მაცხოვართან ერთად! ბზობიდან - აღდგომამდე - კვირის პალიტრა

მაცხოვართან ერთად! ბზობიდან - აღდგომამდე

ვნების კვირა დიდი მარხვის ბოლო, აღდგომისწინა კვირას ჰქვია. ეს კვირა (უფრო სწორად, ექვსი დღე) იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონებას ეძღვნება. ქრისტიანებმა მთელი ეს პერიოდი მარხვასა და ლოცვაში უნდა გაატარონ. ეს გლოვის დღეებია და ღვთისმსახურებსაც ტაძარში სამგლოვიარო, შავი სამოსი აცვიათ.

მოსაგონებელი მოვლენების უდიდესი მნიშვნელობის გამო ვნების კვირის ყოველ დღეს დიდს ვუწოდებთ.

დიდი ორშაბათი

დიდ ორშაბათს ეკლესია უნაყოფო ლეღვის გახმობას იხსენებს. ეს ლეღვი იმ იუდეველთა სახეა, რომელთა გულშიც იესო ქრისტემ ჭეშმარიტი ნაყოფი ვერ პოვა - იქ მხოლოდ კანონების მშრალი აღსრულება დახვდა. ამიტომაც ამხილა ისინი და დაგმო, მაგრამ უნაყოფო ლეღვი ასევე ყველა იმ ქრისტიანის სულის სიმბოლოცაა, რომელიც სინანულის ნაყოფს არ ისხამს. ეკლესიაც დიდ ორშაბათს სწორედ სინანულისკენ მოგვიწოდებს.

დიდი სამშაბათი

დიდი სამშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ იგავს ათი ქალწულისა და ტალანტების შესახებ. წმინდა ეკლესია კიდევ ერთხელ და საგანგებოდ მოუწოდებს მორწმუნეებს სულიერი სიფხიზლისკენ, ჩვენთვის ბოძებული ნიჭისა და ძალის სწორად გამოყენებისკენ, განსაკუთრებით კი - მოწყალებისკენ.

დიდი ოთხშაბათი

ეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა.

ოთხშაბათის ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. აქ, სიმონ კეთროვანის სახლში, იმ დროს, როცა მღვდელმთავრებს, მწიგნობრებსა და უხუცესებს იესო ქრისტეს მოტყუებით შეპყრობა და მოკვდინება ჰქონდათ გადაწყვეტილი, უცხო დედაკაცმა ძვირფასი ნელსაცხებელი მაცხოვარს უხვად დაასხა თავზე, რითაც, როგორც თავად მაცხოვარმა ბრძანა, იგი დასაფლველად მოამზადა.

აქვე, დედაკაცის უანგარო საქციელის საპირისპიროდ, იესო ქრისტეს თორმეტთაგან ერთ-ერთი მოწაფის, იუდა ისკარიოტელის უმადურ სულში ჩაისახა ბოროტი აზრი, თავისი მასწავლებელი და უფალი იუდეველთა უკანონო საბჭოსთვის მიეცა. ამიტომ დიდი ოთხშაბათის საეკლესიო მსახურება განადიდებს იმ დედაკაცს, რომელმაც მაცხოვარს ნელსაცხებელი სცხო, იუდას ვერცხლისმოყვარეობასა და გამცემლობას კი კიცხავს და გმობს.

დიდი ხუთშაბათი

დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთა დაბანას, საიდუმლო სერობას, გეთსიმანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვას და იუდას მიერ მის გაცემას ვიხსენებთ. უფალმა ზიარების საიდუმლო სწორედ ამ დღეს, სერობის ჟამს, დაადგინა. სერობაზე მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმთავრები ფერხთბანის რიტუალს ატარებენ: როგორც მაცხოვარმა დაბანა ფეხები სერობის დაწყებამდე თავის თორმეტ მოწაფეს, ასევე ჰბანს ფეხებს მღვდელმთავარი თორმეტ მღვდელმსახურს.

დიდი ხუთშაბათი იმითაც არის გამორჩეული, რომ ეს ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როცა საჭიროების შემთხვევაში, მირონის კურთხევა შეიძლება.

დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც ე.წ. "თორმეტი სახარება" ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი იკითხება.

დიდი პარასკევი

დიდი პარასკევის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. წირვა არ აღესრულება, რადგან ამ დღეს ცოდვებისგან ჩვენს გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი გაწირა.

დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და, ჩვეულებრივ, შუადღისას, ორ საათზე აღევლინება, რადგან სწორედ ამ დროს მიიცვალა ჯვარზე იესო ქრისტე. მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი - "საფლავი", საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილზე, რომელზეც საფლავში მყოფი მაცხოვარია ამოქარგული, დააბრძანებენ გარდამოხსნას.

გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება - მაცხოვარი ხომ აღდგომამდე სამი დღე იყო საფლავში.

სერობის შემდეგ აღევლინება ე.წ. "ღვთისმშობლის გოდებაც".

დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა, როცა მოძღვრის კურთხევით, მორწმუნეთაგან ზოგი მთელი დღის განმავლობაში არაფერს ჭამს, ზოგი კი პურსა და წყალზეა.

კვერცხის შეღებვა: ძველი ტრადიციის თანახმად, ამავე დღეს, მზის ჩასვლამდე, წითლად იღებება სააღდგომო კვერცხები. კვერცხი, ქრისტიანული ტრადიციით, სიცოცხლის სიმბოლოა, წითლად შეღებვა კი იმისა, რომ ჯვარცმული მაცხოვრის სისხლით გამოსყიდულ კაცობრიობას მარადიული სიცოცხლე მიენიჭა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სააღდგომო კვერცხი აუცილებლად წითელი უნდა იყოს, ნებისმიერ სხვა ფრად შეღებილ კვერცხს ქრისტიანულ ტრადიციასთან არაფერი აქვს საერთო.

დიდი შაბათი

დიდი შაბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება.

დიდი შაბათის ღვთისმსახურება მართლმადიდებლური ლიტურგიული ტრადიციის მწვერვალია. ეს არ არის იესო ქრისტეს სიკვდილისა და დასაფლავების ისტორიული მოვლენების დრამატული გათამაშება ან სახარებისეული რიტუალური დადგმა. ეს ღვთისმსახურება ღრმა სულიერი წვდომაა მაცხოვრის იმ ქმედების მარადიულ არსში, რომლითაც მან კაცობრიობა იხსნა.

ბასილი დიდის საღვთო ლიტურგია ანუ წირვა ამ დღეს ჩვეულებრივზე გვიან იწყება და მწუხრს უერთდება. მღვდელი საკურთხეველში ტრაპეზთან კი არ მსახურობს, არამედ ტაძრის შუაგულში, გარდამოხსნასთან.

აღდგომის მოლოდინი

სამყაროს შექმნისა (შესაქმეთა წიგნიდან) და ეგვიპტიდან ისრაელის გამოსვლის შესახებ (გამოსვლათა წიგნიდან) საკითხავებთან ერთად იკითხება ნაწყვეტი ესაია, ეზეკიელ, იერემია, დანიელ და სოფონია წინასწარმეტყველთა წიგნებიდან მესიის ვნების, აღდგომისა და ამ გზით კაცობრიობის ხსნის შესახებ.

საწინასწარმეტყველოსა და სამოციქულოს წაკითხვიდან იწყება მზადება მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულისთვის. ამ დროს სამღვდელოების სამგლოვიარო შესამოსელი სადღესასწაულოთი იცვლება. ასევე იცვლება მთელ ტაძარში შავი ფერი ნათლით. ეს იმის ნიშნად ხდება, რომ მენელსაცხებლე დედებმა ადრიანი დილით, ჯერ კიდევ სიბნელეში, მაცხოვრის საფლავზე იხილეს ნათლით მოსილი ანგელოზი და მისგან ისმინეს ხარება იესო ქრისტეს აღდგომის შესახებ. სადღესასწაულოდ შემოსილი დიაკვანი, როგორც ანგელოზი, გამოდის ტაძრის შუაგულში, გარდამოხსნის წინ, და სახარების კითხვით ხალხს მაცხოვრის აღდგომას ამცნობს. ამის შემდეგ წირვა ჩვეულებრივად გრძელდება, ოღონდ "ღირს არსის" ნაცვლად იგალობება "ნუ მტირ მე, დედაო..."

ამის შემდეგ მორწმუნენი სასოებით ელიან შუაღამის დადგომას, როდესაც ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, ბრწყინვალე აღდგომის უდიდესი დღესასწაული იწყება. აღდგომის სიხარული უდიდესი სიხარულია, რომლის მსგავსიც დედამიწის ზურგზე არც არის და არც შეიძლება იყოს. ეს არის უსასრულო სიხარული მარადიული სიცოცხლისა და ნეტარებისა. ეს ის სიხარულია, რომელზეც თვით უფალმა თქვა: ""უხაროდეს გულთა თქვენთა და სიხარული თქვენი არავინ მიგიღოს თქვენგან" (იოანე 16:12).

მანანა ჯანელიძე