"საკუთარ თავს ვუთხარი, რომ მე ამას შევძლებდი..." - კვირის პალიტრა

"საკუთარ თავს ვუთხარი, რომ მე ამას შევძლებდი..."

თავის ამბავს რომ მომიყვა, შემდეგ მკითხა, როგორ შესავალს გაუკეთებ სტატიასო?

აი, შესავალიც, გიგი:

ახლა მოგიყვებით ძალიან მაგარი ბიჭის ისტორიას, რომელიც უკვე 15 წლისაა, თუმცა ქუჩაში 12 წლის შემდეგ ვაჭრობს და იცნობს ყველა იმ გარემოვაჭრესა თუ მოწყალებისთვის ხელგაწვდილ ადამიანს, რომელიც რუსთაველზე, ოპერის წინ ერთხელ მაინც მოხვედრილა; იმ ბიჭის ისტორიას, რომლისთვისაც არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები და მისი მიზანსწრაფულობა შესაშურია... ბიჭზე, რომლის არსებობაც კი გარშემომყოფებს სიცოცხლის განსაკუთრებულ სიყვარულს და ბრძოლის უნარს უღვივებს...

ეს ბიჭი გიგი ანთაძეა.

გიგის ცერებრალური დამბლით გამოწვეული სიარულის და თვალისჩინის პრობლემები აქვს, მისი მხედველობა 7%-მდეა დაქვეითებული. ის დედასთან და და-ძმებთან ერთად ცხოვრობს, 8 წლის იქნებოდა, როცა ქუჩაში ე.წ ვოქერით დაიწყო სიარული. გაიცნო მთელი რუსთაველი, გახდა ყველა გაჭირვებულის ქომაგი და მესაიდუმლე. ერთ დღესაც მიწისქვეშა გადასასვლელში მოუნდა მარტო ჩასვლა და მუსიკოსების გაცნობა, ბევრი ივარჯიშა და ჯოხით სიარული შეძლო, შემდეგ სახლის წინ გარე ვაჭრობა დაიწყო და უსაქმოდ აღარ გაჩერებულა. 27 მარტს მასთან მერიის წარმომადგენლები მივიდნენ და აცნობეს, რომ პირველი აპრილიდან გარევაჭრობა იკრძალება და ნივთები უნდა აელაგებინა.

28 მარტს, კახა კალაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ ქალაქ თბილისის მერია, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გიორგი ანთაძემ თავისი საქმიანობა გააგრძელოს, თბილისის მერია მას ყველა რესურსით დაეხმარება.

Kvirispalitra.ge გიგი ანთაძეს ესაუბრა:

"ბავშვობაში სოფელ დიდგორში, აგარაკზე რომ ვიყავი, ვიფიქრე მაღაზია გამეხსნა, მაშინ დედაჩემის მეგობრებმა პროდუქცია და მაცივარიც ამომიტანეს. საქმეს ისე შევეჩვიე, თბილისში რომ ჩამოვედი, მინდოდა ამის გაგრძელება. გავიპარე ვაგზლის მოედანზე, ვიყიდე ბუშტები, გავბერე და დავიწყე ბუშტების გაყიდვა, ბუშტები შემდეგ ჩაანაცვლა საახალწლო სათამაშოებმა, ცივმა სასმელებმა, ბოლოს წვენსაწური აპარატი შევიძინე, მალე კი ამ ყველაფერს ბატიბუტის აპარატიც დაემატება.

ჩემი ყველა ინტერესი ამ საქმეს უკავშირდება, ეს არის ჩემი ბიზნესიც და გართობაც. 27 მარტს მერიის მობილური ჯგუფის წარმომადგენლები მოვიდნენ, მითხრეს, რომ გარევაჭრობა არ შეიძლებოდა, რადგან ეკიპაჟს შეეძლო ნივთები ჩამოერთვა. ისიც მითხრეს, მოგვეცი დედაშენის მონერი, დაველაპარაკებით და ვეტყვით რა საბუთებიც გჭირდება გარე ვაჭრობა რომ გააგრძელოო... დედას დავურეკე, - რაღაც მოიფიქრე, 1-ლი აპრილიდან აქ ვაჭრობა აიკრძალება, მე კი შინ უსაქმოდ არ გავჩერდები-მეთქი. "ფეისბუკზე" მეგობრებს დაუწერა, მომაფიქრებინეთ რა გავაკეთოო და მერიაც მონიშნა, ლამის 12 საათი იყო მერის მოადგილემ რომ დაგვირეკა, კახი გაგიჟებულია, დღეს არ დაიშალოთ, ღამე არ დაიძინოთ ისე, სანამ ამ ამბავს არ მოაგვარებთო... როგორც მითხრეს, შაბათიდან "მზიურის" პარკში შევძლებ ჯიხური დავდგა და იქ გავაგრძელებ ჩემი საქმიანობას. ამ ამბავმა ძალიან გამახარა, დღეს "გალფის“ წარმომადგენლებმაც დამირეკეს, მათაც გამოთქვეს დახმარების სურვილი", - გვიყვება გიგი.

გიგისთან სტუმრად მისულს გიგის აღმზრდელი, მაკა გაფრინდაშვილი დაგვხვდა, რომელიც მიზანდასახულ ბიჭს 2 თვიდან ზრდის:

"გიგის ბავშვობიდანვე უყვარდა უფროსებთან ურთიერთობა, სულ დიდი მიზნები ჰქონდა, ძალიან ჭკვიანი ბიჭია, ჰყავს უამრავი მეგობარი, პატარა ასაკიდანვე ძალიან უყვარს ქუჩა, ის ქუჩისგან სიცოცხლის ძალას იღებს, ისე განიცდის სახლში ყოფნას, რომ გიჟს ჰგავს. 2 თვის იყო პირველად, რომ გავიცანი და უკვე მე-16 წელი დაიწყო ვზრდი. არ ველოდით მერიისგან ასეთ გამოხმაურებას. ეს საქმიანობა მისთვის სასიცოცხლოა.

დედისთვის და ჩემთვის გიგის საქმიანობა და ქუჩაში ყოფნა დიდი ნერვიულობის ხარჯზე ხდებოდა. ყველა ფეხის ნაბიჯზე ვნერვიულობდით, მაშინ, როცა ჯოხი აიღო და დამოუკიდებლად ცდილობდა მიწისქვეშა გადასასვლელში მუსიკოსებთან და გარემოვაჭრეებთან ჩასვლას, ჩუმად მივყვებოდით უკან, გვეშინოდა რამე არ დაშავებოდა. არ გვინდოდა მეტროში ჩასულიყო, მაგრამ თუ რაიმე მიზნად დაისახა, იმას აუცილებლად შეასრულებს. ახლა კი საშუალება მიეცა, მისი საყვარელი საქმე გააგრძელოს და უფრო მეტს მიაღწიოს".

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო