მთებში "გამოკიდებული"
მთებში "გამოკიდებული"
"ამ მონაკვეთზე ტურისტებს დაახლოებით საღამოს 8 საათიდან დილის 6 საათამდე მოძრაობას ვუშლით. ამ გზაზე დღისით სიარული უფრო სანდოა. რასაკვირველია, მძღოლი პროფესიონალი უნდა იყოს და ფხიზელი გონება ჰქონდეს"

დედამიწაზე უამრავი სახიფათო ადგილია, ბევრ ადამიანს კი გული რატომღაც სწორედ ასეთი ადგილებისაკენ მიუწევს, თუმცა კაცია და გუნება, ზოგს მშვიდი ცხოვრება მოსწონს, ზოგს - ბობოქარი თავგადასავლები, ხიფათი და ექსტრიმი.

საქართველოს ულამაზეს კუთხეს, თუშეთს, ბევრი იცნობს, მაგრამ შეიძლება ყველამ არ იცის, რომ მსოფლიოს ათ ყველაზე
სახიფათო გზას შორის სწორედ თუშეთში მიმავალი 72-კილომეტრიანი გზაა დასახელებული, გზა, რომელიც ზღვის დონიდან 2950 მეტრზე, მთებში "კიდია" და სუნთქვაშეკრულმა უნდა იარო, ვიდრე ულამაზეს თუშეთს მიადგები, მერე კი უკან თავაწეულმა და მხრებგაშლილმა გამოიარო, რადგან აქაურობის ნახვის შემდეგ თავი ყველასა და ყველაფრის მომრევი გგონია.

ასე ეგონათ, ალბათ,
ჩვენს წინაპრებსაც, რომლებიც აქ რამდენიმე ათასწლეულის წინ დასახლდნენ და ამ გზაზე დადიოდნენ, თუმც ერთი იყო - ათასწლეულების მანძილზე თუშები ამ გზაზე ისეთIი ცხენებით დაჯირითობდნენ, რომლებიც ფეხს ციცაბო კლდეებზეც იკიდებდნენ, ავტომობილს კი - კაცობრიობის ამ საუკეთესო გამოგონებას, თუშეთის გზაზე სიარული ძალიან გაუჭირდა. თუმცა ექსტრიმის მოყვარული ტურისტები ამას არ შეუშინებია და თუშეთის გზაზე სიარულს მაინც არ იშლიან. პირიქით - მათ ასეთი გზები უფრო იზიდავს.

თუშეთის რწმუნებული ლადო კახოიძე ამბობს, რომ შარშან ამ გზაზე 17 000-მა ტურისტმა გაიარა და ამ რაოდენობამ უფრო მეტად მიახედა მთიდან წამოსული თუში თავისი ნაფუძარისაკენ. ახლა თუშეთის ნასოფლარ ადგილებშიც კი ვეღარავის უხსენებ მამაპაპეული, ჭერჩამოქცეული ნასახლარის გაყიდვას - ყველამ იცის, რომ ოდესღაც ეს ნასახლარი საოჯახო სასტუმროდ იქცევა და მაIთ ოჯახებს ფეხზე დააყენებს.

თუშეთის გზას კი ყოველ წელიწადს აკეთებენ - ზოგან ზვავი ჩამოიშლება, ზოგან მეწყერი მთას მოწყვეტს გზის მონაკვეთიანად და ხეობაში ჩააქვს.

ლადო კახოიძე:
- მიუხედავად იმისა, რომ თუშეთის გზა პერიოდულად სულ კეთდება, ბუნება "სიურპრიზებს" არ გვაკლებს. შარშან მთას დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი მასივი მოსწყდა. გზა ხომ ჩამოშალა, თანაც ხრამში ჩაეშვა და მდინარე ისე დააგუბა, იქ პატარა ტბაც კი გაჩნდა. გზა გავწმინდეთ, ხელოვნური მიწაყრილებით გავამაგრეთ, მაგრამ ასე ადვილად თუშეთის გზები არ კეთდება. წელსაც უმრავი სამუშაო გვაქვს. ვიდრე თოვლისა და მთების ჩამონაშალისაგან არ გაიწმინდება, გზას არ ვხსნით. წელს 20 მაისისთვის ვაპირებთ გახსნას. ამას ტურისტული სეზონიც მოჰყვება, თუმცა ვნახოთ, ბუნება რას ინებებს.

- ყველაზე საშიში მონაკვეთი რომელია?
- დაახლოებით 54-დან 56-ე მონაკვეთის ჩათვლით. სწორედ აქ ჩამოწვა ის მეწყერი, რომელმაც ხეობაში ტბა გააჩინა. ამ მონაკვეთზე ტურისტებს დაახლოებით საღამოს 8 საათიდან დილის 6 საათამდე მოძრაობას ვუშლით. ამ გზაზე დღისით სიარული უფრო სანდოა. რასაკვირველია, მძღოლი პროფესიონალი უნდა იყოს და ფხიზელი გონება ჰქონდეს.

- ეს გზა მართლაც თვალისჩინივით მოსავლელია. ამას ისიც მოწმობს, რომ ტურიზმის წყალობით თუშეთის სოფლების (და არა მხოლოდ თუშეთის) აღორძინება დაიწო, რაც თითქოს შეუძლებელი ჩანდა...
- მეც ასე ვფიქრობ. მით უფრო, რომ ევროპაში ბევრჯერ ვყოფილვარ და ვერც ერთ, თუნდაც ულამაზეს ევროპულ მთის სოფელში ვერ ამბობენ, რომ მათთან ტურისტი მეორედაც მიდის. არ ვიცი, რატომ, მაგრამ თუშეთის სოფლებში შემხვედრია ტურისტები, რომლებიც აქ უკვე მეოთხედ ან მეხუთედ მოდიან. გული მოუწევთ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გზაა.

- ვიცი, ეს რატომაც ხდება: ჩვენს მთას არა მხოლოდ ულამაზესი ბუნება აქვს, არამედ - განსაკუთრებული სითბო და სტუმართმოყვარეობაც. უცხოელებს ჩვენი მთებისკენ ესეც იზიდავს. ხომ გახსოვს, რას ამბობენ თუშეთში სტუმარზე?
- რაღა თქმა უნდა: სტუმრის მოისზე (მოსვლაზე) მზე მოვაო.

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები