გაქრისტიანებული დათი და "ზიტას" სტუმრობა საქართველოში - კვირის პალიტრა

გაქრისტიანებული დათი და "ზიტას" სტუმრობა საქართველოში

"ჰემა მალინი ხალხმა გაიცნო ფილმით "ზიტა და გიტა". ჰემა ახლა პარლამენტის წევრიცაა და კონფერენციაზე ჩამოვიდა. ეს იყო მისი პირველი ქართული გასეირნება და იმდენად მოიხიბლა ამ ქვეყნის კულტურითა და ტრადიციებით, რომ ცოტა ხნის წინ თვითონ უმასპინძლა ქართულ ნაციონალურ ბალეტს - სუხიშვილებს. ჰემა აღფრთოვანებული იყო, რომ მიიწვია პატრიარქმა ილია მეორემ"

აღდგომა საქართველოში ერთმა უცხოელმა ქართველებთან ერთად იზეიმა. მის ოჯახშიც შეიღება კვერცხი და დამტვრეული ქართულით ამცნო ნაცნობ-მეგობრებს: "ქრისტე აღდგა!"

ჰერბინდერ დათი ინდოეთში დაიბადა. სანამ სარწმუნოებას შეიცვლიდა, სიქჰი იყო. მერე ინდოეთი მიატოვა და პროფესიით ეკონომისტმა კარიერის გაგრძელება ყაზახეთში, დუბაისა და აზერბაიჯანში სცადა. მას შემდეგ, რაც საქართველოს ესტუმრა და მცხეთაში ჯვრის მონასტერი ნახა, მიხვდა, რომ სახლში იყო და მოგვიანებით, მართლმადიდებლადაც მოინათლა. აღნიშნავს ყველა ქრისტიანულ დღესასწაულს, ლოცულობს და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტაძრებს სტუმრობს. ჰერბინდერს არავინ ეძახის, ის ახლა დათია, ჩვენებურად, ქართულად...

თითქოს განსაკუთრებული დათის ისტორიაში არაფერია, მაგრამ დღეს, როცა ხშირად ჩივიან, "ქართველობას გვართმევენ და ქრისტიანობას ებრძვიანო, ვიღაც ქართველობას პოულობს და ქრისტიანობას იღებს. დათი აქ ჩამოსულ ინდოელებს მასპინძლობს, თუმცა არც ინდოეთს ივიწყებს და წელიწადში რამდენჯერმე ჩადის ახლობლების მოსანახულებლად. ნამდვილი ქართველივით პატივს სცემს სტუმარმასპინძლობის ტრადიციას - ის თითქოს ამ ორი ხალხის მეგობრობის ხიდია. თვლის, რომ საქართველოში ყველაზე კარგი ხალხი ცხოვრობს, რომ ჩვენი კულტურა განსაკუთრებულია. წასვლაზე არ ფიქრობს. საქართველოს დედას ამსგავსებს, დედას, რომლის მიტოვება არც ერთ შვილს არ უნდა...

- პირველად საქართველოში 2000 წელს ჩამოვედი. ივნისი იყო და საოცრად გამწვანებულ ქვეყანაში მოვხვდი. მცხეთაში წავედით, ვნახეთ ჯვრის მონასტერი. საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ქვეყანამ ჩემზე. მაშინვე მივხვდი, რომ ჩემს სახლში მოვედი... მაშინ აზერბაიჯანში ვცხოვრობდი. აქედან წასული სულ საქართველოზე ვფიქრობდი. ვიცოდი, რომ ერთ დღეს აუცილებლად დავბრუნდებოდი და აქ დავრჩებოდი. მალევე მომეცა შესაძლებლობა, ჩავრთულიყავი მეტალურგიულ ბიზნესში და 2008 წელს გადმოვედი კიდეც აქ საცხოვრებლად.

- როგორ მოერგეთ საქართველოს და როგორ შეეგუეთ ქართველებს?

- რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მეტად ვიხიბლებოდი ამ ქვეყნით, ხალხით, კულტურით, ტრადიციებით. მოვიხიბლე ახალშეძენილი ქრისტიანი მეგობრებით და დავინტერესდი ამ რელიგიით, მერე კი ერთ-ერთ მეგობარს ნათლიობაც ვთხოვე.

- როგორ მიიღეს თქვენმა ოჯახმა და ახლობლებმა ეს გადაწყვეტილება?

- ჩემი მშობლები ძალიან ლოიალურები იყვნენ. სამწუხაროდ, ორივე გარდაიცვალა... ახლა ინდოეთში ჩემი უფროსი ძმა ცხოვრობს თავისი ოჯახით.

ახლობლებისგან კი ვიგრძენი უარყოფითი დამოკიდებულება, მაგრამ არა უშავს... ჩემთვის რელიგია და რწმენა განსხვავებული ასპექტებია. ადამიანი ქრისტიანი იქნება, მუსლიმი, ჰინდი თუ სხვა, ამას მემკვიდრეობა განსაზღვრავს, რწმენა კი სხვა რამეა. მე გავეცანი ქრისტიანობას, წავიკითხე ბიბლია და მივხვდი, რომ მქონდა რწმენა. ამიტომაც შევიცვალე სარწმუნოება.

- როგორია თქვენი თვალით დანახული საქართველო?

- ყველა ბავშვისთვის დედა ყველაზე საყვარელია. აი, ზუსტად ასეთია ჩემი დამოკიდებულება ამ ქვეყნისადმი. სამტრედიაში ვსაქმიანობ. იქ 50 კაცის დასაქმება უკვე შევძელი. თბილისში, ჩემს ინდურ რესტორანში, მთავარი შეფ-მზარეულის გარდა, სულ ქართველები მუშაობენ... მიხარია, რომ ამ ქვეყანაში ინვესტორების შემოყვანა შემიძლია. აქტიურად ვმონაწილეობ კინოინდუსტრიის განსავითარებლად "ბოლივუდის" შემოყვანაში. აქ საოცარი ბუნებაა, ამ პატარა ქვეყანაში ყველაფერია.

- ვიცით, რომ ბევრი ქართველი მეგობარი გყავთ, მაგრამ არიან ქსენოფობებიც... ამის გამო უხერხულ სიტუაციაში მოხვედრილხართ?

- არასოდეს. მე საქართველოში არა მხოლოდ მეგობრები, უკვე ნათესავებიც მყავს. ნათლიობა მეტია, ვიდრე სისხლით ნათესაობა. როგორ შეიძლება, სახლში თავი უხერხულად იგრძნო, საქართველო ხომ ჩემი სახლია...

- თქვენი მეუღლე და შვილი როგორ შეეგუვნენ უცხო ქვეყანას?

- ჩემი ცოლიც და შვილიც ბედნიერები არიან. ლინა პოლონელია. ჩვენ აზერბაიჯანში შევხვდით - თანამშრომლები ვიყავით, შეგვიყვარდა ერთმანეთი და ვიქორწინეთ. ჩვენი ვაჟი თბილისში დადის სკოლაში, ჰყავს ქართველი მეგობრები.

- თქვენ საქართველოში ჩამოიყვანეთ ცნობილი მსახიობი ჰემა მალინი - "ზიტა"...

- ჰემა მალინი მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი მსახიობია. ის ხალხმა გაიცნო ფილმით "ზიტა და გიტა". ჰემა ახლა პარლამენტის წევრიცაა და კონფერენციაზე ჩამოვიდა. ეს იყო მისი პირველი ქართული გასეირნება და იმდენად მოიხიბლა ამ ქვეყნის კულტურით, მასპინძლობითა და ტრადიციებით, რომ ცოტა ხნის წინ თვითონ უმასპინძლა ქართულ ნაციონალურ ბალეტს - სუხიშვილები მიიწვია. ჰემა აღფრთოვანებული იყო, რომ მიიწვია პატრიარქმა ილია მეორემ.

- აპირებთ ოდესმე საქართველოდან წასვლას?

- არასოდეს.

- თქვენი აზრით, რა სჭირდება საქართველოს, რომ უკეთესი იყოს?

- უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მოქალაქეები, რომელთაც შეუძლიათ ქვეყნის ცხოვრებაში ცვლილებების უფრო სწრაფად შეტანა და, რა თქმა უნდა, პოლიტიკური სისტემა. სიტყვა "დემოკრატია" ხშირად გვესმის, მაგრამ ვიცით კი, რა არის? მანქანის მართვისას ვიცავთ წესრიგს? ვესაუბრებით ერთმანეთს პატივისცემით? ძალიან იოლია მთავრობის კრიტიკა, მაგრამ ჩვენ, მოქალაქეები, უნდა ვცდილობდეთ და ვაკეთებდეთ ყველაფერს ქვეყნისთვის. თითოეულ ადამიანს მცირე ძალისხმევითაც კი შეუძლია შეცვალოს ქვეყნის მდგომარეობა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ თქვა, "არ იკითხო, რის გაკეთება შეუძლია შენთვის ქვეყანას, იკითხე, შენ რა შეგიძლია გაუკეთო ქვეყანასო...

როგორც ჯარისკაცი ემსახურება ქვეყანას პირადი ინტერესების გარეშე, პოლიტიკოსებიც ასევე უნდა ემსახურებოდნენ ქვეყანას და ნამდვილად შეიცვლება ვითარება. განათლება და სოფლის მეურნეობა ქვეყნის ფესვებია, ეს უნდა გამოცხადდეს პრიორიტეტად. საქართველოსთვის ძალიან კარგია, რომ ევროპასთან ვაჭრობა თავისუფალია. ეს დროთა განმავლობაში უკეთეს შედეგს მოიტანს. პერსპექტიულია საქართველოში წარმოებული მედიკამენტების, საკვები პროდუქტის ექსპორტზე მუშაობა. სამტრედიაში, ჩემს მეტალურგიულ ქარხანაში დამზადებული ნედლეული ევროპაში გადის.

- როგორ მოგწონთ ქართული კერძები?

- განსაკუთრებით მიყვარს ჩაქაფული, მწვადი, ხინკალი და ხაჭაპური. ძალიან კარგი სამზარეულო აქვს საქართველოს, თუმცა, ძალიან მახარებს ისიც, რომ აქ ჩემი რესტორანი უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ქართველები სიამოვნებით სინჯავენ ინდურ კერძებს. რესტორანი 2010 წელს გავხსენი. მაშინ თბილისში სულ ორი ასეთი რესტორანი იყო, ახლა უკვე 40-ია. ეს ნიშნავს, რომ ქართველებს მოსწონთ ინდური სამზარეულო.

თორნიკე ყაჯრიშვილი