"ზემოსაზანოელი" ნიანგის ნაკვალევი - კვირის პალიტრა

"ზემოსაზანოელი" ნიანგის ნაკვალევი

"ჭიათურის რაიონის სოფელ მერევში გეომორფოლოგმა გიორგი დვალაშვილმა ყორის ქვებში ზღვის მოლუსკების ნიჟარები აღმოაჩინა"

მილიონობით წლის წინანდელი პრეისტორიული ცხოველის კვალი საქართველოშიც რამდენჯერმე აღმოჩნდა, თუმცა, მეცნიერულად დადასტურებული მხოლოდ ორი მათგანია - სათაფლიაში დინოზავრებისა და სოფელ ზემო საზანოში, ძუსოს ხეობაში - ნიანგის. როგორც ირკვევა, "ზემოსაზანოელმა" ნიანგმა დაახლოებით 90 მილიონი წლის წინ გაიარა ზემო იმერეთის ამ ლამაზ ადგილას და თავისი კვალი დატოვა. ეს კვალი მილიონობით წლის განმავლობაში დაიცვა დალექილმა ქანებმა და მხოლოდ ჩვენს ეპოქაში გაშიშვლდა, მაგრამ თუ არ დავიცავით, მას განადგურება ემუქრება. პალეონტოლოგი და გეომორფოლოგი ვასილ გაბუნია ხეობის ამ უნიკალური სამშვენისის გადარჩენას სასიცოცხლო მნიშვნელობის ფაქტად მიიჩნევს:

- 120-125 მილიონი წლის წინ საქართველოს ტერიტორია წყლით იყო დაფარული. სწორედ ზღვიდან ამოწვერილი ნაშთებია ის კირქვოვანი გამოქვაბულები, რომლებიც ზემო იმერეთში ძალიან ბევრი გვაქვს. არა მხოლოდ კირქვოვანი კლდეები, ჭიათურის რაიონის სოფელ მერევში გეომორფოლოგ გიორგი დვალაშვილს ყორის ქვებშიც კი აქვს ნანახი ზღვის მოლუსკების ნიჟარები. მან ამ სოფლის წარმოჩენით უდიდესი საქმე გაუკეთა ქართულ მეცნიერებას. თვითონაც გაოგნებული დავრჩი, როცა ერთ-ერთ ოჯახში უამრავი ზღვის ცხოველის ნაშთი აღმოვაჩინე. ოჯახის უფროსმა გვითხრა, მამაჩემი სკოლის დირექტორი იყო, ნაშთებს აგროვებდა და სკოლის მუზეუმში აბინავებდა, მერე ვიღაც უგვანომ მუზეუმი გატეხა. კიდევ კარგი, ნაშთები უბრალო ქვებად ჩათვალა და ხელი არ ახლო, მას შემდეგ ეს ნაშთები შინ წამოვიღეო.

საოცარი ექსპონატები დამხვდა, მათ შორის, თევზის გაქვავებული ქერცლიც. რაც შეეხება ნიანგს, ალბათ, იმ დროს გაიარა ზღვის სანაპიროდან ამოწვერილ კირქვაზე, როცა კირქვა ჯერ კიდევ სველი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაფეხურები ვერ დააჩნდებოდა. მერე ნაბიჯების გამოშრობასაც მზიანი და მშრალი ამინდი დაემთხვა და ნიანგის კვალიც გამოშრა. მილიონობით წელმა ნაკვალევი კირქვოვანი ფენით დაფარა და ამით დაიცვა. ახლა კი დრომ ფენები გადარეცხა და ნიანგის ნაკვალევი გააშიშვლა, ზუსტად ისე, როგორც სათაფლიაში. სადაც ახლა დინოზავრის ნაკვალევია, იქ გზას აფეთქებდნენ, რამაც დინოზავრების ნაკვალევზე კირქვოვანი ფენა ჩამოშალა და გააშიშვლა. თუ ნიანგის ნაკვალევს არ დავიცავთ, წლები მას უსათუოდ გადაშლის. ის ადგილი უნდა გადაიხუროს. ზუსტად ასე დაფარეს დინოზავრის ნაკვალევიც.

ეთერ ერაძე