წიგნი, რომელიც ისტორიაზე მეტია - კვირის პალიტრა

წიგნი, რომელიც ისტორიაზე მეტია

წიგნი ჯერ არ დაწერილა და უკვე სკანდალური გახდა. არადა, ლაპარაკია მხოლოდ და მხოლოდ სკოლის დამხმარე სახელმძღვანელოზე და არა რომელიმე ცნობილი ადამიანის პირადი ცხოვრების პიკანტურ დეტალებზე. ისტორიის წიგნი ლამის ორ სახელმწიფოს შორის კიდევ ერთი დაძაბულობის მიზეზი გახდეს.

ამ ჯერ დაუწერელ წიგნს უკვე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მისი დაწერის განზრახვა დაგმო. არანაკლები უკმაყოფილება მოჰყვა ამას საქართველოშიც. ისტორიკოსების ნაწილი იმ ფაქტმა აღაშფოთა, რომ ბავშვებს ცალკე საგნად უნდა ასწავლონ რუსეთის ოკუპაციის ორასწლიანი ისტორია. აქაოდა, მაშინ ცალკე საგნად უნდა შემოვიღოთ სპარსეთის ან ოსმალეთის ოკუპაციის ისტორიებიცო.

სხვათა შორის, ახლა ბევრი იხსენებს სპარსეთისა და ოსმალეთის მაგალითს. ამბობენ, რუსებზე გაცილებით მეტი ზიანი სპარსელებმა და ოსმალებმა მოგვაყენეს, მაგრამ ახლა ირანთანაც და განსაკუთრებით თურქეთთან მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს და ძველ მტრობას აღარ ვიხსენებთო. აქედან გამომდინარე, რუსეთისგან მოყენებული წყენაც უნდა დავივიწყოთ და შევეცადოთ კეთილმეზობლური ურთიერთობა დავამყაროთ, არ შევქმნათ მტრის ხატი და ბავშვები ამ ქვეყნის სიძულვილით არ გავზარდოთო.

რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მის ავტორებს ავიწყდებათ ერთი, მთავარი განსხვავება, რომელიც სპარსეთ-ოსმალეთსა და რუსეთს შორის არსებობს. სპარსელებისა და ოსმალების მიერ საქართველოს ოკუპაცია უკვე ისტორიაა, ხოლო რუსეთის მტრობა და ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია - დღევანდელობა. აღარც ირანი და აღარც თურქეთი საქართველოს დაპყრობას აღარ ცდილობენ. ამიტომ ჩვენ მარტივად შეგვიძლია ძველი წყენა ისტორიის სახელმძღვანელოების ფურცლებზე დავტოვოთ, მაგრამ ამის გაკეთება რუსეთთან შეუძლებელია. სწორედ იმიტომ, რომ რუსეთი ჩვენი მხოლოდ ისტორიული კი არა, რეალური მტერია.

როდესაც რუსეთი ირანისა და თურქეთის მსგავსად ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, არ ექნება პრეტენზია ჩვენს ტერიტორიებზე, ჩვენც მაშინ დავივიწყებთ ყველა წყენას და ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან დავიწყებთ, მაგრამ დღეს ეს შეუძლებელია. შეუძლებელია სწორედ რუსეთის დაუკმაყოფილებელი იმპერიული მადის გამო.

სწორედ ამიტომ, ვიდრე რუსეთი გონს არ მოვა (ან არ მოიყვანენ) და ირანისა და თურქეთის მსგავსად თავს არ დაგვანებებს, ჩვენ არც ერთი წყენა არ უნდა დავივიწყოთ და ჩვენს შვილებს ყველაფერი კარგად და დაწვრილებით ავუხსნათ, რომ ვიღაცებმა მტერი მეგობრად არ შემოგვასაღონ, ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა გავაკეთოთ ისტორიის გაყალბების ხარჯზე. ეს მნიშვნელოვანი მომენტია. პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ბავშვებს სიყალბე არ უნდა ვასწავლოთ, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ დაწერს ამ სახელმძღვანელოს. ისტორიკოსთა ის ჯგუფი, ვინც კონკურსში გაიმარჯვა, ბევრ კითხვას აჩენს. რადიო "პალიტრისთვის" ამ თემაზე გადაცემას რომ ვამზადებდი, ხელისუფლების მომხრე ერთ ისტორიკოსს დავურეკე, აღშფოთებას ვერ მალავდა.

მითხრა, ხომ იცი, რომ სააკაშვილის მომხრე ვარო. კი-მეთქი, ვუპასუხე. ჰოდა, მეც კი გადარეული ვარ ამ გადაწყვეტილებით. ეს ვის დაევალა ამ წიგნის დაწერა, ისეთებს, თავის დროზე პარტისტორიას რომ წერდნენო. უნებურად გამეცინა და ვუთხარი, ამდენი ხანია ამ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი ხართ და ჯერ კიდევ ვერ მიხვდით, რომ ამათ ისეთი ხალხი მოსწონთ, თავის დროზე პარტისტორიას რომ წერდნენ-მეთქი?

