ვულკანურ კლდეებზე დაშვებული ჩანჩქერების სამოთხე - დაშბაშის კანიონი მსოფლიოს 20 ულამაზესი კანიონის სიაშია - კვირის პალიტრა

ვულკანურ კლდეებზე დაშვებული ჩანჩქერების სამოთხე - დაშბაშის კანიონი მსოფლიოს 20 ულამაზესი კანიონის სიაშია

დაშბაშის კანიონი მსოფლიოს 20 ულამაზესი კანიონის სიაშია

ჩვენს ქვეყანაში ბევრი ულამაზესი ადგილია, რომელთა შესახებ ბევრმა არაფერი იცის, არადა, უცხოეთს არაფრით ჩამორჩება, პირიქით. მაგალითად, წალკაში, სოფელ დაშბაშთან, მდინარე ხრამის ხეობაში მდებარეობს დაშბაშის კანიონი, რომელიც მსოფლიოს 20 ულამაზესი კანიონის სიაშია და ზღაპრულ სამოთხეს ამსგავსებენ. რამდენიმეკილომეტრიანი მკაცრი ერთფეროვანი გზის გავლის შემდეგ მნახველს მართლაც ზღაპრული სანახაობა ეშლება თვალწინ.

ბიომორფოლოგი გიორგი დვალაშვილი კანიონს ხშირად სტუმრობს და მისი მშვენიერებითაც მრავალჯერ მოხიბლულა.

- ეს ნამდვილად განუმეორებელი ჩანჩქერების კასკადია. კანიონი წალკიდან დაახლოებით 4 კილომეტრის სავალზეა, სოფელ დაშბაშთან. მკაცრ გარემოში რამდენიმე კილომეტრი უნდა იარო და უცებ თვალწინ გადაგეშლება გასაოცარი სილამაზე - ვულკანურ კლდეებზე დაშვებული ჩანჩქერები, რომელთაგან ზოგი მცენარეებით დაფარულ კლდეებზე გადმოდის, რაც ფერთა საუცხოო გამას ქმნის.

- ვულკანური ქანები ახსენეთ. ესე იგი, კანიონი ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ შეიქმნა?

- ასეა. ეს ვულკანური კლდეები ზღვის დონიდან დაახლოებით 1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, საიდანაც ალაგ-ალაგ მიწისქვეშა წყლები გადმოედინება და კლდეებზე ჩანჩქერებად ეშვება. ზოგიერთ ჩანჩქერს მდინარე ქმნიდა, თუმცა დათბობამ მდინარე დააშრო და ჩანჩქერიც გაქრა. ამ ზამთარს, მაგალითად, მთაში თოვლი აღარ მოვიდა და ჩანჩქერიც აღარ დამხვდა, მაგრამ, საბედნიეროდ, მიწისქვეშა წყლების მარაგი დიდია, ჩანჩქერებიც არის და ეს სილამაზეც დიდხანს იქნება ხელუხლებელი, თანაც ბუნება ცოცხალი ორგანიზმია, დათბობას აცივება მოსდევს, აცივებას კი - თოვლი და ყინვა.…

- ვულკანები ახსენეთ... ბოლო ვულკანი ჩვენს ტერიტორიაზე დაახლოებით 35 000 წლის წინ ამოიფრქვა, ესე იგი, დაშბაშის კლდეებიც მაშინდელია?

- ასე გამოდის. სწორედ ეს კლდეები ქმნის ამ სილამაზეს. დაშბაშის კანიონში მისული ადამიანი ხშირად შეესწრება ხეობის უნიკალურ მოვლენას - ქვათა ცვენასაც, როცა კლდეებს უზარმაზარი ლოდები სწყდება და ხეობაში ცვივა.

რამდენიმე წლის წინ დაშბაშში ერთი სიგარეტის ჯიხური იდგა და სტუმარს არავინ ელოდა, ჯავახეთის გზის გაყვანამ კი დიდი საქმე გააკეთა. დღეს ამ სოფელში ორი სასტუმროა. აქ ყველაფერი კეთდება ტურისტების დასაცავად. როცა ტურისტი დაცულია, ხალხიც დაცულია და სიმშვიდეც ისადგურებს.

კანიონს ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მასთან ერთად აქ ორ უძველეს ეკლესიასაც ნახავთ ასომთავრული წარწერით. სწორედ სოფელ დაშბაშის ადგილზე იყო საბარათიანოს მმართველთა და სპასალართა საჯდომი და უძველესი ქალაქი.

ეთერ ერაძე