ინფექცია "თეთრეული"
02-04-2018
ინფექცია "თეთრეული"
"გეუბნებით, რომ ეს არ შეესაბამება ნორმებს. კიდევ რას ელოდებით ჩემგან, რომ გიპასუხოთ?"

"მაღალი ჭერია და ვერ ვწვდები, რომ კედლები ობობას ქსელებისგან გავწმინდო, ისე სისუფთავეა, სულ ვწმენდთ. აქ საავადმყოფოც და უფროსობაც ძალიან მაღალი დონისაა... ეზოში ძაღლები კი არიან, თუმცა შენობაში არასოდეს შემოსულან, ნუ ნერვიულობთ, გარემონტდება და ყველაფერი კარგად იქნება"(?!)


მაშინ, როცა მსოფლიოში მედიცინა საოცარი სისწრაფით ვითარდება და ხუთი ან თუნდაც ორი წლის წინ წარმოუდგენელ მანიპულაციებს დღეს დიდი წარმატებით ასრულებენ, ჩვენი ქვეყნის
ინფექციურ საავადმყოფოში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის აუცილებლობაზე გვიწვეს საუბარი... ის, რაც ახლა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში ხდება, გამაოგნებელია...

არ გეგონოთ, რომ ფოტოები, რომლებსაც წარმოგიდგენთ, გასული საუკუნის საარქივო მასალიდანაა, ან რომელიმე მიტოვებული შენობის კადრებია - არც მეტი, არც ნაკლები, ეს ინფექციებთან მებრძოლი დაწესებულების
სამრეცხაოა, ადგილი, სადაც მწვავე ინფექციებით დასნებოვნებული პაციენტების თეთრეული მუშავდება... ინფექციურ ცენტრში, სადაც ექიმები ინფექციებს ებრძვიან, შეიძლება გამოჯანმრთელების ნაცვლად, დაავადდეთ.

ორსართულიანი შენობა მიტოვებულ ნაგებობას უფრო ჰგავს, ვიდრე მოქმედ დაწესებულებას. მეორე სართულზე ღია კარში შევდივარ. შელახული და დაობებული კედლები, დაზიანებული სახურავი და იატაკი, თეთრეულის გასაშრობად შენობაში გაბმული ბინძური თოკები... სარეცხსა და ცემენტის ჭუჭყიან იატაკს შორის მანძილი რამდენიმე სანტიმეტრია, ოთახის შუაგულში კი იატაკზე­ დასამუშავებლად მომზადებული თეთრეულის გროვაა... იმედგაცრუებული მეორე ოთახში გავდივარ. ძველ, გაურემონტებელ ოთახში ყველგან სიბინძურეა: გასული საუკუნის გადმონაშთი ტექნიკა, ყუთები, სიგარეტის ნამწვები, ძველი, გამოუსადეგარი ნივთები...

არ გეგონოთ, რომ რის ვაი-ვაგლახით გარეცხილი სარეცხი, წესისამებრ, სპეციალურ, ბაქტერიებისგან დამცავ ჰერმეტრულ საშრობში ხვდება - ობობას ქსელებით დაფარულ დაობებულ კედლებს შორის ფრიალებს, მრეცხავების თქმით, "სკვაზნიაკში"...

"რადგან რემონტი არაა, აღარ ვაუთოებთ" (?!)

- არის აქ ვინმე? - ვკითხულობ. ხმას არავინ მცემს... ცოტა ხანში ორი მრეცხავი მეგებება.
ლალი: - ეს ინფექციურის სამრეცხაოა. უძველესი შენობა დღეს ასეთ მდგო­მარეობაშია.

- თქვენი აზრით, აქ სათანადო პირობებია?

- გვაქვს ისეთი ხსნარები, რითაც თეთრეული მუშავდება... აქ ვაშრობთ, ცელოფანში ვათავსებთ და ვაბრუნებთ დაწესებულებებში.

- სად რეცხავთ?

პასუხის ნაცვლად იქვე დამონტაჟებულ ორ სარეცხის მანქანაზე მიმითითა.

- ყველა თეთრეული ამ ორ სარეცხის მანქანაში ირეცხება?

- მხოლოდ ერთში ვრეცხავთ, მეორე­ არ მუშაობს. ძალიან ბევრი თეთრეული შემოდის და მეორე სართულზეც ვაშრობთ, მაგრამ წვიმის დროს ყველგან წყალი ჩამოდის.

