რუსეთთან უნდა. მათი ხმა ისმის, ჩემი და ჩემნაირების - არა.

"სხვა რომ აირჩიონ, რუსეთში ცხოვრება შეუძლებელი იქნება"

პუტინის მხარდასაჭერად რუსული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა სიმღერა ჩაწერეს სახელწოდებით "გზამკვლევი ვარსკვლავი". რუს მომღერლებთან ერთად ვიდეორგოლში ქართველი ქეთა თოფურიაც მონაწილეობს.

სიმღერა Putin Team-ის ("პუტინის გუნდი") ინიციატივით ჩაწერეს და მის არაოფიციალურ ჰიმნად არის აღიარებული. სიმღერის პათოსი ასეთია: "ერთად უნდა ვიყოთ, რადგან ერთად მეტს მივაღწევთ"... Putin Team-ის მიზანია გააერთიანოს ის ადამიანები, რომლებიც რუსეთით ამაყობენ და მხარს უჭერენ პრეზიდენტს.

ქეთა თოფურია: "ხალხო, ბრმა კლოუნები ხართ. დედასაქართველოს სააკაშვილმა უტირა დედა და არა პუტინმა, პირადად მაინც არ ვიცნობდე იმ გიჟს... სულ ვცდილობ პოლიტიკისგან შორს ვიყო, მაგრამ ისეთი რეაქცია მოჰყვა ჩემს განცხადებას, წადით არჩევნებზე-მეთქი, რომ ძალიან გავბრაზდი. იქნებ იმას ვგულისხმობდი, რომ წადით და პუტინისგან დაიხსენით თავი-მეთქი? იმასაც ვერ ხვდებით, თუ არ წავლენ, უფრო გაუადვილდებათ გაყალბება! კი არ მეშინია ჩემი პოზიციის, ყველას გაგაგებინებთ - ჩემი აზრით, სხვა რომ აირჩიონ, რუსეთში ცხოვრება შეუძლებელი იქნება, ისეთი ამბავი ატყდება, არც დაგესიზმრებათ, 2008 წელი სიზმარი იქნება. ამიტომ, სანამ რამეს დაწერთ, გაერკვიეთ მაინც".

"პუტინს არ წაურთმევია აფხაზეთი!"

დათო ხუჯაძე, მომღერალი: "თუ ადამიანმა თავისი აზრი გამოხატა, ეს პოლიტიკური განცხადებაა?! თქვენ არ იცნობთ რეალობას. რუსეთში ჩასვლა-ჩამოსვლა სხვა რაღაცაა. მე რუსეთის მოქალაქე ვარ და იქ ვცხოვრობდი...

ჩვენთვის პუტინს არ წაურთმევია აფხაზეთი! როდის დაიწყო ეს? გემახსოვრებათ, ალბათ. მანამდე ვინ წაგვართვა? იმ კაცს, ვისაც არ წაურთმევია, ვთხოვთ, რომ რაღაც მოგვცეს".

ლალი პაპასკირი