"როცა ტატუნაშვილის ცხედარს არ გაძლევენ, რუსეთში საცეკვაოდ არ უნდა წახვიდე"
16-04-2018
"როცა ტატუნაშვილის ცხედარს არ გაძლევენ, რუსეთში საცეკვაოდ არ უნდა წახვიდე"
"როგორც კეთროვნებს, ასე არ უნდა იჭერდნენ ნარკომანებს. უნდა იჭერდნენ გამსაღებელს ახალგაზრდების განადგურებისთვის"

"პრეზიდენტ ზვიად გამსახუ­რდიას სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობა. პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის დამსახურებაა ნავთობსადენის გაყვანა, მესამე პრეზიდენტმა­ კი, რომლის ოპოზიციაშიც ვიყავი, სახელმწიფო ინსტიტუციები შექმნა. მე არავისტი არა ვარ - საქართველოისტი ვარ. საქართველო გაერთიანდება მაშინ, როცა თითოეული პრეზიდენტის გაკეთებულ კარგ საქმეს ხელისუფლება ამოსწევს, პატივს სცემს და თვითონ განავითარებს", - ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენი ინტერვიუ მუსიკოსსა და პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანთან.

- მე
ხმა მივეცი "ქართულ ოცნებას", მის ცვლილებებს, მოგვიანებით კი გამიჩნდა არაცნობიერი ეჭვი, რომ ეს არ იქნებოდა ხელისუფლება, რომელსაც რუსეთთან, როგორც ოკუპანტთან ურთიერთობაში გამოკვეთილი პოზიცია ექნებოდა. ექვსი წლის განმავლობაში იმედი არ გაამართლეს. პირად იმედზე არ ვლაპარაკობ. მქონდა შემოთავაზება კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე და ვიფიქრე, იქნებ ის ხელისუფლება
მოდის, რომელთან ერთადაც შეიძლება ბევრი კარგი საქმე გავაკეთო-მეთქი... მაგრამ ვფიქრობ, ღირსეულად გამოვედი იმ სიტუაციიდან. ღმერთმა დამიფარა, ვერ ვიქნებოდი ის ადამიანი, რომელიც ოქროს საბადოს, საყდრისის დოკუმენტს მოაწერდა ხელს.

- იმედგაცრუებაზე ლაპარაკობდით...

- სააკაშვილის დროს მიღებულია ძალიან ცუდი კანონი, რომელიც საშუალებას გაძლევს, გამოძიება უსასრულოდ გაგრძელდეს. ამდენი ხანია, მოსული არიან ხელისუფლებაში და კანონი არ შეცვლილა. ამიტომ შემოიდო თაროზე ამდენი საქმე.
მეტიც, გაგიგიათ გახანგრძლივებული ექსპერტიზა?! უფლება აქვთ, ხანგრძლივი ექსპერტიზა რამდენი ხანიც უნდათ გაწელონ. მურუსიძეს ვაპროტესტებდი და ხელმძღვანელად დაგვიბრუნეს. გავაპროტესტე. პასუხად მივიღე: "თაკო, მიშისტი­ გახდი?!" ეს არის ყველაზე დილეტანტური, არაინტელექტუალური შეკითხვა.

ამხელა კულტურის საქართველო არ არის ღირსი, ევროპის სრულფასოვანი ოჯახის წევრი გახდეს?! მინდა, ჩემს ქვეყანას აუსრულდეს სულხან-საბას დროინდელი ოცნება. ვერ ვხედავ, რომ ამის გაკეთებას ჩქარობს ეს ხელისუფლება და გული მტკივა.

- ამიტომ ბრძანეთ ერთ-ერთ ინტერვიუში, ორჭოფობა და თამაში არაფერს გვარგებსო?

- რაც ახლა ხდება უმრავლესობაში, თამაში არ არის? თუნდაც ნინია კაკაბაძის მაგალითი. ეს ქალბატონი, რომელიც მე არ მესიმპათიურება, თავის პოზიციას აშკარად გამოხატავს. ჩემთვის უფრო ცუდად გამოიყურება ის მორჩილი უმრავლესობა, რომელიც ამბობს, ნინია კაკაბაძე ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენ ხმა მივეცითო, მეორე დილით კი ბოდიშს იხდიან ამის გამო.

მოგეხსენებათ, რატომ არ მესიმპათიურ­ება კაკაბაძის პოზიცია. ამბობს (მომიტევოს ციტირებისთვის საზოგადოებამ): "დედამ ბავშვობაში მითხრა, რომ პატრიარქი უზნეოა და მეშჩანი", მერე უმატებს, ეს ჩემი აზრიაო. ეს აზრი არ არის, შეფასებაა მტკიცებითი ფორმით და ის, ვინც ასე აფასებს ადამიანს, რომელიც ძალიან ძვირფასია­ ბევრისთვის, არ უნდა იყოს საზოგადოებრივი ტელევიზიის ბორდში. ნინიას განსხვავებულ აზრსაც აქვს არსებობის უფლება, მაგრამ არა - ბორდში. მგონია, რომ სულ მცირე, გაუზრდელობასთან გვაქვს საქმე.

კიდევ ერთი, ბატონი ივანიშვილის, რომლის წარსულს თუ გადახედავთ, უამრავ სიკეთეს დავინახავთ, პიარსამსახური რას აკეთებს? ხეებს რომ დააპროწიალებენ­ აქეთ-იქით, რა ტალახიც ამას მოჰყვება, კარგია? მისი გარემოცვა თვლის, რომ ეს არ უნდა უთხრან და ამით კარგ სამსახურს უწევენ?!

- როგორ აფასებთ სპორტსმენებისა და ხელოვანების სიმრავლეს პარლამენტში?

- თუ გავიხსენებთ, რომ ილია ჭავჭავაძეც იყო დუმაში, კი ბატონო, მაგრამ დღეს რომ ილია ჭავჭავაძეები არ სხედან პარლამენტში და ზოგს იბიარდიც ვერ გაუგია, რას ნიშნავს? ამიტომ ვთვლი, რომ ჯობია, პური მეპურემ გამოაცხოს. თუმცა ბევრი პრეზიდენტი ვიცით ხელოვნებიდან მოსული. გონიერი, ღირებულებების ერთგული ადამიანი ყველგან საჭიროა.

რა არის ღირებულება? ოკუპირებული­ რომ არის შენი სამშობლო, კარგად უნდა ამოთქვა და თუ არ გინდა, ტატუნაშვილი მოგიკლან, ჯერ ოთხოზ­ორიას უნდა სცე პატივი. ამდენი ხანია, ვამბობ: აამუშავეთ ოკუპაციის კანონი! რა მოიწერა კარას­ინმა? გააუქმეთ ოკუპ­აციის კანონიო. მაშასადამე, მნიშვნელოვანი ყოფილა, არა?

ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის ამბის შემდეგ მაინც უნდა დაეფინანსებინა სახელმწიფოს ჯგუფი, რომელიც მუდმივად ილაპარაკებდა ამ უკანონობის შესახებ! ვისაც საჭიროა, კარს უნდა ვუტალ­ახებდეთ, ისე, რომ იძახდნენ, კიდევ ქართველები არიან, კიდევ ქართველები ჩივიანო?!­ ასე მოიქცა ბალტიისპირეთი. რუსეთი არ დაგითმობს, გადაგივლის, აგაორთქლებს! მისი ერთადერთი სურვილია, უარი თქვა დასავლურ ღირებულებებზე.

- ნარკოტიკის თემასაც შევეხოთ...

- ერთი ვიცი ზუსტად, რომ დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს და როგორც კეთროვნებს, ასე არ უნდა იჭერდნენ ნარკომანებს. უნდა იჭერდნენ გამსაღებელს ახალგაზრდების განადგურებისთვის. უნდა შენდებოდეს სარეაბილიტაციო ცენტრები და ეს პრობლემა სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს.

დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს (ლეგალიზაცია სხვაა და დეკრიმინალიზაცია - სხვა). ამ დროს განსაკუთრებულად უნდა ვენდობოდეთ შსს-ს. როდესაც ნდობა არ არის, მაშინ ტყდება ერთი ამბავი. თევზი თავიდან ყარს. ვერანაირ კანონს ვერ მიიღებ, თუ არ გყავს საკანონმდებლო ორგანო, რომელსაც საზოგადოება ენდობა.

- არაერთი ხელოვანი გააკრიტიკეს რუსეთში გამართული კონცერტების გამო. პოლიტიკასა და ხელოვნებას შორის საზღვრები უნდა არსებობდეს?

- ჩემს ოჯახს ამის პასუხი აქვს. ჩემი ოჯახის ორმა წევრმა - ირმა გიგანმა და მამუკა ჩარკვიანმა უარი თქვეს დიდ შემოთავაზებაზე. მე პასტერნაკს, ჩეხოვს, ახმადულინას კი არ ვერჩი!.. თუკი ხელისუფლება აამუშავებდა ოკუპაციის კანონს, აღარც ის მომღერლები აღმოჩნდებოდნენ უხერხულ მდგომარეობაში და მიხვდებოდნენ - შენ რომ შენი თანამემამულის ცხედარს არ გაძლევენ, იქ საცეკვაოდ არ უნდა წახვიდე.

- მეუღლე როგორ აფასებს თქვენს გამოსვლებს?

- ის ჩემი უპირველესი თანამოაზრეა. როდესაც 2008-ში გამოცხადდა, რუსები შემოდიანო, პირველად ვნახე სვანი კაცის რეაქცია. მაშინ ჩვენს ოჯახში არავის გახსენებია, რომ სააკაშვილის ოპოზიციონერები ვიყავით. მთავარი საქართველო იყო...

სვანების რძალი ვარ. იქ რომ ჩახვალ, პირველი, რაც გაგიელვებს, ვაჟას სიტყვებია: "ბუნება მბრძანებელია..." თეთნულდს რომ გახედავ, ღილისტოლა ხდები... ისეთი სუფთა ჰაერია და ისეთი წრფელი მზერით გიყურებენ ლურჯთვალა სვანები, რომ უნდა დაჯდე კოცონთან და დატკბე. ცუდი რაღაცები დაივიწყო, მოიშორო... იქ თითქოს ყველაფერზე სხვანაირად ფიქრობ: ცხოვრებაზე, ქვეყანაზე, მშობლებზე, შვილებზე...
რაღაც ასაკში მშობელსა და შვილს შორის როლები იცვლებაო, ბევრს უთქვამს. მერე შვილი ხდება მზრუნველი. მშობლის წასვლის დღიდან სათქმელი გიგროვდება და გტკივა. ამ ტკივილს დრო ვერ კურნავს. სევდა ხანჯალივით გერჭობა გულში და ყოველ შენს უხერხულ მოძრაობაზე ის ხანჯალი თითქოს ირხევა. ამიტომ ცდილობ, არ მოიქცე ისე, მას რომ არ მოეწონებოდა.­ სანამ ცოცხლები ვართ, ეს ხანჯალი ჩვენს გულშია, მერე, ალბათ, ჩვენი შვილების გულშიც გაჩნდება. ცხოვრებაც ესაა.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით