როგორ მოვხვდი უმაღლესში - კვირის პალიტრა

როგორ მოვხვდი უმაღლესში

მისაღები გამოცდები დაიწყო და გადავწყვიტე, ამ თემაზე ერთ სახალისო ამბავს მოგიყვეთ. სახალისო ახლაა, თორემ მაშინ სულაც არ ვიყავი სიცილის გუნებაზე.

მოკლედ, 1994 წელი იდგა. არეული დრო. ბათუმის მეექვსე საშუალო სკოლა დავამთავრე. იქვე, სკოლის გვერდით, დგას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჰოდა, მეც სხვაგან სად წავიდოდი? სასწავლებელი კი შევარჩიე, მაგრამ ფაკულტეტი - ვერა. მთავარი პრობლემა ის იყო, რომ არც ერთ საგანში არ ვიყავი მომზადებული, რეპეტიტორი რა იყო, არც ვიცოდი. იმიტომ კი არა, რომ ძალიან ნიჭიერი გახლდით და არ მჭირდებოდა, ჩემს მშობლებს ამის საშუალება არ ჰქონდათ. მივედი უნივერსიტეტში. ფაკულტეტების ჩამონათვალს ვათვალიერებ. თავიდან იურიდიული ფაკულტეტის ძებნა დავიწყე.

მაშინ ისე ვიყავი დეტექტიური ლიტერატურით გატაცებული, რომ უსიკვდილოდ მინდოდა, გამომძიებელი გამოვსულიყავი. აღმოჩნდა, რომ იურიდიული უფასო სექტორზე არ იყო. მოვძებნე ჟურნალისტიკა, აქაც იგივე - მხოლოდ ფასიანი. სამდივნოში ორი სანდომიანი კაცი ზის და მიყურებს. ბოლოს ჩემს წვალებას ვეღარ გაუძლეს და მკითხეს, რას შვრები, რაზე აბარებო. ვუთხარი, არ ვიცი, აგერ ფილოლოგიური და ეკონომიკური (ჩემთვის საინტერესო სხვა ფაკულტეტი უფასოზე ვერ ვიპოვე) შევარჩიე და ვერ გადავწყვიტე, საბუთები რომელზე შევიტანო-მეთქი.

ხომ წარმოგიდგენიათ იმ კაცების გაკვირვებული სახეები? სად ფილოლოგიური და სად ეკონომიკური! შვილო, მითხრა ერთ-ერთმა, რომელ საგნებშიც მზად ხარ, ის ფაკულტეტი უნდა შეარჩიოო. ბატონო, მზად არც ერთში არა ვარ-მეთქი, ვუპასუხე. მთლად გადაირია, თავის მეგობარს ეუბნება: მაინც კარგია, ბავშვი თავისი პირით რომ ამბობს, მზად არა ვარო. მაშინ, მეუბნება ისევ ის კაცი, იმ ფაკულტეტზე ჩააბარე, საითკენაც გული უფრო მიგიწევსო. ვეუბნები, მე გული იურიდიულისკენ მიმიწევს, მაგრამ ფასიანია და საფასურს ვერ გადავიხდი-მეთქი. კიდევ უფრო გადაირია ის კაცი. ამას ფულიც არ ჰქონია და ნეტა რისი იმედი აქვსო. ბოლოს მითხრა, აბა, სულერთია, რომელს აირჩევო. მეც ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ ფილოლოგიური ჩავწერე.

პირველი გამოცდა წერაა. ჩამოვიარე მეზობლები, ნათესავები. გამოვიტენე ჯიბეები შპარგალკებით და ასე გამოვცხადდი გამოცდაზე. სულ ტყუილად. არც ერთი არ მოვიდა ისეთი, რომელიც ჩემს შპარგალკებში იყო. სხვა რა გზა მქონდა, თავისუფალი თემა უნდა დამეწერა. ათბალიანი სისტემით ექვსი ქულა მივიღე. ამაზე დაბალი ქულა უკვე გამოვარდნას ნიშნავდა. მოკლედ, წკიპზე გადავრჩი, მეორე გამოცდა ზეპირი იყო. ბედი არ გინდა, გამოცდაზე ოთხი საკითხიდან ერთი ისეთი შემხვდა, რომელიც სკოლაში არც გვისწავლია, მასწავლებელი ამ გაკვეთილს "გადაახტა."

ეს ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა" იყო. სიტუაციას ისიც ამძიმებდა, რომ ფილმიც კი არ მქონდა ნანახი, შინაარსი მაინც რომ მცოდნოდა. მარტო ის ვიცოდი, რომ მამა შვილს კლავდა. პირველი სამი საკითხი კი მოვყევი, მაგრამ "ხევისბერზე" გავიჭედე. შვილი მოკლა, შვილი მოკლა-მეთქი, ჩავიხვიე მიჩურინის ვაშლივით... მდგომარეობიდან კომისიის თავმჯდომარემ გამომიყვანა: ერთი ბიჭია მაინც და მოდი, დავუწეროთ ექვსიანი, გოგოებს ობლად ნუ დავტოვებთო. კომისიის სხვა წევრებმაც უსიტყვოდ გაუგეს თავმჯდომარეს და კიდევ ერთი უდაბლესი ქულა ჯიბეში მედო.

ყველაზე იოლად ისტორიის გამოცდა ჩავაბარე, შვიდიანი მივიღე, მაგრამ მთავარი საშინელება წინ მელოდა - უცხო ენის გამოცდა. ეს ის საგანია, რომელშიც ყველაზე მეტად გჭირდება რეპეტიტორთან მომზადება. მდგომარეობას მხოლოდ ის ამსუბუქებდა, რომ პირველ ორ გამოცდაზე იმდენი ორიანი დაიწერა, ბოლო გამოცდაზე გასაგდები აღარავინ დარჩა. ზუსტად იმდენი ვიყავით დარჩენილი, რამდენი ადგილიც ჰქონდათ. ამიტომ გამომცდელმა მკითხა, ფრანგულად კითხვა იციო? კი-მეთქი. წაიკითხეო. წავიკითხე. აჰა, შენ ექვსიანი და იცოდე, სექტემბერში რომ მოხვალ, უცხო ენად ფრანგული არ აირჩიო, ჩემს ჯგუფში არ დაგინახოო.

ბუნებრივია, რომ არა რამდენიმე ფაქტორის ბედნიერი დამთხვევა და რამდენიმე  კეთილი ადამიანი, უმაღლესი განათლების გარეშე დავრჩებოდი. იმ სისტემაში შანსი არ მექნებოდა. არადა, მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესში, ალბათ, ყველაზე დაბალი ქულებით მოვხვდი, თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი: კურსზე ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი ვიყავი. როდესაც ახალ საგამოცდო სისტემაზე ვფიქრობ, საკუთარ თავს ყოველთვის ერთ შეკითხვას ვუსვამ: იმ დროს რომ ეროვნული გამოცდები ყოფილიყო, მექნებოდა თუ არა შანსი? ალბათ, არა.

უდავოა, ახალი სისტემა ძველს სჯობია, მაგრამ სამართლიანი მაინც ვერ არის. სამართლიანი მაშინ იქნება, როდესაც ბავშვი შეძლებს სკოლაში ისეთი ცოდნის მიღებას, რომ ურეპეტიტოროდ მიიღოს მაღალი ქულები და შესაბამისად, დაფინანსება. დღეს გამოდის, რომ დაფინანსებას ის მიიღებს, ვის მშობელსაც ისედაც ბევრი ფული აქვს და შვილი, მაგალითად, უცხო ენის კარგ რეპეტიტორთან ატარა.