"ქალის ღალატი მართლა ღალატია" - კვირის პალიტრა

"ქალის ღალატი მართლა ღალატია"

"ე.წ. კეთილისმსურველებს ძალიან ბევრი ლამაზი ურთიერთობა დაუნგრევიათ" ეჭვიანობა ყველაზე რთული და ამოუხსნელი გრძნობაა, რომელიც ადამიანთა მოდგმას ახასიათებს. არავინ იცის, საიდან ჩნდება ეჭვი, როგორ იბუდებს ადამიანის გულში ან როგორ ვითარდება. ქრისტიანული რელიგია მიიჩნევს, რომ ეჭვი ადამიანის ფსიქიკას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს; ეჭვიანობას დამანგრეველ გრძნობად მიიჩნევენ სხვა რელიგიების წარმომადგენლებიც. მაგალითად, ბუდიზმის მიხედვით, "არაფერია ეჭვზე უფრო საზარელი... ეს არის შხამი, რომელიც ანადგურებს მეგობრობას და ანგრევს სასიამოვნო ურთიერთობებს. ეს არის ხანჯალი, რომელიც კლავს". ჩვენ დავინტერესდით, როგორ აფასებენ ამ გრძნობას წარმატებული ადამიანები და არიან თუ არა ისინი ეჭვიანები:

ლალი მოროშკინა, პიარმენეჯერი:

- ეჭვი იმდენად რთული და საინტერესო მოვლენაა, რომ კლასიკოსთა ყურადღების ობიექტი ბევრჯერ გამხდარა. გავიხსენოთ თუნდაც ოტელო, რომელმაც ეჭვიანობის გამო საყვარელი ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა. მე ვფიქრობ, რომ ეჭვი სიყვარულის თანმდევი გრძნობაა. ცნობილი ფაქტია, რომ სიყვარული ადამიანში უჩვეულო აშლილობას იწვევს, ბედნიერების განცდასთან ერთად, ამ დროს ორგანიზმში ურთულესი პროცესები იწყება: ხდები მესაკუთრე. გინდა, რომ ადამიანი, რომელიც გიყვარს, ბოლომდე შენი იყოს და ფლობდე. გრძნობებიდან გამომდინარე, მოდუნებულ მდგომარეობაში მყოფი ტვინი იმის ხატვას იწყებს, რაც ხშირ შემთხვევაში რეალობისგან შორსაა. სიყვარული იმდენად ძლიერი გრძნობაა, რომ მეცნიერები დღემდე ბჭობენ, რომელ რანგში შეიყვანონ: ავადმყოფობისა თუ უმაღლესი ბედნიერების. რეალურად, ეჭვიანობა ამ გრძნობას ხშირად ახლავს. რაც უფრო დიდია სიყვარული, მისი ფლობის სურვილიც უფრო დიდია. საბოლოო ჯამში კი, ეჭვიანობა აფუჭებს და ანგრევს ამ ლამაზ გრძნობას. როგორც წვეთს შეუძლია ქვა გახეთქოს, ისე შეუძლია ეჭვს სიყვარულის გრძნობა გაანადგუროს. ცხოვრება გვიჩვენებს, რომ ეჭვიანობა დამანგრეველია, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე ეს გრძნობა ერთდროულად იბადება. რატომ ვიქნები ეჭვიანი, თუ ადამიანი არ მაინტერესებს? - ეჭვიანობ მაშინ, როდესაც რაღაცის მიმართ გამძაფრებული ინტერესი გაქვს. დიდი სიყვარულის დროსაც ასეა. სიყვარული ჩვეულებრივი კი არა, არაჩვეულებრივი და ენით აუხსნელი მდგომარეობაა.

ბადრი ვადაჭკორია, ფოტოგრაფი:

- ძალიან ცუდია, როდესაც ადამიანი გიყვარს და მას არ ენდობი. ზოგს ეჭვიანობა ყურადღების გამოხატულებად მიაჩნია და შეიძლება, ამაში სიმართლის ნაპერწკალიც იყოს. ჩემს პირად ცხოვრებაშიც ასე ხდებოდა: ვისაც ყველაზე მეტად ვუყვარდი, ის ყველაზე მეტად ეჭვიანობდა. მე კი ვფიქრობ, რომ ეჭვი ცუდი რამეა. ეს არის სენი, რომელიც ადამიანს შიგნიდან ღრღნის. საბედნიეროდ, მე საფუძველი არასოდეს მქონია, ახლობელ ადამიანებში არასოდეს შემპარვია ეჭვი. არაჩვეულებრივი მეუღლე მყავდა, რომელიც შარშანწინ გარდამეცვალა. საუკეთესო მეგობრები ვიყავით და როგორ შემეძლო, მასზე მეეჭვიანა? აქვე უნდა ვაღიარო, რომ მამაკაცები ხშირად იძლევიან ეჭვის საბაბს, თუმცა თანამედროვე ქალებმა გადაგვისწრეს. თუ მორალისტურად მივუდგებით, არც კაცმა უნდა მისცეს მეუღლეს ეჭვიანობის საბაბი და არც - ქალმა, მაგრამ ადამიანი ცოტა სხვანაირად არის მოწყობილი: ქალი არასდროს დანებდება კაცს ისე, თუ არ უყვარს და მასთან რაღაც გრძნობა არ აკავშირებს, მამაკაცისთვის კი, ეს უფრო ფიზიოლოგიური ამბავია, ამიტომ, მე იმ მოსაზრებას ვემხრობი, რომ ქალის ღალატი მართლა ღალატია - შეიძლება ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ ასეა. ბუნებრივია, თუ ეჭვიანობის საბაბი აქვს, კაციც იეჭვიანებს და ქალიც, უსაფუძვლო ეჭვი კი - საშინელებაა. გაგრძელება