სულაც არ მინდა ჯერ კიდევ დაუწერელი წიგნის ავტორებს ცილი დავწამო. ამიტომ პირდაპირ ვიტყვი: ნამდვილად არ ვიცი, მართლა წერდნენ თუ არა თავის დროზე პარტისტორიას, იქნებ ხელისუფლების მომხრე იმ ისტორიკოსმა სიტყვა "პარტისტორია" ფიგურალურად ახსენა მათ დასახასიათებლად, მაგრამ ესეც სიმპტომატურია, რომ მათზე ვიღაცას ასეთი წარმოდგენა აქვს. მათ წინ მნიშვნელოვანი მისია ელით და იმედია, დაკისრებულ მოვალეობას თავს ღირსეულად გაართმევენ, - ფაქტების დაუმახინჯებლად დაწერენ ისეთ წიგნს, რომელიც ჩვენს შვილებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე სწორ წარმოდგენას შეუქმნის.

ღობე, რომელზეც უნდა გადავძვრეთ

წინა კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ თქვა, რუსებსა და ქართველებს ერთმანეთთან დიდი ხნის ისტორია აკავშირებს და ჩვენს ხალხებს ვერავინ დააშორებსო. ასეთი განცხადებები პირველი არ არის. რუსები ხშირად ამბობენ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მრავალ საუკუნეს ითვლის და ამის ასე მარტივად დავიწყება არ იქნება. თავი რომ დავანებოთ იმას, თუ როგორი იყო ეს "მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა", საკმარისია გავიხსენოთ, რომ ის სულ რაღაც ორასი წელი გრძელდებოდა და საქართველოს ისტორია მხოლოდ ორას წელს არ ითვლის.

ვიდრე რუსეთ-საქართველოს ეგრეთ წოდებული "მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა" დაიწყებოდა, ჩვენ განვითარების ჩვენი გზა და ისტორია გვქონდა და მას ვერავინ დაგვავიწყებს. რამდენიც უნდა ამტკიცონ ზოგიერთებმა როგორც რუსეთში, ისე საქართველოში, რომ პროდასავლური კურსი თავს მოგვახვიეს და უფრო ბუნებრივი და ისტორიულად ორგანული ჩრდილოური ორიენტაციაა, ჩვენი ისტორია სხვას გვეუბნება.

ჩვენი მართლაც რომ მრავალსაუკუნოვანი ისტორია ამტკიცებს, რომ საქართველოს ორიენტაცია ყოველთვის დასავლური იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაც, როგორც პოლიტიკური აქტი, იყო ქართული სახელმწიფოს არჩევანის დასავლურ განვითარებაზე შეჩერება. მას შემდეგ ყოველთვის დასავლეთისკენ ვიხედებოდით და დასავლური ცივილიზაციისკენ მივისწრაფოდით, ვიდრე ბიზანტიის იმპერია არ დაემხო და საქართველოსა და ევროპას შორის გადაულახავ ზღუდედ სელჩუკები არ აღიმართნენ, ვიდრე დასავლურ სამყაროსთან ურთიერთობის ყველა გზა არ მოგვიჭრეს და ისლამურ იზოლაციაში არ აღმოვჩნდით.

ამის შემდეგ საქართველოს მთელი ისტორია ჰგავს ოდისევსის მოგზაურობას, რომელიც სახლში დაბრუნებას ცდილობს და ვერაფრით ახერხებს. ბიზანტიის დამხობის შემდეგაც ქართველი მეფეები უპირველესად პოლიტიკური კავშირების გაბმას ევროპასთან ცდილობდნენ (მარტო სულხან საბას ელჩობის გახსენებაც კმარა), მაგრამ იმ პერიოდში დასავლეთი საქართველოსგან ძალიან შორს აღმოჩნდა. ჩვენ მზერა ჩრდილოეთისკენ მხოლოდ ამის შემდეგ მივაპყარით. დღეს, როდესაც საქართველოშიც კი ბევრს არ ესმის, რომ დასავლური კურსი ჯერ კიდევ მირიან მეფის და ფარტაძის დროს არჩეული კურსია და ჩვენ საკუთარ ოჯახში დაბრუნებას ვცდილობთ, რუსეთში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მოვლენებს შედარებით საღად უყურებენ.

ამას წინათ რადიო "ეხო მოსკვის" ეთერში რუსმა პოლიტოლოგმა ლილია შევცოვამ თქვა: "ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში ევროპელი ჯვაროსნები და დავით აღმაშენებელი თურქ-სელჩუკებს ერთად ებრძოდნენ... მაშინ რუსეთში სიტყვა "საქართველო" არც იცოდნენ რა იყო. უკვე მაშინ ჰქონდა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, იყო ქრისტიანული ქვეყანა და მიეკუთვნებოდა ევროპულ დისკურსს. ქართველებს ახსოვთ ეს შეწყვეტილი სახელმწიფოებრივი ტრადიცია და დღეს მის აღდგენას ცდილობენ, სხვადასხვა, ზოგჯერ არცთუ გონივრული მეთოდით...

ადრე რუსეთი საქართველოსთვის იყო ხიდი ევროპაში, ახლა კი ღობედ იქცა". დიახ, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ ჩრდილოეთისკენ გავაპარეთ მზერა, რუსეთს როგორც ფანჯარას, როგორც ხიდს ევროპაში, ისე ვუყურებდით და მწარედაც შევცდით. დღეს ჩვენთვის ის მართლაც უზარმაზარი ღობეა ევროპისკენ მიმავალ გზაზე, რომელზეც აუცილებლად უნდა გადავძვრეთ. სხვაგვარად ოდისევსი შინ ვერ დაბრუნდება.