"ავარიის მომენტი არ მახსოვს...როცა უუნარო გავხდი, აღარავის დავჭირდი და ზურგი შემაქციეს"
"ავარიის მომენტი არ მახსოვს...როცა უუნარო გავხდი, აღარავის დავჭირდი და ზურგი შემაქციეს"
პროექტის "ქალები საქართველოდან" ფარგლებში გამოქვეყნდა 34 წლის მარინა ბურდულის ისტორია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"23 წლის ვიყავი. ეს ამბავი ზუსტად 12 წლის წინ, 7 ივნისს მოხდა. ჩემი 1 წლის და 3 წლის გოგონები დედასთან დავტოვე და ქმართან ერთად მაზლის ქორწილში წავედით, მაყარში. მძღოლი ნასვამი იყო. უშუალოდ ავარიის მომენტი არ მახსოვს. ისეთი ძლიერი შეჯახება ყოფილა, რომ მარცხენა ხელი ადგილზე მომწყდა. მანქანაში ჩემს გარდა არავინ დაშავებულა.

21 დღე კომაში ვიყავი. კომიდან რომ გამოვედი,
დიდი დრო დამჭირდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციისთვის. ამიტომ 3 თვე გამაჩერეს საავადმყოფოში. როცა პირველად ფსიქოლოგი შემოვიდა და ჩემი ხელის მოკვეთის ამბავი მითხრა, არ გამჭირვებია ამის მიღება. თუმცა რაც დრო გადიოდა, მით უფრო მეტად ვაანალიზებდი, რომ ერთი ხელით საქმის კეთება ძალიან გამიჭირდებოდა. თუმცა მეიმედებოდა ჩემი ოჯახი,
რადგან ჩემს დედამთილთანაც და მულთანაც მეგობრული ურთიერთობა მქონდა. როგორც დები ისე ვიყავით. საავადმყოფოშიც მოდიოდნენ და გვერდით მედგნენ.
საავადმყოფოდან გამოწერის დღეს არავინ მოსულა, ჩემი მშობლების გარდა. კი გამიკვირდა, მაგრამ ცუდზე არაფერზე მიფიქრია. როცა მშობლებმა ქმრის ოჯახში მიმიყვანეს, მარტყოფში, მერე მივხვდი ყველაფერს. დედამთილი საბერძნეთში დამხვდა წასული, ქმარი ქირით თბილისში გადასული. მთელი სახლი დაცარიელებული იყო, მხოლოდ ჩემი ლოგინიღა იდგა. სახლში მხოლოდ მამამთილი დამხვდა, რომელიც ძალიან მტრულად იყო ჩემს მიმართ
განწყობილი. მაშინ მივხვდი ყველაფერს - ცალხელა ქალი არ ვჭირდებოდი არავის. ძალიან ბევრ საქმეს ვაკეთებდი ყოველთვის ოჯახში - საქონელი, სახლის დალაგება, ეზოს მოვლა, ყველაფერი ჩემს კისერზე გადადიოდა, მაგრამ ახლა როცა უუნარო გავხდი, აღარავის დავჭირდი და ზურგი შემაქციეს. კი, გავჩერდი ცოტა ხნით იმ სახლში, მაგრამ ძალიან მტრულად გვექვეოდა: შუქს და გაზს არ გვართვევინებდა, ტელევიზორი წაგვართვა. ამიტომ ძალიან ცოტა ხანში მშობლებმა თავის სახლში, ქვეშეთში წამიყვანეს.
ჩემი მშობლები 2 ოთახში, ჩემი ძმის ოჯახთან ერთად ცხოვრობენ და რადგან იქ ჩემი ადგილი არ იყო, ახლა დროებით ქვეშეთის სკოლის ინტერნატში ვცხოვრობთ. 1 ოთახი გვაქვს, სადაც არც გაზია, არც წყალი და ელექტროობაც დიდი თხოვნის მერე გაგვიკეთეს.

ასე დავიწყე მარტომ ბავშვების გაზრდა. ძალიან მეშინოდა, ერთი ხელით როგორ გამომივიდოდა საქმე, მაგრამ ერთი რომ ვცადე და შევძელი, მერე უკვე აღარ გამჭირვებია. ახლა წყალს ვეზიდები ეზოდან, ვრეცხავ, ვალაგებ, საჭმელს ვაკეთებ. ხანდახან არც კი მახსენდება, რომ ხელი არ მაქვს. რომ დავინახავ, რომ ვიღაც მომაშტერდება, მაშინღა ვხვდები მიზეზს.

ჩემი გოგონები ახლა 12 და 14 წლის არიან. მეხმარებიან, მაგრამ ძალიან განიცდიან იმას, რომ მამას 12 წელია ისინი არც უნახავს და არც მოუკითხია. რამდენჯერმე დაურეკეს ბავშვებმა, ცეკვის თანხის გადახდა სთხოვეს, მაგრამ უარს ეუბნება. ის კი არადა, ბავშვები ფეისბუქზე არ დაამატეს ბებიამ და მამიდამ, ამოშალეს და დაბლოკეს.

ჩვენი შემოსავალი 300 ლარია - მე მეორე ჯგუფის ქმედითუუნაროს პენსიას ვიღებ 100 ლარს და სოციალურად დაუცველის სტატუსით 200 ლარიან დახმარებას. სახელმწიფომ სარეცხის მანქანა კი გვაჩუქა, მაგრამ აბა წყალი არ გვაქს და ვერ ვამუშავებ.

სასამართლოს მივმართე ალიმენტების საკითხზე და თითო ბავშვზე 60 ლარიანი ალიმენტი დააკისრეს. პირველი 2 თვე იხდიდა და მერე ისიც შეგვიწყვიტა. აღმასრულებელი კიდევ მეუბნება, რომ არაფერი აქვს საკუთარ თავზე გაფორმებულიო და ვერ მოვთხოვთო. ამ მხრივაც დაუცველები ვართ.

ძალიან ძლიერები ვართ ქალები. ერთი იმდენი, რომ ბავშვები გამაზრდევინა, თორემ ძალას კიდევ ვიპოვნი. სადაც ამადენი შევძელი, კიდევ ბევრს მოვახერხებ".

იხილეთ ასევე: "მეგობრები საავადმყოფოშიც კი არ მოსულან ჩემს სანახავად..."

  • პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ქალები საქართველოდან“ (ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები: ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი). პლატფორმა შეიქმნა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით. ამჟამად, ახალი ინტერვიუების ჩაწერა და სტატიების ნაწილის მომზადება ხდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
  • სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი "ქალები საქართველოდან". ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, EWMI-ს, NDI-სა და Sida-ს შეხედულებებს.
  • #ქალებისაქართველოდან

 







მაიას-ავტორს
23 ოქტომბერი 2020 09:16
სრულიად გეთანხმებით ყველა სიტყვაში.
მარიამი
19 იანვარი 2019 19:51
კაცების დიდი უმრავლესობა უმადური ცხოველები არიან, საკმარისია, ქალს რაიმე ნაკლი გაუჩნდეს, მაშინვე ცხადად, თუ მალვით, სხვაზე იწყებენ სამზადისს. ცოლი რომ აღარ ნებავთ, შვილებიც აღარ ეპიტნავებათ.
Maia-ს
19 იანვარი 2019 13:43
რას გადაეკიდეთ ამ ქრისტიანობას, ამ ქვეყანაში უამრავი კონფესიაა და ქრისტიანებზე მეტნი არიან უკვე, რაა მუსულმანი მოქალაქის გაჭირვება არ გაგიგია? იეღოველებსაც კითხე აბა? უნამუსობას კონფესია არა აქვს

რუბრიკის სხვა სიახლეები
30-11-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები