"რა წუმპეშიც უნდა დავეშვათ, მუდამ ადამიანებად უნდა დავრჩეთ"
12-07-2010
ცნობილი მწერალი და პუბლიცისტი თამაზ ბიბილური სამოციანელთა წარმომადგენელი იყო. მისი პირველი წიგნი, "ჩქარა" (ნარკვევები და მინიატიურები) 1973 წელს დაიბეჭდა, მას მოჰყვა მოთხრობების კრებულები:

"ნიღაბი", "ჩივილი", "მთვარის შვილი", რომანები: "ჟამი კითხულისა", "შვიდი ხმისა და ტოროლასათვის", ლიტერატურული წერილები და საყმაწვილო წიგნი "წელიწადის დრონი". შინაგანად ესთეტი ხელოვანი უხმაუროდ ქმნიდა იმას, რასაც შთამომავლობა დროთა განმავლობაში უფრო დააფასებს. ქართული პროზის საგანძურის მომავალ ტომში თამაზ ბიბილურის შესანიშნავი რომანი "ჟამი კითხულისა" და ის მოთხრობები შევიდა, რომლებიც უკვე
შეიყვარა მკითხველმა.

თამაზ ბიბილურისთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა - არც სიმდიდრეს, არც თანამდებობას...
მშვიდად ფიქრობდა მომავალზე, მაშინაც კი, როცა გრძნობდა, ამქვეყნიური მომავალი საათებს ითვლიდა. ნანახი ბევრი ჰქონდა, თუმცა წლებს ბევრს ვერ დაითვლიდა - სულ 58-ისა იყო. თამაზ ბიბილური რაღაცნაირად ღრმად ხედავდა და ეს სიღრმე ტკივილთან
ერთად სიბრძნესა და სიმშვიდესაც ანიჭებდა.

სულ უბრალო ეპიზოდს ვკითხულობ:

"ესეც სოფელი!
ქვევით, ხეობაში სოფელი გადაიშალა. აღარსად მიგვეჩქარებოდა. ვისხედით და ვისვენებდით. მერე ფერდობი სირბილით ჩავიარეთ და ბინდისას ბებრების სახლს მივადექით.

დავიძახეთ. პასუხი არავინ გაგვცა.
ახლა მეორე სახლს მივადექით და იქაც დავიძახეთ. პასუხი მაინც არავინ გაგვცა.
შუა სოფელში მეხნაკრავივით შევჩერდით.
- მიტოვებული სოფელი!!!

ბინდში ახლაღა შევნიშნეთ: ჭინჭარმოდებული ეზოები, მონგრეული ყორე, უკარ-ფანჯრო სახლები, უკრამიტო კავები, ჩატეხილი საყვავე, ბალახიანი ბაკი.
სოფელში არ ყეფდნენ ძაღლები. არ ყიოდა მამალი. ხმა აღარ ამოგვიღია.

მიტოვებული სოფელი სასაფლაოს ჰგავს და იქ ხმამაღალი ლაპარაკი არ შეიძლება".
თამაზ ბიბილურის ყოველი სტრიქონი იმ პირველსაწყისთან გაბრუნებს, რის გამოც ადამიანად ხარ გაჩენილი, რის გამოც უნდა ხედავდე და გტკიოდეს, მოკრძალებით ჩურჩულებდე და ხანაც ომახიანად იძახოდე სავაჟკაცოს.

"რა ყოფაშიც არ უნდა ჩავვარდეთ, რა მწვერვალზეც უნდა მოვექცეთ, ან რა წუმპეშიც უნდა დავეშვათ, მუდამ ადამიანებად უნდა დავრჩეთ, რადგან ღმერთმა მხოლოდ ადამიანად გაგვაჩინა, რადგან არ ვიცით, ჩვენი გაჩენით, ამ უსაზღვრო სამყაროს რა მიზანი ამოძრავებდა, რა დიდი იმედი ჰქონდა ჩვენი, ან პირიქით, რაოდენ მცირედი მისია დაგვაკისრა", - წერდა ის ადამიანობაგამეჩხერებულ სამყაროში.

ვიდრე ადამიანებად დავიბადებით და ვიარსებებთ, მას სულ ეყოლება მკითხველი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?