"ტყიბულში "თვითმკვლელები" ბევრნი ვართ" - კვირის პალიტრა

"ტყიბულში "თვითმკვლელები" ბევრნი ვართ"

მინდელის სახელობის მაღაროში, რომელიც რისკებიდან გამომდინარე ზეკატეგორიას მიეკუთვნება, აუცილებელია მეთანის რეგულარული გაზომვა. მაინტერესებს, ბოლოს ვინ ნახა მაღაროში მეთანის საზომი?! სპეცტანსაცმელიც კი არა გვაქვს, ვენტალაციაზე ლაპარაკიც კი სასაცილოა. ისევ საბჭოთა იარაღები და სისტემებია

ტყიბულის მინდელის სახელობის მაღარომ კიდევ 6 კაცის სიცოცხლე შეიწირა, 3 კი დაშავდა. უბედური შემთხვევის დროს 26 წლის პავლე გამეზარდაშვილი, 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილი, 46 წლის მირზა ქურციკიძე, 50 წლის ბესიკ გურგენიძე, 52 წლის ელგუჯა ბოჭორიშვილი და 59 წლის გოგი რაფავა დაიღუპნენ. 5 აპრილს, გამთენიისას დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი სამთო დარტყმა, ანუ გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა გახდა, რაც ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელებას იწვევს.

"საქნახშირის" დირექტორი ჯამბულ ჯაყელი აცხადებს, რომ ამჯერად ტყიბულის მაღაროში ტრაგედიის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა არ ყოფილა: "როგორც მიწისძვრის, ისე სამთო დარტყმის პრევენცია ვერ ხერხდება. სამთო დარტყმამ ჰაერის დიდი ჭავლის გატყორცნა გამოიწვია, რასაც ეს უბედურება მოჰყვა. პატარა დარტყმები სულ არის, მაგრამ ამ მასშტაბის იშვიათია".

მაღაროელების არაერთი გაფიცვა და აქცია გვახსოვს, როდესაც შრომის უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების დანერგვას, ხარისხიან სამუშაო ინსტრუმენტებს, სპეცტანსაცმელს, დამხმარე თუ დამცავ საშუალებებსა და ხელფასების მომატებას ითხოვდნენ, მაგრამ არაფერი იცვლება. სამუშYაო პირობებზე რომ არაფერი ვთქვათ, მათი ანაზღაურება ისევ 400-დან 1200 ლარამდეა.

"არასდროს არავინ დასჯილა"

ავთო, მაღაროელი: - როგორც აქამდე, ახლაც გარდაცვლილებს დაჰბრალდებათ ყველაფერი. არავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ ხარისხიანი აღჭურვილობა არა გვაქვს, რადგან ძვირი ჯდება და დამსაქმებელს არ უღირს. ვისაც საბჭოთა წლებში უმუშავია, ყველამ იცის, რომ მინდელის სახელობის მაღაროში, რომელიც რისკებიდან გამომდინარე ზეკატეგორიას მიეკუთვნება, აუცილებელია მეთანის რეგულარული გაზომვა. მაინტერესებს, ბოლოს ვინ ნახა მაღაროში მეთანის საზომი?! სპეცტანსაცმელიც კი არა გვაქვს, ვენტილაციაზე ლაპარაკიც კი სასაცილოა. აქ ისევ საბჭოთა იარაღები და სისტემებია. რაც შეეხება სამთო დარტყმებს, რომელიც, როგორც ამბობენ, ბოლო დროს გახშირდა, შემთხვევითი არ არის - როდესაც ერთ ცვლაში 14 ტონა ქვანახშირის ნაცვლად 40 ტონის გამომუშავებას გთხოვენ და ამ დროს ტექნიკური უსაფრთხოება დაცული არ არის, დარტყმებსაც უნდა ველოდოთ. ნახშირის ყოველი ჩამოშლისას უფრო და უფრო მეტი სიცარიელე ჩნდება, ანუ ლავას გასაქანი აქვს, შესაბამისად, ტალღებიცა და სამთო აფეთქებებიც მომრავლდა. ასეთი სიცარიელიდან ამოხეთქილმა ჰაერის ჭავლმა დახოცა ისინი, ქანები ჩამოწვა და წნევით წამოსულმა ტალღამ მიახეთქა აქეთ-იქით. საქმე ის არის, რომ ნახშირის აქტიურად გამოტანის შემდეგ დარჩენილი ღრმულები, ანუ ცარიელი ადგილები, არ ივსება, ადრე კი სილიანი წყლით იფარებოდა. ამას "ზაილოვკას" ვეძახით. ახლა ეს სივრცე ქანებს მოძრაობის საშუალებას აძლევს და რაც მეტია ასეთი სივრცე, მით მეტია სამთო აფეთქებების რისკი. სამთო აფეთქებას მაღაროში მზადყოფნა სჭირდება... მას არავინ დახურავს, რადგან ქვანახშირის მარაგი ძალიან დიდია. იციან, რომ ტყიბულში ამის გარდა სამუშაო არაფერია და "თვითმკვლელებიც" ბევრნი ვართ, თანაც, არასდროს არავინ დასჯილა.

"ჩვენ მხოლოდ სანქციების გამოწერა გვევალება..."

რატი ობოლაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო სააგენტოს ზედამხედველობის უფროსის მოადგილე:

- მინდელის სახელობის მაღარო გამოირჩევა სამთო დარტყმებით, მაგრამ ის, რომ ამის გამო უნდა დაიხუროს, პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია. რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, რიგ შემთხვევებში დაცულია, მაგრამ ინსპექტირების დროს ვაწყდებით ელექტრომომარაგების, განიავებისა და სანიაღვრე სისტემების, სალიანდაგო მეურნეობის, ელექტრომაგნიტის დამცველებისა და სხვა პრობლემებს და შემდეგ ინსპექტირების ოფისში შესაბამისი სანქციები წესდება.

- 2017 წლის მაისში ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროები ერთობლივად ატარებდნენ მონიტორინგს ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში. რა პრობლემები გამოიკვეთა და რა გეგმები დაისახა?

- ერთობლივი მონიტორინგის დროს რამდენიმე ინსპექტირება ჩატარდა, თუმცა კანონით 6 თვეში ერთხელ ვატარებთ მონიტორინგს, ასევე მაშინაც, თუ უბედური შემთხვევა მოხდა ან შემოვიდა შეტყობინება მოსალოდნელ ავარიაზე.

- დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში რა სანქციები წესდება?

- სულ 4 ტიპის სანქციაა: ყველაზე მსუბუქია არსებითი და შეესაბამება 150-ლარიანი ჯარიმა, მეორე ხარისხის არსებითს - 300-ლარიანი ჯარიმა, პირველი ხარისხის კრიტიკულს - 1500 ლარი და მეორე ხარისხის კრიტიკულს - 3000-ლარიანი ჯარიმა. თუმცა ჯარიმები შეკრებადია და თუკი საშახტო ინფრასტრუქტურაში რამდენიმე დარღვევაა, საჯარიმო თანხა იკრიბება. იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია მსხვერპლი ამჯერად, მიმდინარეობს გამოძიება.

- წინა წლების შემთხვევების გამოძიებაც არ არის დასრულებული?

- წინა წლებში, შეცდომა იყო მოპოვების პროცესში, მეტი ინფორმაცია არა გვაქვს, რადგან ჩვენი სამსახური გამოძიებას არ აწარმოებს. ჩვენ სანქციების გამოწერა გვევალება.

"პირობების გაუმჯობესებას ჯარიმის გადახდა ურჩევნიათ"

მას შემდეგ, რაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გაფორმდა, ქვეყანას ვალდებულებების აღებამაც მოუწია. მომზადდა კანონი და შრომის ინსპექციაც შეიქმნა. მანამდე კი შრომის ინსპექცია საწარმოში მხოლოდ იმ შემთხვევაში შედიოდა, თუ მფლობელები მოისურვებდნენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიცოცხლისთვის საშიში შრომითი პირობები აღმოჩნდებოდა, საწარმოსთვის მხოლოდ რეკომენდაციების გაცემას სჯერდებოდნენ.

გიორგი ანთაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი: - შრომის ინსპექციის შესახებ კანონი წელს მიიღეს, თუმცა წარმომადგენელს საწარმოში გაუფრთხილებლად შესვლის უფლება მაინც არა აქვს. შრომითი უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის შემთხვევაში, ჯერ სასამართლოსგან უნდა აიღონ ნებართვა, რაც დროს მოითხოვს და მას ეფექტიანობას უკარგავს. რაც შეეხება სანქციებს, საჯარიმო სისტემა 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდება, თუმცა ეს თანხა იმდენად აბსურდულია, რომ დამსაქმებელს შრომითი პირობების გაუმჯობესებას ჯარიმის გადახდა ურჩევნია.

ის მაღაროელები, რომლებმაც საწარმოო ტრავმა მიიღეს, სასამართლოში ჩივილს ერიდებიან და დამსაქმებელთან ცდილობენ ურთიერთობის მოგვარებას. მინიმალურ კომპენსაციას თანხმდებიან, რაც, როგორც წესი, ერთჯერადია. არადა, სასამართლოს მეშვეობით შეუძლიათ დამსაქმებლისგან ყოველთვიური და სტაბილური დახმარების მიღება. იციან, რომ სასამართლოში საქმე გაჭიანურდება, მათ კი დახმარება სასწრაფოდ სჭირდებათ.

ბოლო 8 წელიწადში მინდელის მაღაროში 23 კაცი დაიღუპა!

5 აპრილის ტრაგედია პირველი შემთხვევა არ არის - მინდელის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევების სია ასეთია:

2010 წლის 4 მარტს აფეთქების შედეგად 4 მაღაროელი დაიღუპა;

2010 წლის 27 აგვისტოს 3 მაღაროელი დაიღუპა და 7 მძიმედ დაშავდა;

2011 წლის 22 იანვარს ერთი მაღაროელი დაიღუპა და 4 მძიმედ დაშავდა;

2011 წლის 6 ნოემბერს წმენდით სანგრებში ჭერის ჩამონგრევას 2 მაღაროელი ემსხვერპლა;

2013 წლის 13 ოქტომბერს მიკროსამთო დარტყმის შედეგად ერთი კაცი დაიღუპა;

2015 წლის თებერვალში ქვანახშირის საბადოზე ერთი მუშა დაიღუპა;

2016 წლის ოქტომბერში გარდაცვლილი მუშა იპოვეს;

2017 წლის 7 მაისს, ისევ მინდელის მაღაროში, სატვირთო ლიფტზე სარემონტო სამუშაოების შესრულებისას ბაგირი გაწყდა და 4 კაცი დაიღუპა;

დაბოლოს... 2018 წლის 5 აპრილს დაიღუპა 6 და დაშავდა 3 მაღაროელი.

უფრო ადრე კი, 1961 წელს, ტყიბულის სტალინის სახელობის მაღაროში, რომელიც უკვე დახურულია, მეთანი აფეთქდა, რასაც 33 კაცი შეეწირა. მაღაროს ყოფილი დირექტორის, ჯემალ არაბიძის თქმით, მაშინ ადგილზე 3 მაღაროელი მუშაობდა და მათ დასახმარებლად სამთო-სამაშველო ბრიგადები გამოიძახეს, თუმცა აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მაღაროში ეტაპობრივად ჩასულთაგან ცოცხალი ვერავინ დაბრუნდა. მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ტყვარჩელის სამთო-სამაშველო ბრიგადა გამოიძახა, თუმცა ისინი მაღაროში არ ჩავიდნენ, ეს მაღარო სახიფათოა და ვერ გავრისკავთო...

ლალი პაპასკირი