ყვითელი წვიმა - უცნაური მოვლენა და შეშინებული მოსახლეობა - კვირის პალიტრა

ყვითელი წვიმა - უცნაური მოვლენა და შეშინებული მოსახლეობა

ჰორიზონტი ნელ-ნელა გაყვითლდა და მზეს თითქოს უშველებელი ყვითელი ზეწარი გადაეფარა

გასულ კვირას, 23 მარტს, პარასკევს, თითქმის მთელი საქართველოს ტერიტორიაზე დილიდან უცნაური მოვლენა დაფიქსირდა - ჰორიზონტი ნელ-ნელა გაყვითლდა და მზეს თითქოს უშველებელი ყვითელი ზეწარი გადაეფარა. გაყვითლება პირველად ქალაქ ბათუმში შენიშნეს და მოსახლეობამ უცნაური მოვლენის შიშით ბავშვებს ეზოში თამაშიც კი აუკრძალა. ცის გაყვითლებას ბათუმური კოკისპირული წვიმა დაერთო, რომელმაც გარშემო ყველაფერი გადააყვითლა.

მერე ღრუბელმა აღმოსავლეთ საქართველოსაკენ გადმოინაცვლა, თუმცა, მანამდე სინოპტიკოსებმა მოსახლეობის დამშვიდება მოასწრეს - ყვითელი წვიმა აფრიკა-აზიის უდაბნოებიდან წამოსული ყვითელი ქვიშის მტვრით არის გამოწვეული და ბუნებრივი მოვლენააო.

"ჩვენებური" ყვითელი წვიმის შესახებ ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის უფროსს, რამაზ ჭითანავას ვესაუბრეთ.

- მოსახლეობა, ცოტა არ იყოს, შეშინდა ამ მოვლენით. ჰიდრომეტეოროლოგიურ დეპარტამენტშიც ბევრი რეკავდა. სანამ წვიმა დაიწყებოდა, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს ოპტიკური მოვლენა იყო, როცა თხელი ფენის ღრუბლებს მზე აყვითლებს. მაგრამ როცა წვიმამ დაუშვა, საცნაური გახდა, რომ ეს იყო ქვიშის ყვითელი მტვრით გაჯერებული ღრუბლები.

ეს არის ჩვეულებრივი მეტეოროლოგიური მოვლენა, როცა ქარს, ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ქარბორბალას, დედამიწიდან ქვიშის მტვერი ჰაერის ზედა ფენებში ააქვს და ღრუბლებს ამ მტვრის ნაწილაკებით აჯერებს. ამ შემთხვევაში ქვიშის მტვერი სამხრეთ-დასავლეთის ქარმა საქართველოს მიმართულებით წამოიღო, თუმცა მანამდე ამ მტვერმა გამოიარა სხვა ქვეყნებიც, მაგალითად, ჩვენი ინფორმაციით, ძალიან ძლიერი ყვითელი წვიმა მოვიდა საბერძნეთში და ასევე რუსეთში - ქალაქ სოჭში.

- გავრცელებული ინფორმაციით, ჩვენს ტერიტორიაზე მტვერი აფრიკიდან, ირანიდან ან არაბეთიდან წამოვიდა...

- ჯერჯერობით არ გვაქვს მონაცემები, კონკრეტულად რომელი ქვეყნიდან გადმოადგილდა ეს მტვერი, მაგრამ ალბათ, ეს მართლაც რომელიმე ამ ქვეყნის ქვიშის მტვერია.

მეტეოროლოგიაში ხშირად მეორდება ეს პროცესი. დედამიწის გარშემო ასეთი მტვერი ან გამონაბოლქვი ზოგჯერ მილიონობით კილომეტრს გადის. სამწუხაროდ, ასე იყო ჩერნობილის აფეთქებისასაც, როცა ქიმიურმა გამონაბოლქვმა დედამიწა მოიარა.

- წვიმა ყოველთვის ემთხვევა ასეთი მტვრის მოძრაობას?

- რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ამ შემთხვევაში წვიმა დაემთხვა და ეს კარგია, რადგან მან მტვერი ჩამორეცხა. უახლოეს ხანში ჩვენ ინტენსიურ წვიმებს ველით, რაც ამ მტვერს მთლიანად ჩამორეცხავს.

- თუ არ ვცდები, ხალხში ამ მოვლენას ტალახიან წვიმას ეძახიან. ესე იგი, ტალახიანი წვიმები უახლოეს დღეებში ისევ გველის?

- შეიძლება ასეთი მაღალი კონცენტრაციით არა, მაგრამ ალბათ, მაინც გვექნება.

- მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას მოწითალო და მოლურჯო წვიმებიც მოსულა...

- ეს დამოკიდებულია იმაზე, რა ფერის მტვერს აიტაცებს ქარბორბალა დედამიწიდან. მე, მაგალითად, საქართველოში მინახავს მოთეთრო წვიმა, რომელიც, სავარაუდოდ, დედამიწიდან ატაცებული თეთრი მტვრის ნაწილაკებით იყო გაჯერებული.

რაც შეეხება ჩვენს ყვითელ წვიმას, დარწმუნებული ვარ, ის საშიშ ნივთიერებებს არ შეიცავს, თუმცა სინჯი მაინც გავგზავნეთ ლაბორატორიაში შესასწავლად.

ეთერ ერაძე