როგორ უნდა გადავურჩეთ დემოგრაფიულ კატასტროფას?! - კვირის პალიტრა

როგორ უნდა გადავურჩეთ დემოგრაფიულ კატასტროფას?!

"შობადობის შემცირებაზე მოქმედებს მრავალი ფაქტორი - ეკონომიკური მდგომარეობა, რელიგიური შეხედულებები, განქორწინება. თუ 70-იან წლებში 49 ქორწინებაზე ერთი განქორწინება მოდიოდა, შარშანდელი მონაცემებით, ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით დასრულდა"

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კვლევის შედეგებით, საქართველო მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოში 136-ე ადგილზეა. დემოგრაფიულ საკითხებზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების ცენტრის დირექტორი ანზორ თოთაძე გვესაუბრა.

- საქართველოში უმძიმესი დემოგრაფიული ვითარებაა, რაც გამოწვეულია შობადობის შემცირებით. მართალია, ბოლო წლებში ბუნებრივი მატების მაჩვენებლები იზრდება, მაგრამ არაქართველი მოსახლეობის ხარჯზე. ძირითადად ქართველებით დასახლებულ რეგიონებში - კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთსა და გურიაში აღინიშნება ბუნებრივი კლება, ანუ მეტი კვდება, ვიდრე იბადება, სხვა რეგიონებში კი, მაგალითად, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში - მეტი იბადება და ბუნებრივი მატების მაჩვენებელიც მეტია.

შემორჩენილი გვაქვს მე-19 საუკუნის მონაცემები და მათი გაცნობისას ვრწმუნდებით, რომ მაშინაც რუსეთში, უკრაინაში, მეზობელ ქვეყნებში უფრო მაღალი იყო შობადობის მაჩვენებელი, ვიდრე საქართველოში. ამას მოწმობს ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებიც, მაგალითად:

"ერთი შვილი - არაშვილი;

ორი შვილი - ეგ რა შვილი?

სამი შვილი - ვითომ შვილი;

ოთხი შვილი - მართლა შვილი!"

მე-19 საუკუნის რუსეთში ოჯახში საშუალოდ ცხრა შვილი ჰყავდათ, ზოგან - მეტიც, ჩვენთან კი მსგავსი სიტუაცია არასოდეს ყოფილა. ამას ეთნოგრაფიული მასალებიც მოწმობს. მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში ქორწილში ნეფე-პატარძალს დალოცვისას უსურვებდნენ, ოთხი შვილი გაგეზარდოთ, სამი ვაჟი და ერთი ქალიო. ოთხზე მეტს არც ამბობდნენ. სვანეთში გამოთქმა იყო, სანატრელია ქალ-ვაჟიო, თუშ-ფშავ-ხევსურეთში კი ვისაც ხუთზე მეტი შვილი ჰყავდა, დასცინოდნენ. ამ კუთხეებში მიწა მცირე იყო და ეუბნებოდნენ, რით გინდა არჩინო ამდენი შვილიო.

ასე რომ, საქართველოში ახლანდელთან შედარებით მაღალი შობადობა კი იყო, მაგრამ არა ისეთი, როგორიც მეზობელ ქვეყნებში.

- მეოცე საუკუნის მონაცემები როგორია?

- მეოცე საუკუნეში ყველაზე მეტი ადამიანი 1961 წელს დაიბადა - 104 ათასი. მე-20 საუკუნეში წელიწადში 100 ათასამდე ბავშვი იბადებოდა, შობადობის შემცირება დაიწყო 90-იანი წლებიდან და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისისთვის თითქმის განახევრდა - წელიწადში 45-46 ათასი ბავშვი იბადებოდა. შემდეგ ეს მაჩვენებელი ისევ გაიზარდა. 2010-იანი წლების დასაწყისში კი შობადობის მაჩვენებელმა 60 ათასს გადააჭარბა.

2017 წლის მონაცემები ჯერ არ არის შესწავლილი, მაგრამ გასული წლის ნახევრის მიხედვით (დაიბადა 25 ათასი ბავშვი), შობადობა საგრძნობლად შემცირებულია და ამდენივეც რომ აღმოჩნდეს მეორე ნახევარში დაბადებული, შარშანწინდელ მონაცემებთან შედარებით მაინც ნაკლები იქნება.

შობადობის შემცირებაზე მოქმედებს მრავალი ფაქტორი - ეკონომიკური მდგომარეობა, რელიგიური შეხედულებები, განქორწინება.

თუ 70-იან წლებში 49 ქორწინებაზე ერთი განქორწინება მოდიოდა, შარშანდელი მონაცემებით, ყოველი მეორე ქორწინება განქორწინებით დასრულდა.

- მომავალში რა სურათს უნდა ველოდოთ?

- 2019 წლიდან ძალიან შემცირდება შობადობა, იმიტომ, რომ თუ 1980-89 წლებში საქართველოში 455 ათასი გოგონა დაიბადა, 2000-2009 წლებში 236 ათასი გოგონა მოევლინა ქვეყანას. ესე იგი განახევრდა გოგონების რაოდენობა, ამიტომ ბუნებრივია, ცოტა გოგონა ცოტას დაბადებს (საერთოდ, შობადობაზე საუბრისას გოგონების მონაცემები მოგვყავს).

2000 წელს დაბადებული გოგონები 2019 წლიდან დედობის ასაკში შედიან, ასე რომ, თუ კარდინალური და მნიშვნელოვანი ღონისძიებები არ გავატარეთ, შობადობის შემცირება დაიწყება.

- რა არის საჭირო სიტუაციის გამოსასწორებლად?

- როდესაც იქმნება საგანგაშო დემოგრაფიული სიტუაცია, უნდა გატარდეს საგანგებო დემოგრაფიული ღონისძიებები.

ჩვენ შევადგინეთ საქართველოს დემოგრაფიული განვითარების პროგრამა, რომლის მიხედვით, 10 წლის განმავლობაში, ყოველთვიურად, მესამე დაბადებულ ბავშვზე 300 ლარი გადაეცემა ოჯახს, ხოლო ყოველ მომდევნო ბავშვზე - 200-200 ლარი. ვფიქრობთ, ასეთი სტრატეგია გამოასწორებს ჩვენს მძიმე დემოგრაფიულ ვითარებას. ამ პროგრამის განხორციელებისთვის წელიწადში დაახლოებით 500 მილიონია საჭირო.

- სახელმწიფოს ამის საშუალება აქვს?

- უნდა მოვიძიოთ წყაროები, რათა ერმა ერი გადაარჩინოს, თორემ გადავშენდებით. შესაძლოა, ზოგიერთ საქონელზე, მაგალითად, ალკოჰოლიან სასმელებსა და თამბაქოზე, ფასი უმნიშვნელოდ გაიზარდოს, რაც შეგვაგროვებინებს საჭირო თანხას. ამ თემაზე მოსახლეობაში სოციოლოგიურ-დემოგრაფიული კვლევები ჩავატარეთ და მათ დემოგრაფიული პრობლემების გადასაჭრელად ფასების უმნიშვნელოდ გაზრდა შესაძლებლად მიაჩნიათ. თუ იქნება პოლიტიკური ნება და ეს ღონისძიებები გატარდება, ჩვენ გადავრჩებით.

ეკა სალაღაია