"ალასკაზე ჩემ გვერდით მგლები დარბოდნენ" - კვირის პალიტრა

"ალასკაზე ჩემ გვერდით მგლები დარბოდნენ"

"ძირითადად, ჩრდილოეთის ნათება მწვანეა, მაგრამ მან შეიძლება ალუბლისფერი, ლურჯი ან ცისფერი შეფერილობაც მიიღოს"

Aurora Borealis - იგივე ჩრდილოეთის ციალი - ამ თვალწარმტაც სანახაობაზე ჩვენი თანამემამულე, ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრომეტეოროლოგიური კვლევითი ცენტრის თანამშრომელი ოთარ იოსელიანი გიამბობთ. აშშ-ში მიწვევამდე იყო ლექციები ქართულამერიკულ უნივერსიტეტში, მეღვინეობის, მებაღეობისა და მევენახეობის ინსტიტუტში, მეცნიერებათა აკადემიაში, მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტსა და "წითელ ჯვარში".

- ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამეცნიერო კვლევით ცენტრში, აგრომეტეოროლოგიაში ვატარებ კვლევებს და ვქმნი ახალ პროგრამებს. 3 შტატში 200-მდე სადგური გვაქვს. ყოველ 15 წუთში ვიღებთ მონაცემებს, რომელთა დამუშავების შემდეგ მათემატიკური მოდელების დახმარებით სხვადასხვა მცენარის დაავადების რისკების გათვლა ხდება.

ალასკაზე გამგზავრება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჩრდილოეთის ციალი მენახა. პირველი ცდა უშედეგო გამოდგა, რადგან ალასკის შესახებ ბევრი რამ არ ვიცოდი - მეგონა, ჩავიდოდი და მაშინვე ვნახავდი. 2015 წლის სექტემბრის დამდეგს, სამსაათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ, დანიშნულების ადგილას ღამით ჩავედი. ენკორიჯში ჩრდილოეთის ციალზე დეტალური მოკვლევა საინფორმაციო ცენტრსა და მუზეუმში მისვლის შემდეგ დავიწყე. იქ მომცეს სხვადასხვა ინტერნეტბმული, სადაც შეიძლებოდა ინფორმაციისა და ციალის სიძლიერის ინდექსის მოპოვება და დავიწყე ცაზე დაკვირვება... მეორე ვიზიტისთვის უკვე საფუძვლიანად მოვემზადე, დავიწყე ფოტოგრაფიის შესწავლაც.

სხვათა შორის, ჩრდილოეთის ციალის ნახვა ვაშინგტონის შტატშიც შეიძლება, ოღონდ მზე ძალიან აქტიური უნდა იყოს, ანუ მზეზე აფეთქებები უნდა ხდებოდეს და მაშინ მზის ქარს დიდი რაოდენობით მოაქვს მზის ნაწილაკები და ისინი ატმოსფეროში ხვდებიან. რაც უფრო ძლიერია მზის ქარი და ღრმად აღწევს მზის ნაწილაკები ატმოსფეროში, მით უფრო მრავალფეროვანია ციალი. ძირითადად, ჩრდილოეთის ნათება მწვანეა, მაგრამ მან შეიძლება ალუბლისფერი, ლურჯი ან ცისფერი შეფერილობაც მიიღოს.

ორი ტიპის ციალიდან ჯერ მხოლოდ ჩრდილოეთის Aurora Borealis-ი მაქვს ნანახი, სამხრეთისა კი, Aurora Ausralis-ი ჯერ არ მინახავს, რადგან ანტარქტიდაზე არ ვყოფილვარ.

მეორედ ალასკაზე შარშან, მარტის ბოლოს ჩავედი ფეირბენკსში, რომელიც ჩრდილოეთის ციალის სანახავად საუკეთესო ადგილად ითვლება.

ალასკა ველური მხარეა და ბევრი მტაცებელიც ბინადრობს. მანქანა რომ გავაჩერე, ჩემ გვერდით მგლები დარბოდნენ. თუმცა მგლებზე საშიში იქ უფრო ადამიანები არიან, ყველას იარაღი აქვს და ხშირია მკვლელობები. მიუხედავად იმისა, რომ ციალი არ იყო ძლიერი, რამდენიმე სურათი მაინც გადავიღე, მაგრამ ჩავთვალე, რომ ჩრდილოეთის ნათება მაინც ვერ ვნახე.

