მორბენალი გუგული - შხამიანი გველებისრისხვა! - კვირის პალიტრა

მორბენალი გუგული - შხამიანი გველებისრისხვა!

გველს ჯერ სირბილით უახლოვდება, შემდეგ მის წინ ფრთებს აფართხუნებს და ტორეადორის მსგავსად იწვევს დასაგესლად. ფრთაზე კბენა მას ვერაფერს აკლებს და გველს ნისკარტით სწვდება პირდაპირ ზედა ყბაში, სადაც შხამიანი კბილებია განლაგებული, შემდეგ გრძელი ნისკარტის ძლიერი დაქნევითა და ბრუნვითი მოძრაობით გველს მიწასა და ქვებზე თავს მაგრად არტყმევინებს. შემდეგ კი მთლიანად ყლაპავს...

კალიფორნიული მიწის გუგული - Geococcyx californianus (იგივე მორბენალი გუგული, გზის მორბენალი, გველის მკვლელი) აშშ-ის სამხრეთისა და მექსიკის ჩრდილოეთის უდაბნოებსა თუ ნახევრად უდაბნოებში ბინადრობს.

გზის მორბენალს უდაბნოს ცივ ღამეებში ენერგიის შენახვის უცნაური ხერხი აქვს შემუშავებული - ღამით ერთგვარ ძილქუშში ვარდება და მისი სხეულის ტემპერატურა ეცემა. საქმე ის არის, რომ ზურგზე აქვს შეუბუმბლავი მუქი კანი - მზის ამოსვლისას გუგული ბუმბულს შლის და ზურგის ამ ნაწილს მზეს უშვერს, რის შემდეგაც სწრაფად უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას.

დროის დიდ ნაწილს გუგული გველებზე, ხვლიკებზე, მღრღნელებზე, მწერებსა და მომცრო ჩიტებზე ნადირობაში ატარებს. მის მენიუში მეტად საშიში შხამიანი ჩხრიალა გველებიც კი შედის!

გველს ჯერ სირბილით უახლოვდება, შემდეგ მის წინ ფრთებს აფართხუნებს და ტორეადორის მსგავსად იწვევს დასაგესლად. ფრთაზე კბენა მას ვერაფერს აკლებს და გველს ნისკარტით უსწრაფესად სწვდება პირდაპირ ზედა ყბაში, სადაც შხამიანი კბილებია განლაგებული, შემდეგ გრძელი ნისკარტის ძლიერი დაქნევითა და ბრუნვითი მოძრაობით გველს მიწასა და ქვებზე თავს მაგრად არტყმევინებს. გველის მოსაკლავად გუგულს 2-3 დარტყმა ჰყოფნის და თავის მხრიდან მთლიანად ყლაპავს. თუ მსხვერპლი მასზე გრძელია, მაინც ყლაპავს და გველის კუდგამოჩრილი დარბის.

ამ ფრინველს "გზის მორბენალი" იმის გამო შეარქვეს, რომ წინათ ხშირად მისდევდა საფოსტო კარეტებს, რათა მათი ბორბლების ხმაურზე წამოშლილი მომცრო ცხოველები დაეჭირა! მორბენალი გუგული გუგულებისგან განსხვავებით სხვის ბუდეებში კვერცხებს არ დებს. ბუდეს იკეთებს შემაღლებულ ადგილას - ბუჩქებსა და კაქტუსებზე და 3-დან 6-მდე კვერცხს დებს. ბარტყებს ორივე მშობელი უვლის... ამერიკულ კულტურაში ამ ფრინველს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს - მისი სწრაფი სირბილის უნარით შთაგონებულმა "უორნერ ბრაზერსმა" მულტიპლიკაციური სერიალები შექმნა ("ეშმაკი კოიოტი და გზის მორბენალი" და ა.შ). შეიძლება ითქვას, რომ ამერიკაში მორბენალი გუგული უფრო პოპულარული ფრინველია, ვიდრე აშშ-ის სიმბოლო - თეთრთავა არწივი.

რამაზ გურგენიძე