"14 ადამიანი დაიღუპა. მე და ჩემი პატარა გოგონა გადავრჩით" - მემანქანე ქალი, რომელიც სამჯერ გადაურჩა სიკვდილს
საბჭოთა კავშირის და, შესაბამისად - საქართველოს მასშტაბითაც პირველი საჰაერო საბაგირო გზა მდინარე ყვირილას ხეობაში, უზარმაზარ კლდეებს შორის მოქცეულ ჭიათურაში გაიხსნა. 1954 წელს იგი ინჟინერ გიორგი ფანცულაიას აუგია.
მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხოდ სწორედ ეს ტრანსპორტი მიიჩნევა, თუმცა ავარიასა და ტრაგიკულ დასასრულს ვერც ამ უხიფათო ტრანსპორტის მგზავრები ასცდნენ - საქართველოში ყველას ახსოვს 1990 წლის პირველი ივნისის ტრაგედია - თბილისში, რუსთაველის პროსპექტისა და მთაწმინდის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე მომხდარი, საბაგირო გზების ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი ავარია, სადაც 22 ადამიანამდე დაიღუპა და 15-მდე მძიმედ დაშავდა;
წლების შემდეგ ორი შემთხვევა მოხდა ჭიათურის საბაგირო გზის სხვადასხვა მარშრუტზე და, საბედნიეროდ, ორივე უმსხვერპლოდ დასრულდა - პირველი შემთხვევისას, 2008 წელს, ავარიულად დაშვებული კაბინა სამუხრუჭე სისტემამ უფსკრულის თავზე გააჩერა. თბილისიდან სპეციალისტების ჩამოსვლამდე, რამდენიმე საათის განმავლობაში, 12 ადამიანს, ფაქტობრივად, ცაში დაკიდულს მოუწია მოცდამ; მეორე შემთხვევისას, 2012 წელს კი, საბაგირო გზის წამყვანი ბაგირი გაწყდა და ვაგონი სამანქანე სადგურს შეეჯახა. ვაგონში ერთი ქალბატონი იმყოფებოდა და იმ უბედურ შემთხვევას მხოლოდ მოტეხილობებით გადაურჩა; ასევე, საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა ახლახან, გუდაურის სათხილამურო ტრასის, "საძელეს" საბაგიროზე მომხდარი ავარიისას...
ამჯერად ჭიათურის 2012 წლის საბაგირო გზის ამბის სწორედ იმ ერთადერთ ქალბატონს გაგაცნობთ, საბაგირო ვაგონში მარტოდმარტო რომ აღმოჩნდა.
ლალი უკლება ჩემი მეგობარი გეომორფოლოგის, გიორგი დვალაშვილის დახმარებით, ჭიათურაში "მოვძებნე". იგი დღესაც საბაგირო გზაზე მუშაობს, თუმცა იმ შემთხვევის გახსენებისგან თავს იკავებდა, - მისი მოგონება ახლაც მზარავსო. საბოლოოდ, მაინც დავიყოლიე და სახელდახელოდ, ტელეფონით მოთხრობილმა ამბებმა ერთი ხიფათიანი, მაგრამ მამაცი და იღბლიანი ქალბატონის საინტერესო პორტრეტიც შეგვიქმნა.
ლალი უკლება, ჭიათურის პატარიძის სახელობის ცოფი-ავარიონის საბაგირო გზის სიგნალისტი:
- პროფესიით ინჟინერი ვარ, ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი დავამთავრე. ქუთაისშივე ვცხოვრობდი, მერე ჭიათურაში გავთხოვდი და მას შემდეგ სოფელ ითხვისში, საბაგირო სადგურთან ახლოს ვცხოვრობ. მაშინ სოფელ ქვემო ითხვისისა და ჭიათურის დამაკავშირებელ "32-ის" ანუ 32-ე მაღაროს სამგზავრო საბაგირო გზაზე ვმუშაობდი.

2012 წლის 11 სექტემბერი იყო, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე. ყოველთვის ვამბობ, უფალმა და წმინდა იოანემ დამიფარეს, ცოცხალი რომ გადავრჩი-მეთქი. არც კი ვიცი, ზუსტად რა მოხდა... საღამოვდებოდა და ითხვისის სადგურიდან დაბლა ვეშვებოდი. მგზავრი არ მყავდა, თუმცა ჭიათურის სადგურზე ზემოთ წამომსვლელი ხალხი იცდიდა. როდესაც მივხვდი, საავარიო სიტუაცია შეიქმნა, მაშინვე ვაგონის "პარაშუტს" ვეცი - გადმოსაფრენ "პარაშუტს" არ ვგულისხმობ, სპეციალური მოწყობილობაა, რომელიც სახელურის ჩამოწევით ტროსს ეჭიდება და მოძრავ ვაგონს ამუხრუჭებს. სამწუხაროდ, ვაგონი ბოლომდე მაინც ვერ გაჩერდა, სადგურისკენ ჩახოხდა და სამანქანე სადგურს შეეჯახა, მე კი კიდურების მოტეხილობებით საავადმყოფოში გადამიყვანეს. მერე ეს დაზიანებული საბაგირო კარგა ხანს არ მოქმედებდა. მეც დავანებე თავი მანდ მუშაობას, შიშის გამო - ნაკლებად, უბრალოდ, სიფრთხილე გამოვიჩინე. ხომ იცით, ნათქვამია, კოკა ყოველთვის არ მოიტანს წყალსო?
- და მაინც კვლავ საბაგიროზე მუშაობთ, ოღონდ არა - იმ წითელი ვაგონით, სადაც ოდესღაც მეც მიმგზავრია და არა - იმ მარშრუტით...
- სხვათა შორის, ის წითელი ვაგონი გადაღებეს და ახლა სტაფილოსფერია. ახლა მართლაც სხვა მარშრუტზე ვარ, მაგრამ იმ გზაზე, სადაც ეს ამბავი შემემთხვა, მაინც ყოველდღიურად, დილა-საღამოს მიხდება მგზავრობა - სხვაგვარად ვერც ქალაქში მოვხვდები და ვერც შინ დავბრუნდები, ასე რომ, იქიდან შიშის გამო არ წამოვსულვარ.
საერთოდ, შესანიშნავი თანამშრომლები გვყავს, რომლებიც მუდმივად ყველანაირად ამოწმებენ საბაგირო გზას, მაგრამ, ხომ იცით, ტექნიკა - ტექნიკაა და ხანდახან შეიძლება გიმტყუნოს, თუმცა მსგავს შემთხვევას თითზე თუ ჩამოვთვლით.
ახლა ქალაქის ცენტრში ახალი, უახლესი სტანდარტების სადგურისა და სხვადასხვა მარშრუტის საბაგირო გზების გასაკეთებლად, ფრანგების მხარდაჭერით, დიდი სამუშაოები მიმდინარეობს, ამბობენ, ეს საბაგირო ვაგონები მთელ ჭიათურას შემოუვლიანო. ვიდრე ახალი გვექნება, ძველს ხომ სჭირდება მუშაობა, ამიტომ ოდესღაც მომხდარი შემთხვევის გამო ნამდვილად ვერ შეველევი სამსახურს.
მაგაზე უარესი ხიფათიც შემმთხვევია ცხოვრებაში, თანაც, ისევ და ისევ - სატრანსპორტო... მაგალითად, 1997 წელს ჩემს პატარა შვილთან ერთად ტყიბულიდან მომავალი ავტობუსით ვმგზავრობდი. მოწამეთას რომ გამოვცდით, თავდაღმართში მძღოლმა ვეღარ დაამუხრუჭა, საჭეც ვერ დაიმორჩილა და ავტობუსით ჯერ "შოთას წყაროს" გადავაფრინდით, მერე - მოსახლეობას, ვიღაცის სახლს სახურავიც ავხადეთ და ბოლოს მდინარე წყალწითელას პირას გავჩერდით. ადამიანები გზადაგზა ცვიოდნენ ავტობუსიდან, სულ დაგლეჯილ-დამტვრეულები იყვნენ. მახსოვს, 14 ადამიანი დაიღუპა. მე და ჩემი პატარა გოგონა გადავრჩით, მხოლოდ ჩალურჯებები გვქონდა. ავტობუსი რომ "გაფრინდა" და მივხვდი, საქმე ცუდად იყო, მამაჩემის ნათქვამი გამახსენდა, ტრანსპორტში რაიმე თუ მოხდა, მაშინვე ძირს დაწექიო. ამიტომ სასწრაფოდ ავტობუსის იატაკზე დავწექი, ჩემი გოგონა გულზე დავიწვინე და სკამს მაგრად ჩავეჭიდე. ამან გადაგვარჩინა. სხვათა შორის, მაშინ საბაგიროშიც დავწექი (იცინის)...
ამხანაგები მეუბნებოდნენ, ძალიან ხიფათიანი ხარ და მანქანებს მოერიდე, აჯობებს, მატარებლით იმგზავროო. გამეცინა და "დავამშვიდე", ერთი თავგადასავალი მანდაც გადამხდა-მეთქი. ასე რომ, მატარებლითაც აღმოვჩნდი ექსტრემულ სატრანსპორტო სიტუაციაში. 2003 თუ 2004 წელი იყო, შვილებთან ერთად მატარებლით ჩავედი ჭიათურაში. სადგურს რომ მივადექით, ვაგონის რკინის კონსტრუქციებმა ნაპერწკლები გაყარა, იატაკიდან კი ბოლი ამოდიოდა. რა თქმა უნდა, ამჯერად ძირს ვერ გავწვებოდით, სხეულზე დენის გადასვლის საფრთხე რეალური იყო, ბავშვებს ვუყვირე, ხელი არაფერს შეახოთ-თქო და, ლამის, გამოვფრინდით მატარებლიდან.
- მოკლედ, ახლა თვითმფრინავი და გემი დაგრჩათ?
- არც ერთი მიყვარს, არც - მეორე, ამიტომ მაგ ტრანსპორტით, ვფიქრობ, არასდროს ვიმგზავრებ და სატრანსპორტო თავგადასავლებიც დასრულდება.
ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)