შემდეგ გეზი ცნობილი კურორტისკენ, ჩენას თერმული წყლებისკენ ავიღე, სადაც ჰაერის დაბალი ტემპერატურის მიუხედავად, ხალხი ღია ცის ქვეშ ბანაობს. ციალი ვერც მეორე ღამეს ვნახე, მაგრამ მთებიდან ძველი სამხედრო მანქანით დაბრუნებისას კიდევ ერთი საინტერესო მოვლენის მოწმე გავხდი

- ეს არის გამყინავი წვიმა და წარმოიქმნება მაშინ, როცა მიწის ზედაპირთან ძალიან ცივი ჰაერის მასაა, მაგრამ ატმოსფეროს ზედა ფენები შედარებით თბილია. წვიმის წვეთები თოვლად ქცევას ვერ ახერხებს და ყველაფერს, რასაც ხვდება, ყინულით ფარავს.

მესამე ღამეს პოლარული წრისკენ დალტონის მაგისტრალით ორ კანადელ ტურისტთან ერთად წავედი. ეს არის ერთ-ერთი გზა, რომელიც ალასკის უკანასკნელ დიდ ქალაქს ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანესთან აკავშირებს, სადაც ამერიკის ნავთობის საბადოებია. გზა მიუყვება ალასკის ნავთობსადენს, რომელიც აშშ-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საინტერესო იყო ტურიც, ლანდშაფტიც, მძღოლის მონათხრობიც, მათ შორის, ალასკის რუსეთისგან შესყიდვაზე. თავიდან ალასკა სადავო არ ყოფილა. რუსეთი 1850-იან წლებში ყირიმის ომში სასტიკად დამარცხდა, რადგან თურქეთს მხარს უმაგრებდნენ ინგლისი და საფრანგეთი, რომლებსაც ხმელთაშუა ზღვაზე რუსეთის გასვლა არ აწყობდათ. რუსეთი გაკოტრების პირას აღმოჩნდა და სწორედ მაშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უილიამ სიუარდი ალასკის შესყიდვის იდეით გამოვიდა.

მოლაპარაკების შემდეგ რუსეთმა ალასკა ამერიკას 7 მილიონ 200 ათას დოლარად ოქროს ეკვივალენტში მიჰყიდა. მაშინ ალასკის რესურსები ჯერ კიდევ შეუსწავლელი იყო და ამერიკაში დავა დაიწყეს. ბევრი მიიჩნევდა, რომ სიუარდის გადაწყვეტილება წამგებიანი იყო. თუმცა 1890-იანი წლებისთვის ალასკაზე ოქრო იპოვეს და "ოქროს ციებ-ცხელებაც" დაიწყო. გამდიდრების მანიით შეპყრობილი ათასობით ადამიანი მიდიოდა ოქროს მოსაპოვებლად. ასე შეიქმნა სხვადასხვა კომუნა, დაარსდა ქალაქები და განვითარდა ინფრასტრუქტურა. ალასკას 1959 წელს მიენიჭა შტატის სტატუსი.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - ალასკის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში დღემდე დასეირნობენ დათვები, რის გამოც მოსახლეობა მუდამ იარაღს ატარებს.

ალკატრასის ციხე

ოთარ იოსელიანი: - ალკატრასის ციხეში თავზე ხელაღებული და ზოგჯერ ძალიან პოპულარული პატიმრებიც იყვნენ გამომწყვდეული. ნახევარ საათში ერთხელ ალკატრასის კუნძულისკენ კატარღა გადის, კუნძულის დასათვალიერებლად ორი საათია საჭირო, მაგრამ მე უფრო დიდხანს დავრჩი და ბევრ საინტერესო ინფორმაციას გავეცანი: თუ როგორ გადაჰყავდათ მსჯავრდადებულები, როგორ მიჰყავდათ სამედიცინო შემოწმებაზე, როგორ იღებოდა და იხურებოდა მექანიკური საკეტებით საკნები, ვინ იყვნენ ცნობილი პატიმრები, რამდენმა სცადა გაქცევა... ეს ციხე ამერიკის აუღებელ ციხედ ითვლებოდა, საიდანაც გაქცევა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. ამ ციხეს უკავშირდება ფრენკ მორისისა და ძმებ ენგლინების, მსოფლიო ისტორიაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გაქცევა. მათი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე ჯილდო დღესაც დაწესებულია. შეერთებული შტატების სპეცსამსახურები მათი ოჯახის წევრების ტელეფონებს წლების განმავლობაში უსმენდნენ. თუმცა ინფორმაცია ვერ მოიპოვეს.

ნინო წიფურია