საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბიში "რაგბი ევროპის" ჩემპიონია - კვირის პალიტრა

საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბიში "რაგბი ევროპის" ჩემპიონია

საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბიში "რაგბი ევროპის" ჩემპიონია. "ბორჯღალოსნებმა" რუმინეთის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 25:16 დაამარცხეს და "რაგბი ევროპის" ტიტულთან ერთად საქართველოსა და რუმინეთს შორის საზიარო ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასსაც დაეუფლნენ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კოკი თხილაიშვილი გახდა. ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში ხუთი თამაშიდან ხუთივე მოიგეს და სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურზე დაასრულეს გათამაშება.

სულ რუმინეთი დღემდე 21 შეხვედრიდან 11-ჯერ დავამარცხეთ, 9-ჯერ მეტოქემ იმარჯვა, ხოლო ერთი მატჩი ფრედ დასრულდა. ლელოთა თანაფარდობა 34/30-ზეა ჩვენს სასარგებლოდ, ქულების - 392:356.

ქართველი მორაგბეები რაგბი ევროპის ფინალურ მატჩზე თეთრი მაისურებით გამოვიდნენ, რომელზეც ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის გვარი ეწერა.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"