აჩიკოს დაბრუნება - "ვაჟკაცი შვილი ვაჩუქე ქვეყანას" - კვირის პალიტრა

აჩიკოს დაბრუნება - "ვაჟკაცი შვილი ვაჩუქე ქვეყანას"

26-დღიანი ტკივილიანი მოლოდინი დასრულდა. ყოფილი სამხედროს, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახმა შვილი დაიბრუნა. ის ოკუპაციური რეჟიმის მორიგი მსხვერპლია.

მისი ცხედარის დაბრუნება წითელი ჯვრის დახმარებით მოხდა, ის წილკანში, ოჯახში "დაბრუნებამდე" თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. (იხილეთ)

არაოფიციალური ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს.

35 წლის არჩილი 22 თებერვალს, ახალგორში ორ სხვა ქართველთან ერთად დააკავეს, 23 თებერვალს კი ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა კაცი ცხინვალის საავადმყოფოში გულის უკმარისობით გარდაიცვალა. მათი მტკიცებით, "ოსი ხალხის გენოციდთან კავშირში ეჭვმიტანილი" არჩილ ტატუნაშვილი ქართული სპეცსამსახურების ინფორმატორი იყო, რაც აბსურდული განცხადებაა მათი წარმოდგენილი ვითომ მტკიცებულებების მიხედვითაც კი.

ცნობილია, რომ ტატუნაშვილი ბოლო წლების განმავლობაში უპრობლემოდ ახერხებდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაადგილებას...

"არჩილს ბევრი ოსი მეგობარი ჰყავდა, მას რუსი მესაზღვრეებიც იცნობდნენ“

გივი ტატუნაშვილი, არჩილ ტატუნაშვილის მამა:

- მე ხომ ვიცი, როგორი შვილი მყავდა - ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, ექვსი წელი ღირსეულად ემსახურა სამშობლოს. ახალგორში აუყვანიათ, თავის მანქანაში იჯდა და პროდუქტები შეჰქონდა. ახალგორის პროკურატურის გამომძიებელს უთქვამს, შენთან

საქმე გვაქვსო, არჩილს წინააღმდეგობა არ გაუწევია, დაუდვიათ ხელბორკილები, ამასობაში მოსულა ომონიც და ცხინვალის იზოლატორში გადაუყვანიათ. შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი.

- ახალგორის პროკურატურის გამომძიებლის ვინაობა ცნობილია?

- როგორც ვიცი, არჩილი კარგად იცნობდა, ამიტომაც გაჰყოლია.

- ცნობილია, რომ არჩილი სამხედრო სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ხშირად გადადიოდა ახალგორში პროდუქტების შესატანად. რატომ მოხდა ეს ტრაგედია ახლა?

- არჩილს ბევრი ოსი მეგობარი ჰყავდა, მას რუსი მესაზღვრეებიც იცნობდნენ და მეტიც, არც მათთან ჰქონდა ცუდი ურთიერთობა. გამოვრიცხავ, რომ მათ არ იცოდნენ არჩილის სამხედრო სამსახურის შესახებ. ამიტომ ვერ ამიხსნია, რა მოხდა.

- ცნობილია, რომ ახალგორში ომონი მოსახლეობას უკრძალავს არჩილზე საუბარს...

- მე ვერ შემაშინებენ! რისი უნდა მეშინოდეს, ვაჟკაცი შვილი ვაჩუქე ქვეყანას.

- არჩილი გამორჩეული სამხედრო იყო, რატომ თქვა უარი სამხედრო სამსახურზე?

- კონტრაქტი დაუმთავრდა, მაგრამ ჯარიდან წამოსვლის შემდეგაც სულ ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე ვლაპარაკობდით, ოკუპაციაზე, რუსეთზე... სამშობლო უსაზღვროდ უყვარდა. (იხილეთ სრულად)

"ოც კაცზე მეტი ურტყამდაო თქვენს გმირსო"

ამონარიდი არჩილ ტატუნაშვილის მეგობრის, ლევან შერმადინის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ჩანაწერიდან:

"გვაპატიე ძმაო, ზვიადაურივით მარტო რომ დაგტოვეთ პირისპირ აურაცხელ მტერთან - ოც კაცზე მეტი ურტყამდაო თქვენს გმირსო, გადმოგვცეს შენი გულადობით გაკვირვებულებმა ქალაქ ცხინვალიდან. ვინ იცის, როგორ გიჭირდა, მაგრამ შენ ხომ არასდროს დაგიკვნესია, არასდროს დაგიწუწუნია, არასდროს დაგიხევია უკან. მუდამ საუკეთესო იყავი ბრძოლის წინა ხაზზე, თუ ყოველდღიურ ყოფაში, ყველას შენი იმედი ჰქონა, ყველასთვის გყოფნიდა სითბო და ენერგია.

გუშინ გაქვავებულმა ბებიაშენმა მხოლოდ ერთი სიტყვით დაგატირა: "აჩიკო შვილო ვინ მოგერიაო"- მძიმე ჟამს ამაზე მეტი გმირობა, რა გინდა მანდილოსნისგან რომ გაიგო. ყველამ იცის რომ ქსნის ხეობაში ყველაზე საუკეთესო მებრძოლებს შენს

სოფელში-ყანჩავეთში ზრდიდნენ, მადლობა აჩი შენს სოფელს, შენს მშობლებსა და ოჯახის წევრებს, შენი სახით ასეთი ლომი რომ გაუზარდეს სამშობლოს! რას ვიზამთ, ესეც ბედი ყოფილა, მაგარ ქვეყანაში ცუდ დროს დაბადება... როგორ მინდა რომ შენ სიკვდილში ქართველის ხელი არ ერიოს... როგორ მინდა შენი დაღვრილი სისხლი ოკუპირებულ საქართველოში ბოლო იყოს...

...

ალალი იქნება შენს გულზე დაყრილი ქართული მიწა, გჯეროდეს, შენს მეგობრებს უკანასკნელ ამოქშენამდე, სანამ ბოლო წვეთი სისხლი გვიდუღს ძარღვში, (ყველანაირი მეთოდებით) ვიბრძოლებთ საქართველოს გაერთიანებისათვის !

შენ სიცოცხლეშიც გმირი იყავი და სიკვდილიც გმირული გერგო - ახლა ჩვენი ჯერი !" (იხილეთ სრულად)

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემის თაობაზე რუსეთს მიმართეს საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, საზოგადო მოღვაწეებმა, პრემიერმა, თუმცა უშედეგოდ. ამ პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები.

ოკუპანტები და სეპარატისტები დღემდე ამტკიცებენ, რომ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა, თუმცა ამდენი ხნის განმავალობაში ცხედრის დატყვევება მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ისინი დანაშულის კვალის დაფარვას ცდილობდნენ.

"კვირის პალიტრა" კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

იხილეთ ვიდეო