ქართული სასმისების "სიმფონია"
26-03-2018
ქართული სასმისების "სიმფონია"
"ვინაიდან ღვინოში ეგულებოდა ამქვეყნიური სიხარულის მიმნიჭებელი ძალა, ქართველი ცდილობდა ეს სიხარული ღვინის ჭურჭლის შექმნაშიც გამოეხატა. ამიტომაც ქართული არქეოლოგია სავსეა ღვინის უნიკალური ჭურჭლით - განუმეორებელი სიმდიდრე გვაქვს"

ცნობილი ისტორიკოსის, პროფესორ ელდარ ნადირაძის ხელით იმდენ მტვერწაყრილ ქართულ სასმისს დასწმენდია მტვერი, წესით, მისგან ათასგვარი ღვინის ჭურჭლის ჩამოთვლა არ უნდა გამკვირვებოდა (სარიოში, სამთვალა, დორა, გაზაური, მარანი, სამწდეო, დარაჩაფი), მაგრამ მაინც გამიკვირდა, ნუთუ ამდენია-მეთქი! შემომხედა: - ძალიან ბევრია, მაგრამ მივიწყებას მიცემული, იმიტომაც ვცდილობ ქართული ღვინის
მუზეუმის გახსნას რიყეზე, რომ ჩვენი სიმდიდრე რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოსო და დასძინა, ბორდოში ისეთი ღვინის მუზეუმი აქვთ ფრანგებს, ისეთი მასპინძლობა გაუწიეს ქართული მეღვინეობის გამოფენას, ერთდროულად გამიხარდა და დამენანა, თუკი ჩვენ პირველი მეღვინეები ვართ, ასეთი ჩვენ რატომ არ გვაქვს, განა ქართული ღვინო ბორდოს რაიმეთი ჩამორჩებაო!
უკეთესია-მეთქი და ქართულ სასმისებზე მოყოლა ვთხოვე. ასე მოვისმინე ქართული სასმისების "სიმფონია", რომელიც წალკაში აღმოაჩინეს და რომელზეც საოცარი ოსტატობით გამოსახულ ადამიანებს ღვთაებასთან ღვინო თასებით მიაქვთ.

- მცხეთაში არქეოლოგებმა ქრისტემდე წელთაღრიცხვის VI საუკუნის ფართო ვერცხლის სარტყელი აღმოაჩინეს, რომელზედაც ყოფის ნაირ-ნაირი სიუჟეტია გამოხატული. ეს არის ცხოვრების მშვენიერებით გაჟღენთილი სამყარო. ამ ნახატებში უიმედობისა და პესიმიზმის ერთ შტრიხსაც ვერ ნახავთ, ყველაფერი მოცულია სიხარულით და სიცოცხლის დიდი სიყვარულით, სადაც ერთ კაცს თავის სწორი და ტოლი მეორე კაცი დაუსვამს გვერდით, ხელში ღვინით სავსე თასები უჭირავთ და ერთმანეთს უჭახუნებენ; მათ გარშემო ყველაფერი ხარობს: ბოჩოლები, დედის მოალერსე კვიცები, რქებდაბორჯღლილი ირმები, მამლები თუ თევზები. ყველაფერი ეს მოძრაობს, ხარობს და ბედნიერდება. მერე კი ამდგარან, ერთმანეთისთვის ხელი გადაუხვევიათ და ბარბაცით მიდიან. ამ სარტყელზე ხომ 2800 წლის წინანდელი მცხეთელის განწყობაა ასახული, მაგრამ ძალიან ახლოს არის დღევანდელი ქართველის ხასიათთან, თითქოს ჩვენც ეს-ეს არის, წამოვმდგარვართ სუფრიდან და ღვინით გალაღებულები მათთან ერთად არმაზისკენ მიმავალ გზას მივუყვებით. და ვინაიდან ღვინოში ეგულებოდა ამქვეყნიური სიხარულის მიმნიჭებელი ძალა, ქართველი ცდილობდა ეს სიხარული ღვინის ჭურჭლის შექმნაშიც გამოეხატა. ამიტომაც ქართული არქეოლოგია სავსეა ღვინის უნიკალური ჭურჭლით. განუმეორებელი სიმდიდრე გვაქვს, რომელი ერთი ჩამოვთვალო: III ათასწლეულის კოჩხო ბედენიდან; ძველი წელთაღრიცხვით V საუკუნის "დაუდგმელი კოჩხო სამეგრელოდან თუ ძველი წელთაღრიცხვით IV-III საუკუნის ცხენისა და ხარისფიგურიანი სასმელები თუ ის უჩვეულო სილამაზის ეთნოგრაფიული სასმისები, რომელთაც ბოლო საუკუნეებში აკეთებდა ქართველი გლეხი და იქნებ წინაპართაგან გადმოცემული კიდევ მრავალ ოჯახში მოიპოვება. …

