სიცხისგან გულწასული აპლიკანტები და მელანმდინარე "ვულკან-კალამი" - კვირის პალიტრა

სიცხისგან გულწასული აპლიკანტები და მელანმდინარე "ვულკან-კალამი"

აბონენტი - მაია გაბუნია (გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი).

ზუმერი.

- გისმენთ!

- შეიძლება, ერთიან ეროვნულ გამოცდებს დავესწრო? მინდა, საკუთარი თვალით ნანახი დავწერო. აკრედიტაცია მჭირდება, იქნებ...

- იმის გამო, რომ აპლიკანტებს დისკომფორტი არ შეექმნათ, გამოცდაზე საერთოდ არ ვუშვებთ მედიის წარმომადგენლებს. უკაცრავად...

დისკომფორტიო...

რა გამოსადეგი სიტყვა მითხრა ქალბატონმა მაიამ, სწორედაც, რომ დისკომფორტზე მინდოდა დამეწერა. იმ დისკომფორტზე, რომელიც  საგამოცდო განცდებით დაზაფრულ აპლიკანტებს ექმნებათ.

იმის გამო, რომ სტატია კომპეტენტური ყოფილიყო, არ მინდოდა, გამოცდებიდან გამოსული ახალგაზრდების "საჩივრებით" შემოვფარგლულიყავი. მით უმეტეს, რომ ნებისმიერი სახის გამოცდა ნებისმიერი ასაკის ადამიანს გარკვეულწილად ზაფრავს, ძაბავს, ანერვიულებს. დამეთანხმებით, შიშსაც ფართო თვალები აქვს, ჯერ კიდევ მოზარდი "გამოსაცდელი" ბავშვის ფანტაზიას კი, შესაძლოა, საზღვარიც არ ჰქონდეს. თუმცა, ის, რაც არაერთმა ახალგაზრდამ მიამბო, ერთმანეთს დაემთხვა და ერთიანი ეროვნული განცდების შესახებ გარკვეული წარმოდგენა მაინც შემიქმნა.

პრობლემა #1

თაკარა მზე. ხალხის ზღვა. ანერვიულებული მშობლები და დამფრთხალი ბავშვები. დამღლელი ლოდინი.

ასობით ახალგაზრდა გული ერთნაირად ცემს - გამალებით, ისე, თითქოს საგულედან ამოხტომას ლამობს.

რიგი უსასრულოს ჰგავს. "გამოსაცდელებს", ვიდრე ცოდნას შეუმოწმებენ და სანატრელ სტუდენტის მანტიას მოასხამენ, ჯიბეებს, უბეებს, ყველაფერს უმოწმებენ, ლამის ტანსაცმელს ძარცვავენ. არ ვაჭარბებ, უხერხულობაშეპყრობილი ბავშვები იშმუშნებიან, მაგრამ ნებდებიან.

აკაკი წერეთლის "ჩემი თავგადასავალი" მაგონდება: "გულგახეთქილი შევიჭერ შინ; დედ-მამამ რომ გაიგეს, რაც მოხდა, შეწუხდნენ და ბევრიც მირჩიეს: წადი, რა ვუყოთ, გაგროზგონ, ეგ მარტო შენს თავზე ხომ არ არის, ყველას როზგავენო. მოითმინე, მოიჭირვე, მიეჩვიე და ბოლოს კაცი გამოხვალო; მაგათში უმისოდ არ შეიძლებაო!..."

ისე, როზგიც არის და როზგიც. აქ სხვაგვარ "როზგთან" გვაქვს საქმე - ამ "როზგს" ერთიანი ეროვნული საგამოცდო დისციპლინა ეწოდება.

პრობლემა #2

გამოცდაზე რომ არაფრის შეტანა შეიძლება, გარდა ცხვირსახოცისა და წყლისა, რომელიც აუცილებლად გამჭვირვალე ბოთლში უნდა ესხას, არახალია.  ჰო, რაც მთავარია, "გამოსაცდელმა" უნდა შეიტანოს დაგროვილი ცოდნა, რომელსაც სპეციალურად მისთვის განკუთვნილი, განსაკუთრებული კალმით დააფიქსირებს. რატომ განსაკუთრებული? მხოლოდ იმ კალამში განთავსებულ მელანს "ხედავს" კომპიუტერი.

ამ კალამს "გელიანს" უწოდებენ. განსაკუთრებულია იმითაც, რომ მისი დიდხანს ხელში დაჭერა დაუშვებელია. დამკვირვებლები ბავშვებს მკაცრად აფრთხილებდნენ, პერიოდულად "გაეგრილებინათ" კალამი, თორემ... თორემ მელანი-გელი ადუღდება და კალამი "აფეთქდება". და კიდევ, თუ ვულკან-კალამი გელ-მელანს ლავასავით გადმოღვრის და თუ თუნდაც ერთი წვეთით დაზიანდება საგამოცდო ფურცელი, ნაშრომი ანულირებულად ჩაითვლება, აპლიკანტს კი "ნაღვაწის" ხელახლა დაწერა მოუწევს.

კიდევ ერთი "კეთილთვისება" კალმისა - წერის დროს ფურცელზე ნაფიქრალს "წყვეტილად" გადმოსცემს! თუ მომავალი სტუდენტი იშვიათ გამონაკლისში არ აღმოჩნდა და უხარისხო საწერი საშუალება შეხვდა, შეუძლია, შეცვალოს. დიდი შანსია, ცვალოს, ცვალოს, მაგრამ წესიერი კალამი ვერ აღმოაჩინოს. ბოლოს ბედს შეეგუება, გამოცდისთვის განსაზღვრული რეგლამენტიც დაენანება და იძულებული გახდება, ფურცელზე გამოყვანილ ასოებს ორჯერ მაინც "შემოუაროს".

ამჯერად სხვაგვარ "როზგთან" გვაქვს საქმე - ამ "როზგს" ერთიანი ეროვნული ხარისხიანობა ეწოდება.

პრობლემა #3

საგამოცდო სივრცე დახურულია. ამბობენ, დებულებაში წერია, რომ ფანჯრის გაღებაც არ შეიძლება. ეროვნული საგამოცდო ცენტრის ოფიციალურ საიტზე გამოცდის ჩატარების პირობებთან დაკავშირებული აქტი ვერსად მოვიძიე. მოკლედ, ეს დახურული სივრცე დახუთულიც არის... თუ მომავალ სტუდენტთა რომელიმე ნაკადს გაუმართლა და იმ აუდიტორიაში აღმოჩნდა, სადაც კონდიციონერია დამონტაჟებული ან სულაც, ფანჯრის გაღებაა შესაძლებელი (ზოგიერთ აუდიტორიასა და დერეფანში გახსნილი ფანჯარაც სანატრელი ფუფუნებაა, არ იღება უბრალოდ),

გადარჩენილია (როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა გაზეთ "კვირის პალიტრის" წინა ნომერში ინტერვიუში განაცხადა, საგამოცდო ცენტრების სრული კონდიცირება შეუძლებელია. ეს გულისხმობს, რომ რომელიმე სექტორი მაინც უნდა იყოს ამ მხრივ "პრივილეგირებული", თუმცა... ამაზე სტატიის დასასრულს). იმ ბავშვებმა რა დააშავეს, რომლებიც დერეფნებსა თუ სხვა უჰაერო ოთახებში აღმოჩნდნენ და გულის წასვლამდე მივიდნენ სიცხისა და ხვატის გამო? თუმცა, ეგ არაფერია,

რამდენიმე დღის წინ საქართველოში ჩამობრძანებულ ჰილარი კლინტონსაც კი არ ეღირსა მსგავსი კომფორტი. არასდროს დამავიწყდება ამერიკის შეერთებული შტატების ექსპირველი ლედისა და ამჟამინდელი  სახელმწიფო მდივნის გაოცებული გამომეტყველება, როდესაც საჯარო ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში ლიდერ ქალბატონებთან შეხვედრისას პროპელერიანი გასაგრილებელი საშუალებები იხილა... კიდევ კარგი, "გამოსაცდელი" ახალგაზრდებივით ისიც არ ამოხუთეს დახურულ სივრცეში. ისე, ცოტა არ იყოს, გასაკვირია, ჩვენ ხომ "ჩამოსული" სტუმრის საკუთარ ოჯახის წევრებზე მეტად დაფასება გვჩვევია? ჰოდა, სტუდენტების უჰაერობაზე მეტად ჰილარის "გამოხრჩობამ" გამაოცა...

აქ კიდევ ერთ, სხვაგვარ "როზგთან" გვაქვს საქმე - ამ "როზგს" ერთიანი ეროვნული საგამოცდო "ხრჩობა" ეწოდება.

მაია მიმინოშვილი: "იმ შემთხვევაში, თუ ათასში ერთხელ კალამი მწყობრიდან გამოვა, ან პასუხების ფურცელი დაისვრება, ჩვენ მათ კალამსაც და ფურცელსაც ახლით ჩავუნაცვლებთ.

ანულირება? როგორ გეკადრებათ, არავითარ შემთხვევაში! თუ შექმნილი პრობლემის გამო აბიტურიენტს თემის თავიდან დაწერა მოუხდება, დამატებით დროსაც კი ვაძლევთ, არათუ ნაშრომის ანულირებას ვახდენთ. გეტყვით, რომ საქართველოს მასშტაბით 800 საგამოცდო სექტორი გვაქვს, კონდიცირება კი არც ერთ მათგანში არ გვაქვს(?!). იმის გამო, რომ ორპირმა ქარმა მაინც იმოძრაოს, კარებსა და ფანჯრებს აუცილებლად ღიად ვტოვებთ."

ცნობისათვის: აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში საბუთებთან ერთად 20 ლარსაც "აბარებს". წელს სტუდენტობის სურვილი 36 ათასზე მეტ ახალგაზრდას გაუჩნდა... რაც საკმაოდ დიდი თანხაა, იმისთვის რომ კონდენცირებაც გახდეს შესაძლებელი.

P.S. კვლავ აკაკი და ნაწყვეტი მისი თავგადასავალიდან: "წერაში ხელი გამიფუჭდა და დღესაც კიდევ გაურკვევლად ვწერ; ვინც ჩემ ნაწერებს დახედავს, გაუკვირდება, რომ ზოგან კარგი ხელია და ადგილ-ადგილ კი ნაჯღაბნი და გაუგებარი, ეს მაშინ მემართება, როცა ინსტიქტურად მაგონდება ხოლმე მაშინდელი ჩემი ტანჯვა. ეს შემთხვევა რა გასახსენებელი იყო, მაგრამ მიტომ ვამბობ, რომ მშობლებმა და მასწავლებლებმა იგულისხმონ, თუ რა ძნელია სათუთ ბავშვებთან სასტიკად მოპყრობა და რა შედეგი მოჰყვება ხოლმე..."

P.P.S.  "განცდას" სულხან-საბას "სიტყვის კონაში" ერთადერთი განმარტება აქვს - გამოცდა...