"ოღონდ მე გავმდიდრდე და ყველანი დახოცილხართო!" - კვირის პალიტრა

"ოღონდ მე გავმდიდრდე და ყველანი დახოცილხართო!"

"დაავადებული ცხოველი თუ გყავთ, თუნდაც ცხენი ან ვირი იყოს, ანდა მომავალში დაგიავადდეთ, თუნდაც მოგიკვდეთ, ყველაფერს 2 ლარად ჩავიბარებთ. ზოოპარკისთვის გვინდა, მათთვის მნიშვნელობა არა აქვს, რას მივაწვდითო. ერთი ვირისა და ცხენის ხორცად ჩაბარება 150 ლარამდე გამოდიოდა"

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა იმ ობიექტების სია, სადაც მომხმარებელს ცხენისა და ვირის ხორცით დამზადებულ ხინკალს, ბლინს, ბასტურმას, ქაბაბსა და გუფთას სთავაზობდნენ. მოკვლევა მარტში ჩატარდა და სიაში მხოლოდ დედაქალაქის ობიექტები მოხვდა. შემოწმდება ქვეყნის სხვა კვებითი ობიექტებიც. სააგენტოს განცხადებით, პროდუქტის სახეობრივი კვლევა მოულოდნელად ჩატარდა და მათ შორის აგრარული ბაზრებიც მოხვდა, სადაც ცხენისა და ვირის ხორცი იყიდებოდა.

ხორცპროდუქტების სახეობრივი მოკვლევა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლიდან დაიწყო, როცა ცხენისა და ვირის ხორცის რეალიზაციის შემთხვევა რამდენიმე ქალაქში გამოვლინდა, მათ შორის, საკურორტო ქალაქებშიც. დადასტურდა, რომ ცხენისა და ვირის ხორცს არაერთ კვებით ობიექტებში დიდხანს იყენებდნენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ობიექტები 1.000 ლარით დაჯარიმდნენ. ცხენის ან ვირის ხორცის რეალიზაცია კანონით არ იკრძალება, მაგრამ აუცილებელია ნორმების დაცვა: უნდა იყოს იდენტიფიცირებული, შემოწმებული და ეტიკეტირებული.

სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესცენტრი: - სააგენტომ ხორცის სახეობრივი შემოწმებით ვირისა და ცხენის დე-ენ-ემი გამოავლინდა, შემდეგ კი მოკვლევა ჩაატარა... არადა, პროდუქტს ეწერა, რომ ღორის ან საქონლის ხორცი იყო. ვერც ერთმა ბიზნესოპერატორმა ვერ დაასახელა, თუ სად იყო პირუტყვი დაკლული და რატომ არ იყო ხორცი შემოწმებული. მათ კანონი დაარღვიეს - პროდუქტის რეალიზაცია მხოლოდ წესების დაცვისა და ეტიკეტირების შემდეგ არის დაშვებული...

სააგენტოს მოკვლევაში არაფერია ნათქვამი დაკლული ცხოველების შესაძლო დაავადებების შესახებ. კოდელი სიმონ ლილუაშვილი ამბობს, რომ სოფელში რამდენჯერმე ჩამოიარა "რაფმა", რომელიც მოსახლეობისაგან დაცემული პირუტყვის ხორცს იბარებდა: - ნამდვილად ასე გვითხრეს, დაავადებული ცხოველი თუ გყავთ, თუნდაც ცხენი ან ვირი იყოს, ანდა მომავალში დაგიავადდეთ, თუნდაც მოგიკვდეთ, ყველაფერს 2 ლარად ჩავიბარებთ. ზოოპარკისთვის გვინდა, მათთვის მნიშვნელობა არა აქვს, რას მივაწვდითო. ერთი ვირისა და ცხენის ხორცად ჩაბარება 150 ლარამდე გამოდიოდა. ტელეფონის ნომერიც დაგვიტოვეს. სიმართლე გითხრათ, არ გამიგია, ჩემს სოფელში ვინმემ ავადმყოფი ვირი ან ცხენი ჩააბარა თუ არა, მაგრამ კიდევ უამრავი სოფელია და ადამიანის ბუნება რომ ვიცი, ეგეთები უსათუოდ გამოჩნდებოდნენ!..

- მომხმარებელმა როგორ უნდა იცნოს ცხენისა თუ ვირის ხორცი?

- ამბობენ, ცხენის ხორცი არაფრით განსხვავდება საქონლისგანო, ვირისას კი ოდნავ მომჟავო სუნი დაჰკრავს, მაგრამ თუკი სანელებლით შეზავდება, ვინ გაიგებს?

ეთერ სარჯველაძე, ექსპერტი:

- ასეთი მეწარმეები სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან. ევროპაში, დაავადებების გამომწვევი პროდუქტების რეალიზაციას კანონით ადამიანის წამებასთან ათანაბრებენ. Gწამება არ არის, როცა ჩვენს შვილებს სკოლის ბუფეტებში ან მარკეტებში იმ ძეხვსა და სოსისებს რომ სთავაზობენ, რომელშიც სისხლის წითელი უჯრედების დამშლელი საღებავები შედის? ვის ხარჯზე მდიდრდება ეს ხალხი?!

ადამიანის ზრდისა და განვითარებისთვის სამი უმთავრესი პროდუქტი არსებობს: კვერცხი, რძე და ხორცი. ჩვენი მეწარმეების ნაწილი სამივე ამ პროდუქტს ნორმების დარღვევით ყიდდა. მათ შორის, რძესაც, რომელსაც ჩვილი ბავშვებიც კი მოიხმარენ.

ამ მეწარმეების მორალი ასეთია: ოღონდ მე გავმდიდრდე და ყველანი დახოცილხართო!

- სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულებით, ვირის ან ცხენის ხორცის ბაზარში შეტანა კანონით აკრძალული არ არის, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შემოწმება და იდენტიფიკაცია ჩაუტარდება.

- ჯანსაღი ვირის თუ ცხენის ხორცი არ არის ჯანმრთელობისთვის საზიანო. ცხენის ხორცი შუა აზიაში ტრადიციული საკვებია, მაგრამ ჯანმრთელ ცხენსა და ვირს საქართველოში არავინ დაკლავს, ოდითგან ჩვენში ვირი სატვირთოდ გამოიყენება, ცხენი კი - საჯირითოდ და სატვირთოდაც.

დაცემული ვირისა და ცხენის ხორცს არავინ იცის, რა დაავადება ჰქონდა და როდის გამოვლინდება ჩვენს ორგანიზმში. ამისთვის მხოლოდ 1.000 ლარით კი არ უნდა დავაჯარიმოთ, გამოვიკვლიოთ, სად დაკლეს ცხოველი, იყო თუ არა ჯანმრთელი, ვინ ყიდულობს ასეთ ხორცს, ვინ ასაღებს და ა.შ. სხვაგვარად ამ საქმეს არაფერი ეშველება. ბუნებრივია, დაავადებული ვირისა და ცხენის ხორცს კაპიკებად ყიდულობენ, გასაღებით კი საქონლის ხორცის ფასად ყიდიან. ვთქვათ, 2 ლარად იყიდა კილოგრამი, მერე 10 ლარადაც რომ გაყიდოს, იმდენ ფულს მოიგებს და 1.000 ლარი ჯარიმის გადახდა რას დააზარალებს!

ამ საქმით აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ სათანადო ორგანოები.

ეთერ ერაძე