- მაგრამ მივიწყებულია და ბევრს არავის უნახავს, არც გაუგია, მაგალითად, სარიოში რა არის? …

- ღვინის ფეხიანი თასია, სუფრაზე­ შემოდგამდნენ ხოლმე და ღვინოს იქიდან იღებდნენ, როგორც ჭურიდან. ზოგ სარიოშს სასმისად ხმარობდნენ, ღვინო ნება-ნება ისმებოდა, ისევე როგორც ჭინჭილიდან.

საერთოდ, ღვინის ყოველ ჭურჭელს თავისი დანიშნულება ჰქონდა. მაგალითად, ჭინჭილა სათრობი არ იყო, გლეხი რომ დაიღლებოდა შრომით, მივიდოდა, ჩრდილში დაისვენებდა, ჭინჭილაში ჩასხმულ ღვინოს ტუჩზე მიიდებდა და ამით ღვინის სმის სიამოვნებასაც გაიგრძელებდა და ძალასაც აღიდგენდა. ჭინჭილის ღვინო რაკრაკით გადადიოდა ყელში, ადამიანს ეს ტკბილი რაკრაკიც ანიჭებდა სიამოვნებას. რაკრაკებს ყარყარაც - თავისი სიმღერით ხიბლავს მოქეიფეებს. რაც შეეხება კულას, მას შუალედური ადგილი უჭირავს ჭინჭილასა და ყარყარას შორის, კულას დასავლეთში მწარე კვახისგან ამზადებენ, აღმოსავლეთში კი ხისგან, რომელიც არცთუ იშვიათად მოსევადებულია ვერცხლის ელემენტებით.

- განსხვავებული სასმისებიც გვქონია, ხარისა და ცხენისფიგურიანი.

- კი ბატონო, ახლა თუ ითხოვს ქართველი კაცი განსხვავებულ სასმისს სუფრაზე, მაშინ რა შეუშლიდა ხელს? ღვინო ჩვენთვის უფალთან მიახლოების გზა იყო, მისი სმა კი ესთეტიკა, რომელიც შესაფერისი ჭურჭლის გარეშე ვერ შედგებოდა. ესეც იცოდეთ - ჩვენ ყურძნის უამრავი ჯიში გვაქვს, ყოველი მათგანი თითქოს თავად ირჩევდა სასმისს და ჩვენც სიამოვნებით ვემორჩილებოდით.

ყანწით... ბორდოში

ვანის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩნდა ბრინჯაოს ქანდაკება ყანწით ხელში, რომელიც სკამზე ზის და ასე წარმოთქვამს სადიდებელს - სადღეგრძელოს. ეს ქრისტემდე, ძვ. წ.აღ-ის VII საუკუნეში ჩამოსხმული ქანდაკებაა, რომელიც აღწერს ქართული ცივილიზაციის და მეღვინეობის კულტურას. ეს არის ძვ.წ.აღ-ის პირველი ათასწლეული, როცა ქართული ღვინო უკვე ქვეყნის საზღვრებიდანაც კი გაჰქონდათ, - ამ დროს ქართული ღვინის ექსპორტი უკვე უცხოური წერილობითი წყაროებით დასტურდება. სწორედ ეს ქანდაკება იყო სიმბოლო საფრანგეთში, ბორდოში მოწყობილი გამოფენისა, რომელსაც ერქვა: "საქართველო - მეღვინეობის აკვანი".

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით