ჭირის "გამლამაზებლები" - კვირის პალიტრა

ჭირის "გამლამაზებლები"

"კასპის სოფლებში უჩვენოდ არც ლხინია და არც ჭირი. კასპის ბევრ სოფელში მიცვალებული ისე არ დაიკრძალება, ჩვენ რომ არ დაგვიძახონ, ბიჭებო, აბა, მოდით, ჭირი გაგვილამაზეთო. ჯერ, რაღა თქმა უნდა, ვალს მოვიხდით, ჭირისუფლებს მივუსამძიმრებთ, მერე კი ჩავბერავთ და ავაკვნესებთ. გამორიცხული არც ეგ არის, სამხიარულო სიმღერა დავუკრათ - მიცვალებულის ანდერძს გააჩნია"

ისევ მობრძანდა ბრწყინვალე აღდგომა და ჩვენც ისევ შევეგებეთ. ზოგი უფლის გასახარებელი სინანულითა და სიყვარულით, ზოგიც - სასაფლაოებზე გატანილი ხორაგითა და ღვინით, ზოგან კი, წარმოიდგინეთ, ამ სასაფლაოებზე ზურნა-დუდუკის ჭყვიტინითაც კი. მართალია, ეს უკვე იშვიათია, თუმცა ყავლი მაინც არ გასვლია. როგორც ხოვლელმა მუსიკოსებმა, ბიძაშვილმა ჯანანაშვილებმა (ალიკამ, იურამ და ავთომ) მითხრეს, აღდგომა დღეს იმდენჯერ "შეუბერავთ" სასაფლაოებზე, რამდენჯერაც დაბლა ცოცხლებს გაუხარდებათ, ზეცაში კი მიცვალებულებს. აბა, მოვიდნენ უცხოელები და დაგვიშალონ! რა უნდოდათ, მსოფლიოს რომ მოსდეს, ქართველები სასაფლაოებზე ქეიფობენო. თავიანთ თავს მიხედონ, ჰელოუინზე გულებს რო უხეთქავენ ერთმანეთსო!

ალიკა ჯანანაშვილი: - კასპის სოფლებში უჩვენოდ არც ლხინია და არც ჭირი. კასპის ბევრ სოფელში მიცვალებული ისე არ დაიკრძალება, ჩვენ რომ არ დაგვიძახონ, ბიჭებო, აბა, მოდით, ჭირი გაგვილამაზეთო. ჯერ, რაღა თქმა უნდა, ვალს მოვიხდით, ჭირისუფლებს მივუსამძიმრებთ, მერე კი ჩავბერავთ და ავაკვნესებთ. გGამორიცხული არც ეგ არის, სამხიარულო სიმღერა დავუკრათ - მიცვალებულის ანდერძს გააჩნია.

- დამწუხრებული ოჯახიდან ზურნაკლარნეტის ხმა რომ გამოდის, როგორი საქმეა?

- ჭირისუფალი თავისი მიცვალებულის ანდერძს ასრულებს და ამით იოხებს გულსა. სულაც სატრფიალო სიმღერა რომ იყოს ანდერძად დაბარებული, ჩვენც სატრფიალო უნდა დავცხოთ, თანაც ისე, რომ მიცვალებულმა ზეცაში გაიხაროს!

- ანდერძად უფრო მეტად როგორი სიმღერების შესრულებას იბარებენ თქვენს სოფლებში?

- ზოგს სიყვარულისა მოსწონდა, ზოგს სულაც ყარაჩოღული, მაგალითად, "სირაჯხანა სირაჯების ბუდეა".

- ეგ ხომ უძველესი სიმღერაა. ახალ თაობას არ მოეწონება თქვენი ნამღერი.

- ვითომ რატომ? ჩვენებურ ჭიდაობაზე რომ დავუკრავთ ხოლმე, ბალღები ისეთი ეშხით ჭიდაობენ, საცქერლადაც ღირს. ქეიფებზე კიდევ, კარგად რომ შეზარხოშდებიან, მთელი სუფრა ჩვენ აგვყვება ხოლმე და თუ არ მოვწონვართ, მაშ, რატო იწყვეტენ იოგებსა? აღდგომა დღეს კიდევ, ყველა თავის სასაფლაოზე გვეპატიჟება, ისე, რო იქიდან თავბრუდახვეულები მოვდივართ...…

- ალბათ, ღვინისაგან...

- ეეე, მაგ ასაკში კი აღარ ვართ, რომ სასაფლაოზე გამოვთვრეთ. მხოლოდ ნელ-ნელა ვეპარებით ღვინის ჭიქასა. მე 68 წლის კაცი ვარ. ამ ჩემს ინსტრუმენტებზე კი ჯერ ჩემი პაპა უკრავდა, მერე - მამა. მე კიდევ იმათ ვპარავდი ბალღობაში, რო დაკვრა მესწავლა.

- ერთი ძველი სიმღერაც მახსენდება: "სამი რამ მიყვარს ამქვეყნად: ღვინო, დუდუკი, ქალები..."

- მეც მახსენდება. ეგ თუ კაცმა ვერ გაიხსენა, საქმე ცუდად ჰქონია. ისე კი, ამ ჩემი ინსტრუმენტების გამო ოჯახში ერთი რამ მაქვს ანდერძად დაბარებული: ღმერთი არ გაუწყრეთ და ჩემი სიკვდილის შემდეგ არავინ გაყიდოს - შვილი და შვილიშვილი თუ არ დაუკრავს, იმის შვილი ხომ მაინც დაუკრავს?

- დარწმუნებული ხართ?

- დარწმუნებული რომ არ ვიყო, მა, მაგას ვიტყოდი?! ისე დაუკრავს, ზეცა მაღლა იყოს. მეც იქ ვიქნები, ხმას გავიგებ და გავიხარებ!

ეთერ ერაძე