"შხამიანი ჰაერით" საქართველო მსოფლიოში მესამეა - კვირის პალიტრა

"შხამიანი ჰაერით" საქართველო მსოფლიოში მესამეა

თბილისის რომელ უბნებშია ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი

ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევების თანახმად, ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ბოლო წლებში ექსპერტები გამუდმებით საუბრობენ საქართველოს რთულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, რის უმთავრეს მიზეზადაც გაუმართავ ტრანსპორტსა და ცუდი ხარისხის საწვავს ასახელებენ. სწორედ ამის გამო აიძულა ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლება, გამოეცხადებინა ქვეყნის ავტოპარკის მონიტორინგი. თუმცა, როგორც ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" ხელმძღვანელი მანანა ქოჩლაძე ამბობს, მონიტორინგი ვერაფერს შეცვლის:

- ევროპამ აიძულა საქართველოს ხელისუფლება, ტექდათვალიერება გამოეცხადებინა, იძულების წესს დამორჩილებულმა მთავრობამ კი ის გააკეთა, რომ გამოსცა კანონი, რომლის მიხედვით, 2020 წლის ჩათვლით შემოწმებას მხოლოდ სატვირთო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლიან, რაც დაბინძურების ხარისხს ვერ შეცვლის. ამასთან, კონტროლის მექანიზმი იმდენად სუსტია, რომ გასული წლის პირველ ნახევარში ტექდათვალიერება 40%-მა მხოლოდ იმიტომ არ გაიარა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებმა უარი განაცხადეს! ხელისუფლებამ რომ განაცხადოს, ხალხო, მანქანების 90% გაუმართავი და გამოსაცვლელიაო, რევოლუცია დაიწყება... არადა, გაუმართავი ავტოტრანსპორტით ოჯახში შეტანილი ფულის დიდი ნაწილი, ამ შხამის ზემოქმედების გამო, კლინიკებში გვეხარჯება. ამას დავუმატოთ უვარგისი საწვავი და გამოდის, გაუმართავი მანქანების სახით მკვლელებს ვურიგდებით.

2017 წლის მონაცემებით, დასაშვებ კონცენტრაციაზე ოზონის გადაჭარბების მაჩვენებელმა 167% შეადგინა; გოგირდის დიოქსიდისამ - 155%. ნახშირორჟანგისამ - 122%. ეს აირების ჩამონათვალია. არ გაგვაჩნია დანადგარები, რომლებითაც მძიმე მეტალების კონცენტრაციას გაზომავ.

- ეკოლოგები ხშირად საუბრობენ საოჯახო გათბობის ქვაბების გამონაბოლქვზეც.

- ჰაერის დაბინძურების 75% გაუმართავ ავტომანქანებზე მოდის, დანარჩენი კი სხვადასხვა დაბინძურებაზე, მათ შორის, გათბობის ქვაბების გამონაბოლქვზეც. შეგვიძლია ამ რიგში ჩავაყენოთ ავტოგასამართი სადგურებიც. ამას მივუმატოთ გახრწნილი ნაგავი, რომელიც ყველა ნაბიჯზე იყრება…და ბოლოს, ერთიმეორის მიყოლებით ჩახერგილი კორპუსები. რა გასაკვირია, რომ საქართველო სიკვდილიანობით მესამე ადგილზე დგას იმ დაავადებებით, რომლებსაც დიდწილად ჰაერის დაბინძურება განაპირობებს: გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებები, ასევე, სიმსივნეები.

- დედაქალაქში ყველაზე მაღალი დაბინძურების კოეფიციენტი სად არის?

- სადაც მონიტორინგის სადგურები დგას - ვაკეში, ვარკეთილში, წერეთელზე... ყველაზე მაღალი დაბინძურება წერეთელზეა, თუმცა დარწმუნებული არა ვარ, რომ იგივე მონაცემები ან მეტიც არ იქნება აღმაშენებელსა და ყველა იმ ადგილზე, სადაც მანქანების დიდი ნაკადი გადაადგილდება... ჰაერში აზოტის დიოქსიდის ძალიან მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა ტაშკენტის ქუჩაზე, რუსთაველზე, ბახტრიონისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაზე და ა.შ.

ეთერ ერაძე