118 უნიკალური ილუსტრაცია - კვირის პალიტრა

118 უნიკალური ილუსტრაცია

"ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები აუცილებლად უნდა გამომეფინა, - ისინი განძია, სიმდიდრე და არ უნდა დაიკარგოს, აუცილებლად უნდა გამოიცეს მომავალი თაობებისთვის. იქნებ ამ საქმით ვინმე დაინტერესდეს"

არსებობენ მხატვრები, რომელთა ტილოები იმდენად მომნუსხველია, რომ მათზე სულ გეფიქრება. გივი ვაშაკიძის ნახატებზე ბევრჯერ დამმართვია ამგვარი რამ - ძალიან დაღლილს უცებ ამომიტივტივდება ჯადოსნური ჰორიზონტი, რომელიც თითქოს იმას მიდასტურებს, რომ ამქვეყნიური ცხოვრების გარდა, კიდევ სხვა ცხოვრებაც არსებობს და იქ უკვდავებაა. ამით განსხვავდებიან კარგი მხატვრები სხვებისაგან, მუდამ გაფიქრებენ მასზე, რაც ბედნიერებას განიჭებს. ახლაც ასე იყო - ეროვნულ ბიბლიოთეკაში გივი ვაშაკიძის "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციების გამოფენაზე! თუმცა მხოლოდ ჩემთვის არა - ძალიან ბევრი მნახველი სწრაფად ჩაიძირა განუმეორებელ სამყაროში, სადაც "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟების ტრადიციული პორტრეტების ნაცვლად, მათი სულიერი მღელვარება და სიყვარული იყო აღბეჭდილი. ეს 118 უნიკალური ილუსტრაცია მხატვრის მეუღლე ნათული კეშელავამ ჩამოიტანა გივი ვაშაკიძის მშობლიურ სოფელ დიდი ჯიხაიშიდან, სადაც მხატვარმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა - იქ მიუხაროდა არცთუ იოლ ცხოვრებაგამოვლილს. ეს ილუსტრაციები კი, რომელიც ახლა გამომცემელს ელის, თურმე 20 წლის განმავლობაში იხატებოდა, - განუწყვეტლივ, ჯიუტად და სიცოცხლის ხარჯზე.

ნათული კეშელავა, მხატვრის მეუღლე: - ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ცხოვრება იოლი იყო, თუნდაც მის სიცოცხლეში და მით უფრო მისი გარდაცვალების შემდეგ.

"ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები უნდა გამომეფინა, - ისინი განძია და არ უნდა დაიკარგოს, აუცილებლად უნდა გამოიცეს მომავალი თაობებისთვის. იქნებ ამ საქმით ვინმე დაინტერესდეს.

ბოლო წლებში მე და გივი სოფელში გადავედით საცხოვრებლად და მეც მისი ყველა ტკივილის თანამონაწილე გავხდი. ვიდრე ხელის მოსმა შეეძლო, ხატავდა, ძალიან იტანჯებოდა, ლეიკემია დაემართა, თვალისჩინს კარგავდა და მაინც ხატავდა, რადგან ნახატების გაყიდვაზე იყო ჩვენი არსებობა დამოკიდებული; მერე ისინი ნაჩქარევად, ფაქტობრივად, ჩალის ფასად იყიდებოდა. ეს მე მკლავდა, რადგან ამ ნახატების რეალური ფასი ვიცოდი, თავად კი ამბობდა, არა უშავს, კიდევ დავხატავო. ასე იყო ყოველთვის, მთელი სიცოცხლე.

- ერთგან ინტერვიუში ამბობს, რომ როცა სამსახურიდან ყველა წავიდოდა, მაგიდას გადაწმენდდა და დაღამებამდე ხატავდა.

- ასე იყო. თავიდან იმდენად ვიწრო ბინაში ვცხოვრობდით, იქ ხატვა შეუძლებელი იყო, არც სახელოსნო გააჩნდა. სამსახურში დიდი ფანჯარა იყო, მაგიდას მისწევდა და ხატავდა. დიდი ხნის შემდეგ მეგობარმა ავლაბარში ერთი დანგრეული ოთახი უპოვა, სახელოსნოს გაკეთების ნებართვას თუ მოგცემენ, არავინ შეგედავებაო. რომ ნახა, მითხრა, მთლიანად დასაშლელია, ამას ბევრი ფული დასჭირდება, ამიტომ ჩემი ხელით გავაკეთებო. რამდენიმე წელიწადი სახელოსნოს გასაკეთებლად დიღმიდან ავლაბარში ხშირად ფეხით მიდიოდა და იქაურობა მართლა სახელოსნოს დაამსგავსა. მერე ჩვენი ბინაც გაარემონტა, სადურგლო დაზგა მოიტანა და დურგლობა დაიწყო. მათ შორის ნახატების ჩარჩოებსაც ჭრიდა. ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ აი, ეს დაზგა საბედისწერო თილისმად ექცა, - თან ჰაერივით სჭირდებოდა და ვერ შორდებოდა, თანაც არაერთხელ დასახიჩრებულა. არც ერთი თითი არ დარჩენია დაუზიანებელი. შუათითები, ფაქტობრივად, დაკარგა - დაზგამ წააცალა, - პირველი თითი რომ წააცალა, მეგონა, ამას ვერც მე გადავიტანდი და ვერც ის, მაგრამ ექიმმა გადაჭრილი თითი მიაბა და ისევ დაზგაზე განაგრძო მუშაობა, ნახატებისთვის ჩარჩოები ხომ მინდაო! ამ დაზგაზე გაკეთებული ჩარჩოებით წაიღო გერმანიაში სურათები, რომლებმაც იქ საოცრება მოახდინა - აბსოლუტურად ყველა გაიყიდა და თანაც იმ ფასად, რომ ფეხზე დამდგარიყო თვითონაც და მთელი ოჯახიც. ეს იყო მისი ნახატების ერთადერთი გამოფენა უცხოეთში, ამის მერე აღარასოდეს წასულა, ის ხომ ფაქტობრივად "უპატრონო" მხატვარი იყო - სხვა მხატვრებივით არ ჰქონდა გზები უცხოეთში გახსნილი. იმ გამოფენით მივხვდი, რომ მისი ნახატები რეალურად ძალზე ძვირი ღირდა, ჩვენს ქვეყანაში კი ამ ნახატებით საარსებო პურის მოპოვება ჭირდა. თავად ამას დიდად არ იმჩნევდა, როცა ეუბნებოდნენ, შენი ნამუშევრები მილიონი ღირსო, იცინოდა, ჰო, უფულო მილიონერი ვარო! გერმანიის ერთ-ერთი ქალაქის მერმა მოსწერა, შენი ნახატი ისე მამშვიდებს, კაბინეტში დავკიდე, რომ მთელი დღე ბედნიერი ვიყოო. ამ სიტყვებმა გააბედნიერა. როცა სოფელში გადავიდა საცხოვრებლად, სულ მეუბნებოდა, ნუ გეშინია, აქ ისე კარგად ვარ, რომ ძალიან ბევრს დავხატავ და არ გაგიჭირვებო. აღარ გამოვიდა ასე, ცხოვრება გაჭირდა, ჩემი ვაჟი, ასევე მხატვარი, უმუშევარი დარჩა, თავად კი ლეიკოზით დაავადდა, მხოლოდ სისხლის გადასხმის შემდეგ მოდიოდა გონს და მაშინვე ხატვას იწყებდა.

სულ ბოლოს ვკითხე, ახლა რას ხატავ-მეთქი და, ჩემს მარჯვენა ხელს, მინდა გამოვემშვიდობო და მადლობა გადავუხადო, მხარში რომ მედგა მთელი სიცოცხლეო, მაგრამ ვეღარ დაასრულა, ბოლოს თვალისჩინიც დაკარგა.

ახლა მე მინდა მისი შეუსრულებელი სურვილის შესრულება. გამოფენაზე იმდენმა ადამიანმა მითხრა ამ ილუსტრაციებზე, შედევრიაო, იმედი გამიჩნდა, რომ სპონსორი გამოჩნდება და მის გამოცემაში დამეხმარება.

- თქვენს ვაჟზეც გკითხავთ. ბაჩო ასევე მხატვარია, მისი ტილოები როგორ იყიდება?

- ბაჩო ახლა სოფელში ჩემთან ერთად ცხოვრობს და ისიც მამასავით გამუდმებით ხატავს. ყველაფერი მეორდება: მისი ნახატებიც ისეთ ფასად იყიდება, რითაც ზოგჯერ საღებავების ყიდვაც ჭირს. ბაჩოც შეუძლოდ გრძნობს თავს - ასეთი ტვირთი გვარგუნა ცხოვრებამ და მეც ვეზიდები.

ეთერ ერაძე