"სამწუხაროა, რომ ირაკლის წარმატებას ჩემი მეუღლე ვერ მოესწრო" - რას ამბობს "ღიმილის ბიჭი" ბაბუა შვილიშვილზე? - კვირის პალიტრა

"სამწუხაროა, რომ ირაკლის წარმატებას ჩემი მეუღლე ვერ მოესწრო" - რას ამბობს "ღიმილის ბიჭი" ბაბუა შვილიშვილზე?

ირაკლი კვირიკაძე დღეს ყველაზე პერსპექტიული ქართველი მსახიობია. ცოტა ხნის წინ, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ათ სხვა მსახიობთან ერთად, ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს. რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ფილმში - "მძევლები" ირაკლის მიერ განსახიერებულმა გეგა კობახიძემ, არამარტო ქართველი, ევროპელი მაყურებლის ყურადღებაც დაიმსახურა.

ირაკლი კვირიკაძე მსახიობ ნინო ქორიძის უფროსი შვილია, ასევე არქიტექტორ კახა ქორიძის უფროსი შვილიშვილი. კახა ქორიძეც ახალგაზრდობაში რჟისორების სამიზნე იყო - ქართულმა კინომ მისი სახე "ღიმილის ბიჭებში" აღბეჭდა. წარმატებულ შვილიშვილზე სასაუბროდ AMBEBI.GE სწორედ კახა ქორიძეს ესტუმრა.

- ბატონო კახა, როგორ შეხვდით და როგორ აფასებთ შვილიშვილის წარმატებას?

- დიდი სიხარულით შევხდი და სრულიად ვიზიარებ საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებას. დაჯილდოების დღეს, ტელევიზიით, პირდაპირ ეთერში, მასზე საოცარი სიტყვები მოვისმინე: "ირაკლის წარმატება საქართველოს კინოინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება. მან ნამდვილად შთამბეჭდავი გარდასახვა შემოგვთავაზა ფილმში „მძევლები“. ირაკლიმ ამ დრამაში ემოციური სიღრმე გამოავლინა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. როგორც პროფესიონალმა მსახიობმა შეძლო, წარმოუდგენელი ოსტატობით გადმოეცა გმირის ისეთი ემოციები, როგორიც არის ვნება, გაბრაზება და მგრძნობიარე ბუნება.

"საოცარი ბუნებრიობით შესრულებული როლი, მისი უსაზღვრო ენერგია და ნიჭი, ირაკლის ხდის იმ მსახიობად, რომლის ყურება სულ გინდა“ - დიახ, ამ სიტყვებით ახსნა ჯილდოს გადაცემის წინ ევროპული კინოპრომოუშენის ჟიურის წევრმა ირაკლი კვირიკაძისთვის ევროპელი ვარსკვლავის ჯილდოს მინიჭება...

დაჯილდოების ცერემონიალს ყოველდღე ახლიდან ვუყურებ და ქართველ ხალხთან ერთად, მეც ძალიან მეამაყება. შვილებისა და შვილიშვილების წარმატება ყველაზე დიდი ბედნიერებაა ამქვეყნად...

- როგორ ფიქრობთ, ეს თქვენი გენის დამსახურებაა? ისე, საინტერესო პარალელი მოხდა - თქვენც ხომ ახალგაზრდა გადაგიღეს ფილმში "ღიმილის ბიჭები"...

- გენის დამსახურებაა თუ არა, ამას ვერ გეტყვით, 14 წლისას მეც ძალიან მინდოდა მსახიობობა, მაგრამ მოგვიანებით, „ღიმილის ბიჭებში“ გადაღებისას, მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი მოწოდება, მსახიობის კარიერას არ გავყევი, არც თავი და არც მაყურებელი შევაწუხე. იმ დროისთვის მე არქიტექტორის პროფესია მქონდა არჩეული და ვფიქრობ, ამ არჩევანში არ შევმცდარვარ. თუმცა, თეატრსა და კინოინდუსტრასთან კავშირი არ გამიწყვეტია, როგორც დამდგმელ მხატვარს.

ირაკლის არჩევანი და წარმატება უფრო მისი კინომატოგრაფისტული ოჯახის დამსახურებაა. დედა, ნინო წარმატებული მსახიობია. ნინოს როლი ფილმში „მარილივით თეთრი“, ცნობილმა გერმანელმა კინოკრიტიკოსმა - კნუტ ელსტერმანმა ასე შეაფასა: „ჩვენ ყველანი ღრმა შთაბეჭდილების ქვეშ ვართ, მისი სიძლიერით, მგრძნობიარობით და ფანტასტიკური ხასიათით. ვფიქრობ, რომ ის საუკეთესო მსახიობი და დიდი ვარსკვლავია საქართველოში. მისი სახელია ნინო ქორიძე. ჩვენ აუცილებლად უნდა დავიმახსოვროთ ეს სახელი და გვარი, რადგან კიდევ უნდა ვნახოთ ის დიდ ეკრანზე“... ნინოს მეუღლე - თორნიკე გოგრიჭიანი ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობია და ამასთანავე, შარშან, მისმა რეჟისორულმა დებიუტმა, მოკლემეტრაჟინმა ფილმმა „ანდრომ“ თეირანის საერთაშორისო ფესტივალზე უმაღლესი ჯილდო „გრანპრი“ მოიპოვა. ირაკლის პატარა დაიკომ, 5 წლის ნატალიკომ, სერიალში „ხელოვნური სუნთქვა“ მამასთან, თორნიკესთან ერთად, შესანიშნავად ითამაშა. ასე რომ, ირაკლი ცხოვრობს კინოსამყაროში.

ირაკლის წარმატება განაპირობა ასევე კინოფილმის „მძევლების“ შემოქმედებითმა ჯგუფმა - როგორც რეჟისორმა, ასევე ფილმში მონაწილე კარგად ცნობილმა თუ ახალბედა მსახიობებმა. ჩემი შვილიშვილის გამარჯვებას წინ უსწრებდა ქორწინება უმშვენიერეს ელენე მახარაშვილზე. ვფიქრობ, რომ ადამიანის რეალიზაციისა და სრულყოფისთვის მნიშვნელოვანია, შეხვდე შენი ცხოვრების თანამგზავრსა და შთაგონებას, რომელიც განაპირობებს შენს წარმატებას. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს შვილიშვილს ასეთი მეუღლე ჰყავს. (გაგრძელება)

ლალი ფაცია