დიდი "გიდიანობა" - კვირის პალიტრა

დიდი "გიდიანობა"

"დღეს საქართველოში ტურიზმით შემოსული თანხა ისევ უცხოელს გააქვს"

შეიმჩნევა ბიზნესის "ქართულად კეთების" ტენდენცია, რასაც უცხოელი თავის ქვეყანაში ვერ გაბედავს - მას შემდეგ, რაც შეისწავლიან ქართულ ბაზარს, გაერკვევიან, რამდენია მინიმალური ხელფასი, ზოგადი ფასები მომსახურების სფეროში, იწყება დაფინანსების გადანაწილება პრინციპით:"ეს ანაზღაურება ქართველისთვის მშვენიერია", დაზოგილი თანხით კი ახალ ბიზნესს იწყებენ

- საქართველოს ისტორია იცით?

- ისე რა, სრულყოფილად არა.

- მაშინ რას უყვებით ტურისტებს?

- ქართლის დედაზე, ვახტანგ გორგასალზე, ნარიყალაზე.

- ინფორმაციას საიდან იღებთ?

- ინტერნეტში ვეძებ, ხალხსაც ვეკითხები. მე აქ ტურისტული სააგენტო მაქვს, დაახლოებით 20 ირანელი მყავს დასაქმებული, უმრავლესობა გიდად მუშაობს. ბევრი ტურისტი ჩამოდის ორი-სამი დღით...

ამ სიტყვების ავტორს, ირანელ გიდს, მე და ჩემი კოლეგა 2017 წლის შემოდგომაზე შევხვდით, 20-კაციანი ჯგუფი მას ლეღვთახევში მიჰყავდა. "კვირის პალიტრა" იყო პირველი, რომელმაც საზოგადოების ყურადღება გიდების არაკვალიფიციურობაზე გაამახვილა. 2017 წლის 25 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიას გიდების შესახებ მაშინ ოპერატიულად გამოეხმაურნენ სამთავრობო სტრუქტურები და საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი: "აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ ის შენიშვნები, სისუსტეები, რა მიმართულებებზეც მოგვიწევს აქცენტების გაკეთება. ზამთრის სეზონისთვის დიდწილად მზად ვართ, მაგრამ მომავალი ზაფხულის სეზონისთვის დღესვე არის დასაწყები მუშაობა - დავადგინოთ, სად გვაქვს ნაკლოვანებები, რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, მომსახურების საკითხები, ექსკურსიამძღოლების კვალიფიკაციის საკითხი".

პრემიერის ამ განცხადების შემდეგ გამოითქვა ინიციატივა უცხოური ტურისტული სააგენტოებისთვის რეგულაციების დაწესებაზე. საპილოტე პროგრამა, რომელიც 2018 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო, გულისხმობდა, რომ უცხოური კომპანიები ტურისტებს ქართველი გიდის გარეშე ვერ შემოიყვანდნენ. ამ აზრს პრემიერიც იზიარებდა...

"ტურისტები ქუჩაში 25 ლარად ქირაობენ გიდს და მათ კვალიფიკაციაზე ლაპარაკიც ზედმეტია"

"კვირის პალიტრა" დაინტერესდა, შეიცვალა თუ არა ამ კუთხით მდგომარეობა.საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და გიდების ასოციაციაში გიდებისთვის ახალი რეგულაციის დაწესების შესახებ არაფერი სმენიათ.

ქეთი მელაძე, გიდების ასოციაციის დირექტორი: - მე არაფერი მსმენია რეგულაციის შესახებ.

ტურისტები თავიანთი გიდით მოდიან - პოლონელს პოლონელი გიდი მოჰყავს, თურქს - თურქი. არავის მოსწონს, როდესაც შენი ქვეყნის ისტორიას ამახინჯებენ, მაგრამ ქვეყნის კურსი ამ სფეროში ლიბერალურია, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა (თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, ირანი) აკონტროლებს ამ პროცესს კანონმდებლობით.

ჩეხეთში, ავსტრიაში, საფრანგეთსა და კიდევ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენნაირი მდგომარეობაა, ჩინელებმა წალეკეს საფრანგეთი და ჩეხეთი და ვერაფერს უხერხებენ. შესაძლოა რომელიმე ქალაქმა, მუზეუმმა ან ტურისტულმა ობიექტმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ თავის ტერიტორიაზე არაკვალიფიციური უცხოელი გიდი არ შეუშვას და თუ საყოველთაო წესი დამკვიდრდა, ლიცენზირების საკითხი დგება. მაგალითად, თურქეთში გიდი ლიცენზიაში დიდ თანხას იხდის. იგივე ტარიფი საქართველოში თუ გადმოვიტანეთ, გიდობა აღარავის მოუნდება.

- ახალი ინიციატივის შესახებ გსმენიათ?

- ეს რეგულაცია რომ მიეღოთ, უპირველესად გიდების ასოციაციისთვის უნდა მოემართათ. ჩვენგან უნდა მიეღოთ ინფორმაცია, რა ხდება ამ ბაზარზე. ჩვენ მაღალი სტანდარტებით ვამზადებთ გიდებს, მაგრამ მათი გამოყენება ბაზარმა უნდა დაარეგულიროს. ტურისტების უმრავლესობა ქუჩაში ქირაობს გიდს 25 ლარად და მის კვალიფიკაციაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ასოციაციას აქვს ვებგვერდი და არის ტურისტების კატეგორია, რომლისთვისაც მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვანია და სტანდარტებით მომზადებული გიდი აჰყავს. არანაკლებ მძიმე ვითარებაა ტურისტული სააგენტოების თვალსაზრისითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ონლაინსააგენტოებს ხსნიან, მაგალითად, ირანელები...

"აქ ტურისტული კომპანიები აქვთ გახსნილი და თავისიანებს ასაქმებენ"

მე და ჩემმა კოლეგამ მეიდანს მივაშურეთ. ქართველი გოგონა გამართული რუსულით ტურისტებს კონსულტაციას უწევდა. ია იოსელიანი ტურისტული კომპანიის თანამშრომელია: - ბევრი უცხოელი გიდი მხვდება. ჯგუფები თავიანთი გიდებით მოდიან, როგორც ვიცი, აქ ტურისტული კომპანიები აქვთ გახსნილი და თავისიანებს ასაქმებენ. ფული, რაც შემოდის, ისევ მათთან მიდის. მაგალითად, ირანელებს ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოჰყავთ... ევროპელები, ძირითადად, თბილისის გარშემო და ქალაქგარეთ ავტობუსის ტურს იღებენ. რუსები და უკრაინელები ქვეყნის ისტორიით ინტერესდებიან, დეტალურად კითხულობენ, ჩაგეძიებიან... აზიური ქვეყნებიდან შემომსვლელების უმეტესობას მხოლოდ შოპინგი აინტერესებს...

არაჯანსაღი კონკურენცია?!

საქართველოს ბაზარზე მომსახურების სფეროთი უცხოელების დაინტერესება ქართველ ტუროპერატორებს ძლიერ კონკურენციას უწევს.

შალვა ასათიანი, ტურისტული კომპანიის დირექტორი: - კონკურენცია უკვე არაჯანსაღი გამოდის, რადგან იმათ თავიანთ ქვეყანაში დიდი რესურსი აქვთ. ასეთ დროს ადგილობრივ კომპანიებთან კომუნიკაცია, შეთანხმება, უფრო მარტივია. უკავშირდებიან აქაურ ფილიალს და მოჰყავთ ტურისტული ჯგუფები. ქართული ტურისტული კომპანიისთვის რთულია ამ დროს კონკურენცია გაუწიოს სხვა ქვეყნის ტუროპერატორს, რომელიც საქართველოში ოპერირებს. მაშინ ჩვენც უნდა გვქონდეს საზღვარგარეთ წარმომადგენლობა, მაგრამ ეს სირთულეებთან არის დაკავშირებული. ტურიზმის განვითარება ქვეყნისთვის ნიშნავს თანხების უცხოეთიდან შემოდინებას. დღეს კი საქართველოში შემოსული თანხა ისევ უცხოელს გააქვს.

ამასთან, ქვეყნისთვის ტურიზმის განვითარება დასაქმების პრობლემის გადაჭრაა - საქმდება უამრავი ადამიანი (მძღოლი, გიდი, მომსახურების სფეროს სხვადასხვა მუშაკი). გარდა ამისა, ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნის პოპულარიზაციისთვის მსოფლიოში, რომ კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდეს. არაკვალიფიციური გიდი კი ამის შესაძლებლობას უკარგავს ქვეყანას...

ბიზნესის პრინციპი

უცხოური ტურისტული კომპანიების გარდა, ჩვენთან მრავლად არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ისინი თანამემამულეებს სხვადასხვა ორგანიზაციის საფარქვეშ სთავაზობენ ტურისტულ მომსახურებას და დიდ მოგებასაც ნახულობენ. ასეთ ორგანიზაციებში დასაქმებული ჩვენი მოქალაქეები ხშირად ჩივიან არასათანადო მოპყრობაზე, თუმცა სამსახურის დაკარგვის შიშით ამის გასაჯაროებას ერიდებიან. "კვირის პალიტრამ" მოახერხა ერთ-ერთ მათგანთან გასაუბრება (ვინაობას არ ვასახელებთ).

მარიამი: - ჩვენს ხელფასზე, ბინასა და სხვა ხარჯებზე ის სახელმწიფო ზრუნავს, რომელიც ჩვენს ორგანიზაციას აფინანსებს, მაგრამ აქაური მენეჯმენტი წყვეტს, რამდენი მოგვცეს ანაზღაურება. საწყენია ასეთი დამოკიდებულება, რადგან საქმეების დიდ ნაწილს სწორედ ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენ ხომ მათზე უკეთ ვიცით საქართველოში როგორ დავუგეგმოთ ესა თუ ის აქტივობა, ჩამოსულებმა ენაც კი არ იციან. შეიმჩნევა ბიზნესის "ქართულად კეთების" ტენდენცია, რასაც უცხოელი თავის ქვეყანაში ვერ გაბედავს - მას შემდეგ, რაც შეისწავლიან ქართულ ბაზარს, გაერკვევიან, რამდენია მინიმალური ხელფასი, ზოგადი ფასები მომსახურების სფეროში, იწყება დაფინანსების გადანაწილება პრინციპით: "ეს ანაზღაურება ქართველისთვის მშვენიერია", დაზოგილი თანხით კი ახალ ბიზნესს იწყებენ."

P.S. საქართველოში ტურისტების შემოსვლის მზარდი სტატისტიკა წელსაც შენარჩუნებულია და ეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ხელსაყრელ ბიზნესგარემოს ქმნის. როგორ დარეგულირდება მომსახურების სფეროში კომპანიებისათვის თანაბარი კონკურენციის პირობები? - ეს კითხვა კვლავ აქტუალური და პასუხგაუცემელია.

ტურიზმის მზარდი სტატისტიკა

2018 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით საქართველოს 1,463,561 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +15.5%-ია. ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოში აზერბაიჯანიდან (3.9%), სომხეთიდან (+15.8%), თურქეთიდან (+21.8%), რუსეთიდან (+25.5%) და ირანიდან (+63.9%) ჩამოვიდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია: ესპანეთი - +79%, გაერთიანებული სამეფო - +53%, ნიდერლანდები - +46%, გერმანია - +27%, საფრანგეთი - +24% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ქუვეითი - +127%, საუდის არაბეთი - 82%, ისრაელი - 77%, ირანი - 64%, ჩინეთი - 56% და ა.შ.

ნინო ბურჭულაძე, ნინო წიფურია