"იმდენად ვიყავი როლში შეჭრილი, რომ გამსახურდია დამესიზმრა კიდეც"
02-04-2018
"იმდენად ვიყავი როლში შეჭრილი, რომ გამსახურდია დამესიზმრა კიდეც"
"მე ქვეყანას არ დავტოვებ, მე ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ვარ", - ეს ზვიად გამსახურდიას სიტყვებია, რომელსაც ფილმში "ხიბულა" ირანელი მსახიობი ჰოსეინ მაჰჯუბი ამბობს და დასძენს: "ბევრი რამ წავიკითხე საქართველოს პირველ პრეზიდენტზე, ძალიან მინდოდა მისი ხასიათი ამომეცნო და მისი პიროვნული თვისებები გამერკვია. ჩემი აზრით, გამსახურდიას პიროვნება და ხასიათი ძალიან მრავალფეროვანი და რთულია".

2017 წლის ნოემბერში ქართველმა მაყურებელმა ფილმების "გაღმა ნაპირი" და "სიმინდის კუნძული" რეჟისორის კიდევ ერთი, ზვიად გამსახურდიას შესახებ გადაღებული მხატვრული
ფილმი იხილა. ტრილოგია 90-იანი წლების შესახებ გიორგი ოვაშვილის შემოქმედებაში ფილმ "ხიბულათი" დასრულდა. სცენარს საფუძვლად უდევს 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები. ფილმზე იტალიელი ოპერატორი ენრიკო ლუჩიდი მუშაობდა, რომლის ნამუშევრების სიაშია ჯუზეპე ტორნატორეს "ბაარია", "მალენა", "ლეგენდა პიანისტზე" და ა.შ.

ზვიად გამსახურდიას როლზე ბევრი
ცნობილი მსახიობი მოიაზრებოდა, მათ შორის ჟან რენოც, თუმცა რეჟისორმა არჩევანი 70 წლის ცნობილ ირანელ მსახიობზე ჰოსეინ მაჰჯუბზე შეაჩერა.

რას ფიქრობს ირანელი მსახიობი­ თავის გმირზე, "კვირის პალიტრას" ექსკლუზ­იურად"ჰოსეინ მაჰჯუბი ესაუბრა:

- ირანის ნაციონალური თეატრის მსახიობი გახლდით. რაც შეეხება კინოს, პირველად ბაჰრამ ბეიზაის ფილმში "Downpour"­ ვითამაშე. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მასწავლებლის ამბავს, რომელიც ბრუნდება რევოლუციის წინა პერიოდის ირანში და შეუყვარდება მასზე სოციალურად გაცილებით დაბალ საფეხურზე მდგომი ახალგაზრდა ქალი. ფილმი სოციალურ და იმ პრობლემებზეა, რომლებიც ხშირად ორი ადამიანის სიყვარულისთვის ხელის შემშლელი ფაქტორებია.

- გიორგი ოვაშვილი დიდხანს ეძებდა ზვიად გამსახურდიას როლის შემსრულებელს. თქვენი აზრით, რა იყო ის მთავარი ფაქტორი, რის გამოც თქვენ აგირჩიათ?

- გიორგი ოვაშვილმა ნიუ-იორკში ნახა ფილმი "სამოთხის ფერები",­ რომელიც­ მოგვითხრობს პატარა ბრმა ბიჭის ამბავს. მე მისი მამის როლს ვასახიერებ. როგორც გიორგიმ მითხრა, ამ როლს დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია. ვფიქრობ, ეს კონკრეტული პერსონაჟი იყო მიზეზი, რის გამოც ზვიად გამსახურდიას როლი მომანდო.

- ფილმის გადაღებებამდე რა იცოდით საქართველოს შესახებ?

- ყაჯარებისა და სეფიანთა დინასტ­იების მმართველობისას ბევრი ქართველი­ იძულებული გახდა მიგრირებულიყო ირანში. მათი შთამომავლობა­ დღემდე ცხოვ­რობს ირანის სხვადასხვა რეგიონში, ინარჩუნებენ საქ­ართველოსა და ქართული ენის სიყვარულს. მათ შორის ჩემი მეგობრებიც არიან.

- თქვენ კონკრეტულ ისტორიულ პერსონაჟს ასახიერებდით, თუ ის კრებსითი­ სახე იყო რამდენიმე ლიდერისა?

- არა, ჩემთვის ზვიად გამსახურდია არის განსაკუთრებული პოეტი, ძალიან მომწონს მისი ლექსები, ხოლო მის მამას,­ კონსტანტინეს, მე-20 საუკუნის უდიდეს მწერლად მივიჩნევ, მთელ კავკასიის რეგიონში მას ბადალი არ ჰყავს. მე ვცდილობდი ჩავღრმავებოდი მის პიროვნებას. იმდენს ვფიქრობდი მასზე, იმდენად ვიყავი როლში შეჭრილი, რომ დამესიზმრა კიდეც, ბნელ ოთახში, კოსტიუმსა და თეთრ პერანგში მარტო იდგა. ძნელი სათქმელია, რა მდგომარეობაში იყო ბატონი გამსახურდია და რატომ მივიდა აქამდე.

"შთამბეჭდავი იყო მისი გამომეტყველება"


გიორგი ოვაშვილი, რეჟისორი: -
საქართველოს ყველა რეგიონში ვეძებდი მთავარი როლის შემსრულებელს როგორც პროფესიონალებს, ასევე მოყვარულებს­ შორის. შემდეგ საზღვარგარეთ დავიწყე ძებნა, ყველა ჩემს უცხოელ კოლეგას დავუკავშირდი. კანდიდატების ძალიან ბევრი ფოტო გამომიგზავნეს. ერთხანს გადავდე კიდეც გადაღება, რადგან კანდიდატი ვერ ვიპოვე. მერე ერთ-ერთმა მეგობარმა ირანიდან ჰოსეინ მაჰჯუბის ფოტო გამომიგზავნა, დავხედე და იმდენად შთამბეჭდავი იყო მისი გამომეტყველება, რომ მაშინვე გავაკეთე არჩევანი. ასე ვიპოვე მთავარი როლის შემსრულებელი.

ნინო წიფურია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით