რა აკავშირებს უცხოეთში მოღვაწე ქართველ მილიონერს წყნეთში მშენებარე სასახლესთან? - კვირის პალიტრა

რა აკავშირებს უცხოეთში მოღვაწე ქართველ მილიონერს წყნეთში მშენებარე სასახლესთან?

ორი დღეა მითქმა-მოთქმა არ წყდება წყნეთში მშენებარე მასშტაბური სასახლის თაობაზე. როგორც გაირკვა, მისი ფართობი 1 850 კვადრატული მეტრია და მას სამშენებლო კომპანია "ანაგი" კერძო, ფიზიკური პირის დაკვეთით აშენებს.

როგორც კომპანიის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, მშენებლობა 2017 წლის აგვისტოში დაიწყო და დასრულდება 2018 წლის ოქტომბერში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონოლითური რკინაბეტონის მზიდი კარკასის მოწყობის სამუშაოები.

ვინ არის სასახლის მეპატრონე? - თავდაპირველად გამოითქმოდა ვარაუდი, რომ ის შესაძლოა ე.წ. კანონიერი ქურდის, შაქრო კალაშოვის კუთვნილება ყოფილიყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მშენებარე სასახლის მეპატრონე ბიზნესმენი თამაზ სომხიშვილია. (წყარო)

2017 წლის მაისში Ambebi.ge დაინტერესდა წყნეთის სამთავრობო აგარაკების ბედით. სწორედ ამ სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 ოქტომბრის განკარგულებით, დაბა წყნეთში მდებარე ერთ-ერთი აგარაკი - 8 226 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული რამდენიმე შენობა-ნაგებობა პირდაპირი მიყიდვის ფორმით 4 288 320 ლარად საკუთრებაში გადაეცა ფიზიკურ პირს თამაზ სომხიშვილს. უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ" დაადგინა.

ვინ არის თამაზ სომხიშვილი?

"ბიზნესპრესნიუსის" ინფორმაციით, 1957 წელს დაბადებული თამაზ სომხიშვილი 50 ყველაზე მდიდარ ქართველს შორის სახელდება. სხვადასხვა წყაროს ცნობით, მისი ქონება ასეულობით მილიონ დოლარს აღწევს.

ქართველმა მილიონერმა საქართველო გასული საუკუნის 90-იან წლებში დატოვა და რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სხვადასხვა ბიზნესი წამოიწყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სომხიშვილი კომპანია "როსნეფტექსპორტის" მფლობელი და გენერალური დირექტორი იყო. ზოგიერთ მედიასაშუალებაში თამაზ სომხიშვილი რუს ბიზნესმენად და ინვესტორადაც არის მოხსენიებული, მის ანგარიშზე ბიზნესში აქტიურად ყოფნის 30 წელზე მეტია. მისი ბიზნესსაქმიანობა ძირითადად სოფლის მეურნეობას, ინდუსტრიულ სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას მოიცავს. თამაზ სომხიშვილი კომპანიებს ფლობს რუსეთში, ევროპასა და საქართველოში.

ქართველი მილიონერი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, 2015 წელს საქართველოს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად ესტუმრა და შეხვედრები გამართა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქათან, ასევე ქართველ ბიზნესმენებთან. თამაზ სომხიშვილის საქართველოში ვიზიტის მიზანი საქართველოში პროფესიული განათლების ხელშეწყობა და ამ მიზნით თბილისში მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტის ფილიალის გახსნა იყო. "პატრიარქი დიდი ხანია მთხოვდა, გერმანელებს ესწავლებინათ შრომის კულტურა ქართველებისთვის", - აღნიშნა თამაზ სომხიშვილმა.

2016 წელს, ლონდონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ლონდონის 2016 წლის ანტიკორუფციულ სამიტს ესწრებოდა, ქართულ დიასპორას მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში შეხვდა.  (იხილეთ სრულად)