- ადმინისტრაციამ იცის? წვიმის დროს შენობაში ჩამოსული წყალი სარეცხსაც ხომ ასველებს?

- მხოლოდ ზედა სართულზე ჩამოდის და წვიმის დროს იქ არ ვფენთ...

- ალბათ, პირველ სართულზეც ჩამოდის, რადგან კედლები სველი და ობიანია...

- იქ მარტო ერთ ადგილას ჩამოდის...

- ყველა თეთრეულს ერთად რეცხავთ?

- თეთრეული ხუთი სხვადასხვა განყოფილებიდან შემოდის. ცალ-ცალკე ვრეცხავთ, მაგრამ ერთ მანქანაში. ეს 17-კილოგრამიანი მანქანაა. ყველაფერს ჟურნალში ვწერთ, მიღებასა და გაცემას...

- ეს თეთრეული რომ ლამის იატაკს ეხება, ასე უნდა იყოს?

- არ ეხება... აქ "სკვაზნიაკია" და ამიტომ გავკიდეთ ამ ოთახში.

- ზოგი თეთრეული დახეულია...

- ხშირი რეცხვით ილახება.

- როგორ მუშავდება თერმულად?

- ადრე უთოებიც იყო... კარგი უთო გვქონდა, გადასარევი, მაგრამ გაფუჭდა. რადგან რემონტი არაა, აღარ ვაუთოებთ.

- შეგიძლიათ, გვა­ჩვენოთ ხსნარი, რომ­ლითაც, მაგალითად, სისხლიანი თეთრე­ული­ მუშავდება?

- არა, ახლა არ მაქვს, ხვალ უნდა მოიტანონ...

- ვინ ზრუნავს სისუფთავეზე? კედლებზე აბლაბუდებია, ეზოში - ნაგავი, ნარჩენები, შენობაში სიგარეტის ნამწვები ყრია...

- მაღალი ჭერია და ვერ ვწვდები, რომ კედლები ობობას ქსელებისგან გავწმინდო, ისე სისუფთავეა, სულ ვწმენდთ. სიგარეტის ნამწვებს, ალბათ, შემოდიან და ყრიან. დევნას ხომ ვერ დავუწყებთ... აქ საავადმყოფოც და უფროსობაც ძალიან მაღალი დონისაა.

- კარი ღიაა და ძაღლი ან კატა არ შემოდის? გარეთ ძაღლს ვხედავ...

- კატები არა, მაგრამ ძაღლები არიან, თუმცა შენობაში არასოდეს შემოსულან. ნუ ნერვიულობთ, გარემონტდება და ყველაფერი კარგად იქნება.

"თქვენ რომ შვიდი წელი სხვის სახლში ცხოვრობდეთ, როგორ გააუმჯობესებდით პირობებს?"


ქვედა რგოლში მომუშავე ადამიანებისთვის უფრო მწვავე კითხვების დასმა მიზანშეუწონლად მეჩვენა, ამიტომ ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციას მივმართე.
დაწესებულების აღმასრულებელი დირექტორის, შოთა გოგიჩაიშვილის პასუხები "კვირის პალიტრის" შეკითხვებზე ცოტა სარკასტულია.
- ამ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ორი კლინიკა, ბოჭორიშვილის სახელობის და ჩვენი - შიდსის. 2011 წლიდან სხვის კუთვნილ ფართობში ვართ. სახელმწიფომ მიჰყიდა კომპანია "ავერსს". ჩვენ აქ ხიზნების მდგომარეობაში ვართ და აქამდე ვერ მოხერხდა ახალ­ი შენობის აშენება. ამ ზაფხულს მოგვეცა საშუალება, ჩვენი თანხით გაგვერემონტებინა.

- აქამდე რატომ ვერ მოხერხდა პაციენტებისა და მედპერსონალისთვის ნორმალური პირობების შექმნა?

- შენობა, სადაც ფუნქციონირებს სამრეცხაო, ავარიულია და ექვემდებარება დემონტაჟს. ნახევარი უკვე დანგრეულია... თქვენ რომ შვიდი წელი სხვის სახლში ცხოვრობდეთ, როგორ გააუმჯობესებდით პირობებს?­ ფართობი არ გვყოფნის. რა თქმა უნდა, სამრეცხაო ასეთი არ უნდა იყოს. სახელმწიფო პერიოდულად აპირებდა გაყიდვას და ჩვენს სხვაგან გადაყვანას...

- ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის სამსახური ხშირად გამოწმებთ? ან თუ დაუჯარიმებიხართ ანტისანიტარიის გამო?

- ეს დაწესებულება უალტერნატივოა. ჩვენთან 5 000-მდე შიდსით დაავადებული­ მკურნალობს, მძიმე ინფექციებით დასნებოვნებული და ე.წ. ბოქსირებული პაციენტებიც იტარებენ მკურნალობის კურსს - მათ იზოლირებული მკურნალობა სჭირდებათ. სახელმწიფოს უზარმაზარი პრობლემები შეექმნება ჩვენი დაწესებულების პარალიზებით.

- ილახება თუ არა პაციენტებისა და მედპერსონალის უფლებები?

- მიმაჩნია, რომ ექიმებისა და სახელმწიფოს ინტერესებიც ილახება. წელს ნაბიჯები ნამდვილად გადაიდგა. მოგვარდება სამრეცხაოს პრობლემაც...

- რამდენად შეესაბამება ამ პირობებში სარეცხის რეცხვა, შრობა და ა.შ. დადგენილ სტანდარტს? ან რატომ არ მუშავდება თეთრეული თერმულად?

- გეთანხმებით, მსგავს პირობებში არ უნდა ხდებოდეს თეთრეულის დამუშავება.­ მრეცხავის კვალიფიკაციაც თვითონ ნახეთ. თუმცა, მან იცის თავისი საქმე, გაწერილი­ აქვს ინსტრუქციები. რა თქმა უნდა, სანიტარიულად მუშავდება. საუბარი იყო 25 კვმ ფართობის გამოყოფაზე, სიტყვიერადაც შევთანხმდით, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. გეუბნებით, რომ ეს არ შეესაბამება ნორმებს, კიდევ რას ელოდებით ჩემგან, რომ გიპასუხოთ?

- გასაგებია, რომ შენობა ძველი და გაურემონტებელია, მაგრამ ხომ შეიძლება, სისუფთავე იყოს და შენობა დალაგდეს. რატომ არ ზრუნავენ ამაზე?

- ამაზე მეტად იქაურობის გასუფთავება შეუძლებელია. ისეთი ტრადიციების დაწესებულება, როგორიც ჩვენი ცენტრია, შესაფერის პირობებს იმსახურებს. იმედია, პრემიერის დაპირება შესრულდება და 2019 წლის მეორე ნახევარში გადავალთ ახალ შენობაში.

კანონი იუწყება...


მთავარი პაციენტი და მისი ინტერესებია, კლინიკის ვალდებულება კი ხარისხიანი სერვისის მიწოდებაა. ინფექციურ საავადმყოფოში ნანახით ვერ ვიტყვით, რომ იქ პაციენტსა და მის ინტერესებზე ორიენტირებული გარემოა, მეტიც - სანიტარია და ჰიგიენა მათთვის უცხო სიტყვათა ლექსიკონში მოსაძიებელი ტერმინებია, პაციენტსა და მის ახლობლებს კი წარმოდგენაც არ აქვთ სამრეცხაოზე - არავინ იცის, იქ გარეცხილ და გამშრალ თეთრეულში პაციენტზე ადრე რამდენი ბაქტერია ასწრებს ჩაწოლას...

როგორც დებულებაში ვკითხულობთ, დაუშვებელია სარეცხის იატაკზე დადება. დაბინძურებული თეთრეული პალატაშივე უნდა ჩადონ მუშამბის ან პოლიეთილენის ტომარაში. დაუშვებელია პერსონალის მუშაობა უნიფორმის გარეშე. აუცილებელია ხალათი, ნიღაბი, ხელთათმანი... დაუშვებელია ბიოლოგიური სითხეებით დასვრილი თეთრეულის გარეცხვა იმ მანქანაში, რომელშიც ირეცხება ნაკლებად დაბინძურებული სარეცხი. სავალდებულოა დაუთოებაც... სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში არც ერთი ეს ძირითადი სტანდარტი დაცული არ არის. ვითარება საგანგაშოა!

თორნიკე ყაჯრიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით