ქართველთათვის კიდევ ერთი საფიცარი საფლავი მიემატა დიდუბის მიწას - კვირის პალიტრა

ქართველთათვის კიდევ ერთი საფიცარი საფლავი მიემატა დიდუბის მიწას

გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე დავურეკე. კავთისხევიდან ახალჩამოსული თავს ვერ გრძნობდა კარგად. შეხვედრა ორიოდე დღით გადავდეთ. შევთანხმდით, თბილისისა და მისი უბნის, მეიდანის ფენომენზე ვისაუბრებდით. თავად აბანოთუბანში ცხოვრობდა და აქ დავანებული უდიდესი მადლის ყოველდღიური თანაზიარი გახლდათ... ორი დღის შემდეგ კვლავ შევბედე. ხუთშაბათს შევხვდეთო, მითხრა...

მაშინ მხოლოდ განგებამ თუ უწყოდა, რომ ქართველ კომპოზიტორთა ოქროს ხანას სწორედ იმ ხუთშაბათის დილას საბოლოოდ დაესმებოდა აკორდი.

ბიძინა კვერნაძე, ოქროს ხანის ქართველ კომპოზიტორთა საძმაკაცოს უკანასკნელი მოჰიკანი, მსოფლიო რანგის ქართველი შემოქმედი, მარადისობამ მიიბარა. საქართველოსთვის უკიდურესად მტკივნეული აღმოჩნდა 82 წლის ვალმოხდილი ხელოვანის დაკარგვა. ქართველთათვის კიდევ ერთი საფიცარი საფლავი მიემატა დიდუბის მიწას...

"უკანასკნელი მოჰიკანი"

კახა ცაბაძე, კომპოზიტორი: "ბატონ ბიძინას სახელთან ასოცირებულია არაჩვეულებრივი მუსიკა და იუმორი, რომელიც ღმერთმა დააბერტყა და მერე ჩვენ გაგვიზიარა. არ მავიწყდება ერთი ეპიზოდი: ერთხელ მოვიდა ჩვენთან სახლში ბატონი ბიძინა,  ქეიფიდან გამოგვიარა. მამაჩემს ეუბნება, - ჩემი 110 მანეთი დამიბრუნეო. დედაჩემი შეწუხდა, გოგი, ეგ როგორ, ვალი გაქვს ბიძინასი და არ გახსოვდაო... მამაჩემი მიხვდა, რომ ხუმრობდა ბიძინა, მიჩვეული იყო მისგან, მაგრამ ჯერ ვერ გარკვეულიყო რაში იყო საქმე.

თითქმის ნახევარი საათი გაგრძელდა ეს სცენა. ბოლოს, აი, რა აღმოჩნდა: მამაჩემს ახალი დაწერილი ჰქონდა "საქართველოს მანანებო", რომელიც ბატონ ბიძინას რესტორანში პირველად მოუსმენია, ისე მოსწონებია, თერთმეტჯერ შეუკვეთია და ათ მანეთს იხდიდა ყოველ შეკვეთაზე. ჰოდა, ჩემი ვალი დამიბრუნეო...

ბედნიერებაა, რომ ქართველ ხალხს დარჩა მისი მუსიკა, რომელიც ბიძინა კვერნაძის უკვდავების ტოლფასია. სანამ არსებობს საქართველო, სანამ იქნებიან ქართველები, ყოველთვის იმღერებენ ბიძინა კვერნაძის უკვდავ ქმნილებებს. სამძიმარი მინდა ვუთხრა მის ოჯახს, მის ახლობლებს, მთელ საქართველოს".

ნუგეშა - ბიძინას ნუგეში

მერი დავითაშვილი, კომპოზიტორი: "მთელი ცხოვრება ერთად მოვდიოდით, ჩემს ოჯახთან მეგობრობდა, შინაური გახლდათ ჩვენი. ქუთაისში დავამთავრე სამუსიკო ათწლედი და კლასელებმა რამდენიმე წლის შემდეგ გადავწყვიტეთ შევკრებილიყავით. წასვლის წინ ბიძინა ჩემს ოჯახში იყო მოსული. ჩემმა მეუღლემ, გივიმ უთხრა, - ბიძინა, წამოდი ჩვენთან ერთადო... მაშინვე დაგვთანხმდა, - წამოვალ, მა რას ვიზამ, ცოლ-შვილი ხომ არ მიჩხავის აქაო...

შეხვედრა მოაწყვეს ჩვენი ახლობლის ოჯახში, დიდი სახლი ჰქონდათ. ამხელა სახლი და ეზო რომ დაინახა ბიძინამ, თავის სტილში იხუმრა - სტადიონია თუ სახლიო. სწორედ ამ ოჯახში გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, შესანიშნავი პიროვნება ნუგეშა. ჩემი კლასელების შეკრება ბიძინას საღამოდ იქცა. კარგად გაართო ჩვენი მასწავლებლები და ყველას შეაყვარა თავი. ეს სტუმრობა იმით დამთავრდა, რომ ნუგეშა მოიყვანა ცოლად და შესანიშნავი ოჯახი შექმნა...

მახსოვს ბაქოში ჩატარდა კომპოზიტორთა ყრილობა. მთელი კავშირიდან იყვნენ ჩამოსულნი კომპოზიტორები. მათ შორის შოსტაკოვიჩი მოსკოვიდან. ბიძინა იყო ყურადღების ცენტრში თავისი პიროვნული ხიბლის გამო, ამოდენა კომპოზიტორი, დიმიტრი შოსტაკოვიჩი უკან დაგვდევდა ბავშვივით. მერიდება ამის თქმა, მაგრამ ეს ასე იყო... სულ ეშინოდა შოსტაკოვიჩს, რომ სადმე არ გავპარულიყავით და არ დარჩენილიყო უჩვენოდ. დილიდან სადარბაზოში იჯდა და უცდიდა, როდის გაიღვიძებდა ბიძინა".

ბიძინა ქართული მუსიკის ბარათაშვილი იყო

ანზორ ერქომაიშვილი, ანსამბლ "რუსთავის" დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, საგუნდო დირიჟორი: "ბიძინას სტუდენტობის პერიოდიდან ვიცნობდი. ხშირადაც გვიქეიფია, მას შემდეგ, რაც აბანოთუბანშიც ერთად დავსახლდით, 25 წელი გავიდა... ეს იყო არაჩვეულებრივი კაცი, საოცრად კეთილი, კეთილმოსურნე ყველას მიმართ, კაცი, რომელსაც არ შეეძლო ვინმეზე ძვირი ეთქვა. იყო არაჩვეულებრივად ხალისიანი, ენამოსწრებული. ყოველ დილას, როცა ბიძინა მიდიოდა სამსახურში, ჩემთან შემოივლიდა ხოლმე.

ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით მეგობრები, ჯანო კახიძემ მას ქართული მუსიკის ბარათაშვილი დაარქვა, მისი ლირიკული ნაწარმოებები საუკუნეებს გაუძლებს. ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ: ჰიმნის კონკურსი ტარდებოდა და შესარჩევი კომისიის წევრი ვიყავი. ბიძინამაც წარადგინა ამ კონკურსში თავისი ნაწარმოები. ყველა ნაწარმოები დანომრილი იყო და ჟიურიმ არ ვიცოდით, ვინ იყო ავტორი. ბიძინა მეორე ტურში გავიდა, კონკურსის წინადღეს მოვიდა ჩემთან ძალიან მთვრალი, თითქმის უგონო მდგომარეობაში.

ვთხოვე, ხვალ მეორე ტურია, რაღაც ინტონაცია დამიკარი შენი ნაწარმოებიდან, ჩემთვის მინდა ვიცოდე, რომელია შენი ნაწარმოები-მეთქი. ცოტა ხანს ჩაფიქრდა და მერე მეუბნება, - როგორ გგონია, იმას ვიკადრებ, ჩემი ნაწარმოები ვინმემ იცოდესო? ჩვენ, ყველა კონკურენტი, თანაბარ პირობებში უნდა ვიყოთო. თუ მოეწონებათ ხომ კარგი, არ მოეწონებათ და კარგად იყვნენო... გაოგნებული დავრჩი. ჩემმა ძმამ, უახლოესმა კაცმა, მთვრალმა, არ იკადრა, რომ ერთი ფრაზა მომესმინა და ამით რაღაც უპირატესობა მიეღო. ასეთი კაცი იყო ჩვენი ბიძინა".

შემოდგომის ყვავილები

გარდაცვალებამდე სამიოდე თვის წინ დაიჟინა, მამაჩემის საფლავზე უნდა გავიდე სიღნაღშიო. ხათრს ვინ გაუტეხდა, აუსრულეს წადილი... მოეფერა მშობლების განსასვენებელს, სანთელი დაუნთო, ჭიქა ღვინოც წაუქცია სიმბოლურად, თუმცა, მთლად მშვიდობიანად ვერ დასრულდა ეს საქმე. სიღნაღის ცენტრში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაშავდა ბატონი ბიძინა, მაგრამ აქ ყველაზე საცნაური ის არის, რომ ადგილს, სადაც ეს ამბავი დატრიალდა, თავგატეხილას წყარო ჰქვია.

წმინდა ნინოს მონასტრიდან ჩამომავალი გზა რომ გაივაკებს, სწორედ იქ წაქცეულა უდიდესი ქართველი მომღერალი, ბატონი ბიძინასავით სიღნაღელი, საქართველოს ბულბულად ხმობილი ვანო სარაჯიშვილი. ერთ-ერთი ვერსიით, თავგატეხილას სახელი ამ ამბის შემდეგ შერჩენია წყაროს...

სიმბოლურმა დამთხვევამ ორი გენიალური პიროვნების ბედი თითქოს გადაკვეთა, არადა, ორივეს უდავოდ ჰქონდა ერთი რამ საერთო - მათი სიძლიერე და განუმეორებლობა ეროვნულობის მადლით არის ნაკვები და მშობლიურ ფესვებზე, მიწის ყივილზეა აღმოცენებული, იმ მიწის ყივილზე, მხცოვანი კომპოზიტორი მშობლიურ ქალაქს რომ ჩაიყვანა...

და მაინც, ბატონ ბიძინას უკვდავი ქმნილებებიდან ერთ გენიალურ ნაწარმოებს გამოვარჩევთ, გალაკტიონის ასევე გენიალურ ლექსზე შექმნილ მუსიკას - "შემოდგომის ყვავილებს, დიდებასთან მივიტან".

"შემოდგომის ყვავილები", ალბათ, კომპოზიტორის მაღალმხატვრული შემოქმედების ალეგორიაა, "დიდება" კი თავად საქართველო, ბიძინა კვერნაძემ საქართველოს მარადისობისაკენ მიმავალ გზას საკუთარი შემოქმედება გაუფინა ფიანდაზად, საქართველოს უკვდავების წყაროსთან ზვარაკად მიიტანა შემოდგომის ყვავილები” და სიცოცხლეშივე თავადაც უკვდავებად იქცა.

მედიასახლი "პალიტრა" ბატონ ბიძინას ახლობლებს და სრულიად საქართველოს უსამძიმრებს დიდი მაესტროს გარდაცვალების გამო

მამუკა ნაცვალაძე