"მუდმივად ხატვა ლიკას გარდაცვალების შემდეგ დავიწყე" - კვირის პალიტრა

"მუდმივად ხატვა ლიკას გარდაცვალების შემდეგ დავიწყე"

15 მარტს გალერეა IART-ში გაიხსნა მაკა ნაცვლიშვილის ნახატების გამოფენა, რომელიც ხელოვანმა მეგობარსა და გამოფენის შთაგონების წყაროს, მსახიობ ლიკა ქავჟარაძეს მიუძღვნა. დინი ვირსალაძისა და ვალერიან შიუკაშვილის საშემსრულებლო ოსტატობამ საოცარი გამოფენა ხელოვნების ზეიმად გადააქცია. "საზოგადოება მიცნობს როგორც დიზაინერს, როგორც მხატვარს, მხოლოდ მეგობრები და ახლობლები მიცნობდნენ. ხანდახან მაბრაზებდა კიდეც მათი ნათქვამი, რომ უფრო კარგი მხატვარი ვარ, ვიდრე დიზაინერი", - ამბობს მაკა ნაცვლიშვილი.

მას დიდი ხანი დასჭირდა გადაწყვეტილებამდე, რომ სხვადასხვა პერიოდში შექმნილი გრაფიკა, ფერწერა, პოპარტი, კოლაჟი და ვინტაჟური კოსტიუმები გალერეაში გამოეფინა და ფართო საზოგადოებისთვის წარედგინა.

"მუდმივად ხატვა ლიკას გარდაცვალების შემდეგ დავიწყე. მე და ლიკა სკოლიდან ვმეგობრობდით. მერე მოდის სახლ "ირიდაშიც" ერთად ვიყავით. ლიკა ყოველთვის არაორდინარული იყო, საოცრად საყვარელი... ბევრი კოსტიუმი მაქვს შექმნილი მისთვის, რომლებიც ცხოვრებაშიც ეცვა, პოდიუმზეც და კინოგადაღებების დროსაც. გარდაცვალებამდე ლიკას ვარსკვლავის გახსნა და გამოფენის გამართვა იგეგმებოდა. ისე ვემზადებოდით ამ დღისთვის... ბოლო ნახვაც მახსოვს მისი - ზაზა კოლელიშვილმა გამოგვიარა, ლიკას ნამუშევრები ჩავალაგეთ და სახელოსნოში წავიღეთ ჩარჩოებში ჩასასმელად... გამოფენა კი ლიკას გარეშე გაიხსნა. მისი გარდაცვალებიდან 40 დღეში შევქმენი ამ გამოფენის ცენტრალური ნახატი - ლიკას პორტრეტი. ეს გამოფენა ლიკამ შთამაგონა, ამიტომაც მივუძღვენი მას.

ნანა შონია, მსახიობი: - ძალიან კარგი გამოფენაა. იცით, რა მომწონს? სხვადასხვა ფერისა და სტილის ნამუშევრები რომაა თავმოყრილი, თითქოს ერთი ავტორის არც არის, რაც მაკას ნიჭის მრავალფეროვნებაზე მეტყველებს. ძალიან გულის ამაჩუყებელია ლიკას პორტრეტი და ის, რომ გამოფენა ლიკა ქავჟარაძის ხსოვნას ეძღვნება. ამისთვის დიდ მადლობას მოვახსენებ მაკას ჩემი თაობის სახელით.

დინი ვირსალაძე, პიანისტი: - ამ ნამუშევრებიდან არაერთი მაქვს ნანახი მაკას სახლში და ერთ-ერთი ვარ მათ შორის, ვინც გამუდმებით ჩავჩიჩინებდი, გამოფენა გამართე-მეთქი. ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, როგორც იქნა, გაიმართა. ჩემი აზრით, მთავარი ნამუშევარი ლიკას პორტრეტია. მასში არა მხოლოდ მსგავსებაა ლიკასთან, მისი ხასიათია დაჭერილი, მისტიკურიცაა... ლიკასთან დიდი მეგობრობა აკავშირებდა მაკას და ეტყობა, ასე გამოხატა მონატრება...

ია ბოკუჩავა, გალერისტი: - მაკას ვიცნობ როგორც ნიჭიერ, კრეატიულ დიზაინერს, მაგრამ მისი მხატვრობის შესახებ არაფერი ვიცოდი. ჩვენს გალერეაში ერთ-ერთი გამოფენისას ცნობილმა მხატვარმა ვლადიმერ კანდელაკმა, რომელიც მაკას პედაგოგია, მირჩია, მენახა მაკას ნამუშევრები, რამდენიმე პოპარტი - ლამაზი და ფერადოვანი, მერე კი გრაფიკული ნამუშევრები, რომელზეც, როგორც გალერისტმა, დიდი აქცენტი გავაკეთე. ურთულესი გრაფიკული ნამუშევრებია, ძალიან დატვირთული ხაზითაც და ფერითაც.

ლიკას პორტრეტში რაღაც მისტიკურს ვხედავ და არც მიკვირს, ვინაიდან მაკასთვის ლიკა არ არის სარეკლამო სახელი. ლიკას იმიჯით შთაგონებული უამრავი კოსტიუმი აქვს შექმნილი. მის ცხოვრებას ყოველთვის დაჰყვებოდა ეს სახელი, მერე კი ცხოვრებიდან ნამუშევრებში გადაინაცვლა. ეს გამოფენა ლიკას ეძღვნება.

იხილეთ ასევე: „თავის დროზე ვერ შევძელი, დედა და შვილი მიმეტოვებინა. ახლა სადღა წავალ...” - ლიკა ქავჟარაძის უკანასკნელი ინტერვიუ

ეკა სალაღაია