"ჩემს შვილს რომ არ ვენახე, ოთახში ჰყავდათ გამოკეტილი..." - კვირის პალიტრა

"ჩემს შვილს რომ არ ვენახე, ოთახში ჰყავდათ გამოკეტილი..."

"ისრის მოქაჩვა 17 კილოგრამის აწევის ტოლფასია. როდესაც შეჯიბრებისთვის ვემზადები, დღეში, სულ ცოტა, 130-ჯერ ვაკეთებ ამ მოძრაობას"

მშვილდის მოზიდვა 17 კილოგრამთან შერკინების ტოლფასია. ძნელია ისრის მოწევა, როდესაც ეტლში ზიხარ, თუმცა არა თეასთვის - ის პარამშვილდოსნობაში საქართველოს ჩემპიონია.

თეას ცხოვრების ახლიდან დაწყება რამდენჯერმე მოუხდა - პირველად, როცა მშობიარობის დროს კლინიკური სიკვდილი განიცადა, მეორედ, როდესაც შვილს ექსკურსიაზე გაჰყვა - იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის აივანმა დამთვალიერებლების სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩატყდა. მას შემდეგ ცხოვრება ეტლით გაგრძელდა.

თეა ბოლქვაძე: - მშობიარობის დროს, ლუკა რომ გავაჩინე, ორი ლიტრი სისხლი დავკარგე. ჰემორაგიული შოკი დამემართა, თითქოს ძალიან დავმძიმდი და სხეული დავტოვე. ამ დროს დავინახე საკუთარი თავი, როგორ ჩავიდა საფლავში. გონება არ მქონდა გათიშული. ზურგს უკან თითქოს ვიღაც იდგა, ნაცრისფერი კაპიუშონით. მერე თავისუფლება ვიგრძენი, ავმაღლდი და საოპერაციო ოთახში ერთი წრე გავაკეთე, შემდეგ ისევ სხეულში აღმოვჩნდი. ამ დროს ოქროსფერი ასოები წრიულად ჩამოვიდა ჩემში - ეს 50-ე ფსალმუნი იყო და ამ მომენტში თვალი გავახილე, ვხედავ, ჩემი მოძღვარი 50-ე ფსალმუნს მიკითხავს... 9 თვის შემდეგ გავედი სამსახურში, `სასწრაფოს~ ექიმი ვარ და ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, სწორედ ექიმობა და სხვისი დახმარების სურვილი დამეხმარა მდგომარეობიდან გამოსვლაში.

საბედისწერო ექსკურსია

პირველი კლასის დამამთავრებელ ექსკურსიაზე ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში წავიდა ჩემი შვილის კლასი. მუზეუმის მეორე სართულის დათვალიერების შემდეგ, რადგან ძალიან ბევრნი ვიყავით, ბავშვები ჩავაცილეთ პირველ სართულზე და რამდენიმე მშობელი დავრჩით ზემოთ, აივანზე სურათების გადაღება გვინდოდა და სწორედ იმ დროს გატყდა მორყეული მოაჯირი და ქვემოთ ჩავვარდი, თავით დავასკდი ფილაქნიან გზას. ჩემთან ერთად კიდევ ორი მშობელი გადმოვარდა, ერთი წყალში ჩავარდა და მეორე მე დამეცა. ქალა-ტვინი დამიზიანდა, მეთორმეტე მალის კომპრესიული მოტეხილობა მქონდა, რამდენიმე მალა დაფშვნილია და ფიქსატორი მიდგას. წარმოიდგინეთ ჩემი შვილის მდგომარეობა, ასე რომ არ ვენახე, ოთახში ჰყავდათ გამოკეტილი.

ცხოვრება ეტლით

- სამწუხაროდ, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საქართველოში არა აქვს ადაპტირებული გარემო ეტლით მოსარგებლე ექიმების დასასაქმებლად. ამიტომ პროფესია შევიცვალე და ახლა თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში ვმუშაობ, გარდა ამისა, დღეში რამდენიმე საათი ვვარჯიშობ პარამშვილდოსნობაში. პარამშვილდოსნობას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ფაქტობრივად, ნებისყოფის გამოცდაა, რადგან ისრის მოქაჩვა 17 კილოგრამის აწევის ტოლფასია. როდესაც შეჯიბრებისთვის ვემზადები, დღეში, სულ ცოტა, 130-ჯერ ვაკეთებ ამ მოძრაობას.

რეაბილიტაციის შემდეგ მსოფლიო რბენაზე გადავწყვიტე გასვლა და 2015 წელს გავხდი პირველი"ქალი, რომელმაც ეტლით გაირბინა 6 კილომეტრი და 800 მეტრი. 2016 წელს გავაუმჯობესე შედეგი - 7 კილომეტრი და 300 მეტრი გავიარე და გავიმარჯვე.

39 წლის ვიყავი, ტრავმა რომ მომივიდა. ამ ასაკში უკვე გაქვს საყვარელი პროფესია და მომავალიც - შეძლებისდაგვარად განსაზღვრული. ამ დროს კი ხდები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, დამოკიდებული სხვაზე და თავიდან იწყებ შენი სხეულის შესწავლას. თავიდან დედასა და მეუღლეზე ვიყავი დამოკიდებული, შემდეგ ძალა მოვიკრიბე და ახლა უკვე ყოველდღიურად ვვარჯიშობ. არაადაპტირებული გარემო დიდ სირთულეს უქმნის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ინტეგრირებისთვის საცხოვრებელ გარემოსთან. მე არა მაქვს იმის საშუალება, რომ ბინა გადავაკეთო ადაპტირებულ სახლად, ამიტომ ოჯახის წევრები მეხმარებიან. მთავარი მაინც საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპებია - თუ ეტლში ზიხარ, ესე იგი, არ შეგიძლია რაღაცის გაკეთება. მინდა ყველას ვუთხრა - შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, მხოლოდ არაადაპტირებული გარემო გვზღუდავს, თორემ ჩვენ უფრო მეტს შევძლებთ და დავანახებთ საზოგადოებას, რომ შეგვიძლია სარგებელი მოვუტანოთ.

ნინო წიფურია