"ფილტვების ანთების უმძიმესი ფორმა აღმომაჩნდა, ეს კი მეუბნებოდა, კარმა გაქვს გასაწმენდიო!" - კვირის პალიტრა

"ფილტვების ანთების უმძიმესი ფორმა აღმომაჩნდა, ეს კი მეუბნებოდა, კარმა გაქვს გასაწმენდიო!"

"კვირის პალიტრამ" ირაკლი ლომაიას წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

"მკურნალობის ფულის უკან დაბრუნება რომ მოვითხოვე, ლომაიას თანამშრომლებმა ისეთი დღე მაყარეს, ლამის მცემეს"

შეიძლება ითქვას, რომ "კვირის პალიტრისა" და ირაკლი ლომაიას დაპირისპირება ამ უკანასკნელისთვის დრამატული სცენარით განვითარდა, - "კვირის პალიტრამ" "პარაფსიქოლოგიის მამის" წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ "მედია პალიტრის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა.

ზვიად კორძაძე: - 2 ივლისს ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკით" გავრცელებული ინფორმაცია "კვირის პალიტრის" საქმიანი რეპუტაციისა და ჟურნალისტ ხათუნა პაიჭაძის ღირსების შელახვის მცდელობა იყო. ირაკლი ლომაიას მიერ გამოთქმული ბრალდება, თითქოს "კვირის პალიტრა" აშანტაჟებს სხვადასხვა ორგანიზაციას და ფულს ამ გზით შოულობს, აშკარად ყალბი და შეურაცხმყოფელია. ყალბია ლომაიას მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერიც, რომლის მიხედვითაც თითქოს ხათუნა პაიჭაძე მას თანხას სძალავდა. ჩვენ ვითხოვთ ამ ინფორმაციის უარყოფას ბატონ ლომაიას მიერ, იმავე მედიასაშუალებებით, რომლითაც ის გავრცელდა. მეორე მოთხოვნაა 50-50 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა როგორც გაზეთისთვის, ასევე ჟურნალისტისთვისაც.

ჩვენ ასევე სასამართლოს ვთხოვთ აუდიოჩანაწერის ექსპერტიზის ჩატარებას იმის დასამტკიცებლად, რომ ეს არ არის ხათუნა პაიჭაძის ხმა. ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან ჩვენს მოტყუებას, მაგრამ მათ ანკესს არ უნდა წამოვეგოთ. ასეთ დროს ჟურნალისტისა და მედიასაშუალების ვალია დაადგინონ, სად არის ტყუილი და სად - სიმართლე. ქალბატონი ხათუნა შეეცადა სიმართლე დაედგინა, დანარჩენს კი, ალბათ, სასამართლო გაარკვევს.

მარიკა დარჩია, "მედია პალიტრის" კრეატიული დირექტორი: - თანხას, რომელსაც სასამართლო ირაკლი ლომაიას დააკისრებს, სრულად გადავცემთ საქველმოქმედო სახლ "კათარზისს", რათა მოხუცთა და მიუსაფართა პროგრამებს მოხმარდეს".

პრესკონფერენციაზე ირაკლი ლომაიას ყოფილი პაციენტებიც დაუპირისპირდნენ:

ჟანეტა გულუაშვილი: "ჩემს შვილს ჯანმრთელობა შერყეული აქვს. რომ გავიგე, ირაკლი ლომაია ხალხს მკურნალობს და შველისო, მის ოფისში მივედი. თბილად მიმიღეს და ყურადღებით მომისმინეს, ორასი ლარის გადახდის შემდეგ კი ირაკლი ლომაიამ რაღაც სითხე გამომატანა, რომელიც სინამდვილეში წყალი აღმოჩნდა. ამ ე.წ. მკურნალობას შედეგი, ბუნებრივია, არ მოჰყოლია.

ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემი ფული დამებრუნებინა და მივაკითხე ლომაიას ახალ ოფისს წერეთლის პროსპექტზე. ჯერ კარსაც არ მიღებდნენ, მაგრამ, როგორც იქნა, მიმიღეს. ფულის დაბრუნებაზე სასტიკი უარი მტკიცეს: მე არავისი მეშინია, სადაც გინდა, იქ მიჩივლეო, მითხრა ირაკლი ლომაიამ".

ნინო ბუცხრიკიძე: "ეპილეფსია მქონდა და მკურნალობის ტრადიციული მეთოდით რომ ვერაფერს გახდნენ ექიმები, ახლობლების რჩევით ირაკლი ლომაიასთან ვიზიტზე ჩავეწერე. დამპირდა, რომ მომარჩენდა, მაგრამ ყოველ ვიზიტზე ჩემი მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა. სამჯერ მივედი და 200 ლარის გადახდა მომთხოვეს. რა უნდა მექნა, გადავიხადე, მკურნალობამ ნაყოფი რომ არ გამოიღო, ფულის დაბრუნება მოვითხოვე, მაგრამ მისმა თანამშრომლებმა ისეთი დღე დამაყარეს, ლამის მცემეს. რა უნდა მექნა, შევეგუე, რომ მწარედ მომატყუეს, 200 ლარი, ფაქტობრივად, წყალში გადავყარე".

მელანია გულაშვილი: "მეუღლე მყავს პარკინსონიზმის მძიმე ფორმით დაავადებული. ირაკლი ლომაიას შესახებ გადაცემა ვნახე, ვიფიქრე, ეს ყოფილა, რაც ყოფილა-მეთქი და გადავწყვიტე, მეუღლე მიმეყვანა სამკურნალოდ. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების ბაზაში ვართ დარეგისტრირებული. ჩემი მეუღლე ახალგორიდან არის დევნილი, ოჯახში კიდევ ერთი ავადმყოფი გოგონა მყავს, ცერებრალური დამბლით და ქვედა კიდურების პარეზით.

ვკითხე, ოჯახში ასეთი მძიმე მდგომარეობა გვაქვს და შეღავათს თუ გამიწევ-მეთქი. შეღავათი ჩემთან არ არსებობსო, მითხრა ლომაიამ და გამიფორმა ხელშეკრულება, სანთლებიც მომცა და მითხრა, თუ სანთლების დანთებაში შეცდომა მოგივათ, დამირეკე და გამოვასწორებო (სანთელი დღეში ერთხელ უნდა დამენთო).

ამ მომსახურებაში 300 ლარი გადამახდევინა. ჩემს მეუღლეს "შეეშალა" და სანთელი დღეში ორჯერ, უჩემოდ დაანთო. მივედი ლომაიასთან და ვთხოვე, "შეცდომა" გამოესწორებინა.

მითხრა, თუ მკურნალობის გაგრძელება გინდა, კიდევ 60 ლარი მომეციო(!). ავტირდი, 300 ლარი მოგეცი და კიდევ 60 ლარი სად მაქვს-მეთქი და ლამის კინწისკვრით გამომაგდო კაბინეტიდან. მეორე დღეს ჩემს ახლობელ თემურ ჯანიაშვილთან ერთად მივედი ლომაიასთან და მოვითხოვე თანხის დაბრუნება, რაზეც კატეგორიული უარი მივიღეთ.

პატრულიც გამოვიძახეთ. შეადგინეს ოქმი, მაგრამ ლომაიამ ხელი არ მოუწერა, ავადმყოფს არ ვიცნობო(?!). თუ ავადმყოფს არ იცნობდა, ვის მკურნალობდა? ლომაია რომ თაღლითია, ამას კიდევ უნდა მტკიცება?! მე ის მაფიქრებს, რატომ აპარპაშებს ასეთ თაღლითებს სახელმწიფო, პატრულიც ამბობდა, თაღლითიაო და თუ ეს იციან, რატომ აძლევენ ამდენის უფლებას?"

მერი ვარამაშვილი: "2007 წელს თავი შეუძლოდ ვიგრძენი. იმისთანა რეკლამები ჰქონდა ლომაიას, რომ ვიფიქრე, არიქა, ღვთით მოვლენილი მესიაა-მეთქი და მის ოფისს მივადექი ქუთაისის ქუჩაზე. მითხრა, აუცილებლად განგკურნავ, აურა თუ კარმა გაქვს გასაწმენდიო. პირველ რიგში 185 ლარი გადამახდევინა და მერე სურათი მიმატანინა. რამდენიმე დღის შემდეგ დამიბარა და სანთლები მომცა. ვანთებდი, მაგრამ უკეთესობის არაფერი მეტყობოდა, პირიქით.

ბოლოს გადავწყვიტე პოლიკლინიკაში წავსულიყავი, ექიმთან. პოლიკლინიკაში ისე ცუდად გავხდი, იძულებული გახდნენ სასწრაფო გამოეძახებინათ. რკინიგზის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადამიყვანეს. ფილტვების ანთების უმძიმესი ფორმა აღმომაჩნდა, ეს კი მეუბნებოდა, კარმა გაქვს გასაწმენდიო! (კარმათმპყრობელს ფილტვი გამორჩა?! - ავტ.) ერთი თვე ვიწექი საავადმყოფოში, ძლივს გადამარჩინეს.

საავადმყოფოდან რომ გამოვეწერე, ლომაიას ოფისს მივადექი, არაფერი მიშველა თქვენმა სანთლებმა და ფული უკან დამიბრუნეთ-მეთქი. მაგ თაღლითთან აღარ შემიშვეს, მითხრეს, განცხადება დაწერე და ფულს დაგიბრუნებთო. დავწერე, მაგრამ მალე გაიპარნენ.

ამის მერე კიდევ საავადმყოფოში მოვხვდი, ფეხის ოპერაცია გამიკეთეს. ყავარჯნებით მივედი ლომაიას ახალ ოფისში კარგარეთელის #8-ში. ისევ არ შემიშვეს, დაცვა ჰყავდა დაყენებული. მითხრეს, არ გეკუთვნის ფულის დაბრუნება, სანთლები ხომ წაიღეო? მერე ვითომ შემიბრალეს, რადგან ინვალიდი ხარ, განცხადება დაწერე და ფულს დაგიბრუნებთო. ბუღალტერმა მითხრა, ყავარჯნებით ხარ, ეგ საბუთები არ დაგეკარგოს, ჩვენ დაგვიტოვეო და გამომართვა. ცოტა ხანში დამირეკეს და მითხრეს, ბატონი ირაკლი დასასვენებლად მიდის და სექტემბერში მოგცემთ ფულსო. რამდენი ხანი გავიდა და არავის არაფერი მოუცია. ასე თაღლითურად გამომძალა ლომაიამ ფული. მოგვხედეთ საწყალ ხალხს".

ხათუნა პაიჭაძე: "ბატონ ლომაიას პასუხისგება მოუწევს ხალხის მოტყუებისათვის, ასევე ჩემი და "კვირის პალიტრის" ცილისწამებისთვის. ჯერ იყო და, გაზეთ "ქრონიკაში" გამოაქვეყნა სარეკლამო სტატია სათაურით "ქალბატონი პაიჭაძისთვის არც ჩემი გაღმერთება იყო პრობლემა, თუ კარგა მაყუთს მოღუნავდა და ჩაიდებდა ჯიბეში", მოგვიანებით კი ტელეკომპანია "იმედს" მიაწოდა ე.წ. ფარული ჩანაწერი, სადაც თითქოს მე მასალების გამოუქვეყნებლობის სანაცვლოდ, გაზეთში რეკლამის მიტანას ვთხოვ. დავიწყოთ იქიდან, რომ ირაკლი ლომაიას მიერ ტელეკომპანიისთვის მიწოდებულ ჩანაწერში ჩემი ხმა არ არის.

მე არც ლომაიასთან და არც ვინმე სხვასთან, რეკლამის თაობაზე არ მისაუბრია. იმიტომ, რომ ეს ჩემი საქმე არ არის. მეორეც, "კვირის პალიტრაში" რეკლამა იმდენია, რომ ძალიან ხშირად, ძალიან პატივსაცემი კლიენტებისთვისაც კი სარეკლამო განყოფილებას უწევს უარის თქმა, იმიტომ, რომ ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მკითხველზე. გაზეთში ძალზე ბევრი რეკლამა მათ გაღიზიანებას იწვევს.

ლომაია შეეცადა, შეელახა ჩემი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია. ლომაიამ არც "კვირის პალიტრას" დააკლო. ამიტომ ცალკე მე და ცალკე "კვირის პალიტრამ" ირაკლი ლომაიას წინაღმდეგ სასამართლოში სარჩელი აღვძარით. მას მოუწევს პასუხისგება ცილისწამებისა და ყალბი ჩანაწერისთვის. ვიმეორებ, ირაკლი ლომაიასთანა ადამიანები ხელს ვერ შემიშლიან მამხილებელი მასალების გამოქვეყნებაში.

მე განცხადებით მივმართე პროკურატურასაც, გადავეცი ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია და დოკუმენტური მასალა, რომელიც ლომაიას ყალბ პასპორტს ეხება. მოგეხსენებათ, ლომაია აზერბაიჯანის მოქალაქის, ვინმე მიკი დავიდოვიჩ ლაიენის სახელით სარგებლობდა. ამ გვარ-სახელზე მას ლიცენზიაც აქვს მიღებული.

მას შემდეგ, რაც ბატონ ლომაიას წინააღმდეგ "კვირის პალიტრამ" და ჟურნალისტმა ხათუნა პაიჭაძემ სასამართლოს მიმართეს, ბატონ ირაკლის წარმომადგენლებმა რამდენიმე ცნობილ ადვოკატს მიაკითხეს.

KvirisPalitra.Geდიმიტრი გაბუნია, ადვოკატი:

- ჩემთან მოვიდა ლომაიას წარმომადგენელი ჩემი კოლეგა და გადმომცა მისი სურვილი, ამ საქმეში მისი დამცველის როლი მეკისრა. არ დავთანხმდი, რადგან მიმაჩნია, რომ ჟურნალისტის ძალზე დასაბუთებული პრეტენზიის წინააღმდეგ გამოსვლა და ლომაიას დაცვა, ცოტა არ იყოს, გამიჭირდებოდა.

P.S. "კვირის პალიტრა" დაელოდება სასამართლო გადაწყვეტილებას, ასევე პროკურატურის მოკვლევას და აუცილებლად მოგაწვდით ინფორმაციას, მათი შედეგების შესახებ.

ხათუნა ჩიგოგიძე

www.kvirispalitra.ge

გამოხმაურება

"კვირის პალიტრაში" წერილის "ბოდიში, თქვენ გელით..." გამოქვეყნების შემდეგ რედაქციაში - სატელეფონო ზარები, ინტერნეტსაიტებზე კი კომენტარები არ წყდება. რედაქციაში დაზარალებულთა მიმოსვლა გრძელდება. მოქალაქეები კმაყოფილი არიან, რომ ბოლოს და ბოლოს ირაკლი ლომაიას თაღლითობა გამოაშკარავდა. გთავაზობთ ინტერნეტსაიტებზე გამოქვეყნებულ კომენტართაგან მცირედს:

ელენე

საუბედუროდ, მასთან ისეთი ხალხი მიდის, ვისაც ისედაც რთული ყოველდღიური ცხოვრების ფონზე, სხვა უფრო რთული პრობლემა ექმნება. მაშინ ადამიანი ჩიხშია, გამოსავალს ვერ ხედავს, არ იცის, როგორ უშველოს თავს ან ახლობელს და ადვილად წამოეგება თაღლითების ანკესზე.

დიდი მადლობა სტატიისთვის, სიმართლეს წერთ. ხალხი კითხულობს გაზეთს და იმედია, თვალები აეხილება. გაზეთებში რეკლამა ყოველთვის იყო და იქნება, ზოგი ტყუილი, ზოგიც მართალი, მთავარია, ჩვენ, მკითხველებმა, ვიცოდეთ სიტუაციის სწორად შეფასება და გაანალიზება, მაგრამ სწავლა სიკვდილამდეო, ხომ გაგიგონიათ და თქვენი სტატიაც მაგას ემსახურება. დიდი მადლობა.

გიორგი

უჩივლეთ, რომ დაიმსხვრეს ის მითი, ვითომ რაღაცას კურნავს, თორემ გამწარებული ხალხი გამოუტანს განაჩენს.

JD

სამედიცინო მაგას დამთავრებული არა აქვს და ახლა ახალ ტყუილებს წერს, ორდინატურა და რეზიდენტურა დავამთავრეო. აი, მაგალითისათვის, "პროფილში" რომ გამოვიდა ქალი, ლომაიამ გადამარჩინაო... დავიწყოთ იმით, რომ იმ ქალს გადაუხადეს, ეს რომ ეთქვა; მეორე მომენტი კი ისაა, რომ ექიმ ლომაიას რეზიდენტურაში მარტო ერთი სიტყვა ასწავლეს "სარკომა" - სხვა სიტყვები და ტერმინები არ იცის. იმას სარკომა ჰქონდაო, ამას სარკომა ჰქონდაო. სარკომების სპეციალისტია, ვიწრო პროფილი აქვს, ეტყობა!

მის "მამობაზეც" ვიტყვი... ხალხნო, ეს წოდება თქვენში რა ასოციაციას იწვევს? "პრიკოლი" იმაშია, რომ ლომაიას არანაირი ინტელექტი არა აქვს, იყო თავის დროზე კალიოსტრო, იყო სენ-ჟერმენი - დახვეწილი აფერისტები. ლომაია კიდევ "ხამია" და უნახავი. მისი გარეგნობა, ტანსაცმელი, გველის ტყავის ტუფლები და ოქროები - ნუთუ არაა საკმარისი, რომ მივხვდეთ, რას წარმოადგენს? ეს "მამა" თვითონ მოიფიქრა, იმიტომ, რომ მაგას პარაფსიქოლოგია და ქურდული გაგება ეშლება!

ააა და კიდე: ხალხნო, მათემატიკა არ იცის ლომაიამ! 27 წლის ბიჭი იტყუება, რომ 9 წელია უკვე მუშაობს და 40000 პაციენტი ჰყავს. ახლა ავიღოთ კალკულატორი. 40000 გავყოთ 9-ზე, გამოდის 4444 პაციენტი წელიწადში. 4444 გავყოთ 365-ზე და გამოდის საშუალოდ 12 პაციენტი დღეში, ყოველდღე, შესვენების გარეშე. ეს ხომ აბსურდია?! აი, კიდევ ციტატა ლომაიას სტატიიდან: "უწყვეტი პრაქტიკული საქმიანობის გარდა, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასაც ვეწევი".

ჩემი კომენტარი: მის უწყვეტ საქმიანობაში იგულისხმება შემდეგი: "ოდნოკლასნიკებში" ჯდომა და ახალი სურათების დადება, Youtube-ზე ახალი სლაიდშოუების ჩატვირთვა, ახალი ინტრიგებისა და პიარების დაგეგმვა, აგრეთვე კომენტარების, ინფორმაციისა და ფოტოების დათვალიერება.

გოგა

რაღაც ინფორმაცია და მასალა მეც მაქვს. თუ გნებავთ, დამიკავშირდით და გაგაცნობთ. მე ვიბრძვი პატარა ბავშვის გულისთვის, რომელსაც 1 წელზე მეტია მკურნალობს ლომაია, მაგრამ გაუმჯობესებისა არაფერი ემჩნევა. არადა ბავშვის დედამ 6.000 დოლარი გადაუხადა, რის გამოც ბინა დააგირავა და ხან სად ათენებენ, ხან კი სად. გთხოვთ ამ ოჯახს დავეხმაროთ.