სელას სვანეთი - კვირის პალიტრა

სელას სვანეთი

იტალიელი გრაფი ვიტორიო სელა პირველი უცხოელი ფოტოგრაფი იყო, რომელმაც სვანეთსა და რაჭაში გადაღებული ფოტოებით ევროპა აალაპარაკა

"მათი იდუმალება რელიგიურ მოკრძალებას იწვევს!" - XIX საუკუნის არისტოკრატი ინგლისელები პირველები იყვნენ, ვინც ვიტორია სელას ფოტოების ნახვის შემდეგ ასე შეაფასა სვანები. იტალიელი გრაფი ვიტორიო სელა პირველი უცხოელი ფოტოგრაფი იყო, რომელმაც სვანეთსა და რაჭაში გადაღებული ფოტოებით ევროპა აალაპარაკა. მიუხედავად იმისა, რომ კავკასიაში სხვა ფოტოებიც ჰქონდა გადაღებული, ევროპელებმა მას სწორედ საქართველოს ფოტოებისთვის მიანიჭეს ხელოვნების უმაღლესი ჯილდო. იტალიელი ფოტოგრაფი ქართველი მთიელი ქალების პორტრეტების შექმნისთვის ორდენით დააჯილდოვა რუსეთის იმპერატორმაც.

მას შემდეგ დაახლოებით 130 წელი გავიდა. დღეს ციფრული ტექნოლოგიის ფოტოაპარატებს დედამიწის ყველაზე მიუვალი წერტილების გადაღებაც შეუძლია, მაგრამ სელას იდუმალებამდე მისვლა ვერავინ შეძლო. ამავდროულად, სელა ერთადერთი ფოტოგრაფია, რომელმაც ამ ეპოქის საქართველოს მთა შემოგვინახა.

როგორ შეძლო იტალიელმა ფოტოხელოვანმა ასეთი ფოტოების გადაღება, არავინ იცის, მაგრამ, ცხადია, ფოტოხელოვნება მას საარსებო წყაროდ არ სჭირდებოდა - სელა უმდიდრესი იტალიური ოჯახიდან იყო. მამამისი შალის მრეწველი გახლდათ, ბიძა კი უმდიდრესი სამთავრობო მოხელე. სწორედ მან დააინტერესა ძმისშვილი ფოტოგრაფიითა და ალპინისტობით. საქართველოს მთების დასაპყრობად ჩამოსული სელა კი თვითონ დაიპყრო საქართველომ - ორი წლის მანძილზე არ მოშორებია სვან ძმადნაფიცებს, რომლებთან ერთად ნადირობდა და ილხენდა. სწორედ საქართველოთი მოჯადოებულმა დაარქვა თავის ქალიშვილს თინათინი; ამიტომაც წერდა სიცოცხლის ბოლოს: "ჩემს ცხოვრებაში კავკასიისთანა მშვენიერი არაფერი მინახავს. ჩემი გული სვანეთში დარჩა!"

მამის გადაღებული ფოტოები მხოლოდ 2017 წელს ჩამოიტანა საქართველოში მისმა შვილთაშვილმა, ლუჩიანო სელამ და მესტიის მუზეუმს გადასცა. მანამდე კი, XX საუკუნის 80-იან წლებში, სელას მემკვიდრეებმა ფოტოების ნაწილი რეჟისორ რეზო თაბუკაშვილს გამოატანეს. Aამ ფოტოებს ჩვენთვის სხვა ფასიც აქვს - გადმოგვცემს მთის მოსახლეობის ცხოვრებას.

როგორ ცხოვრობდნენ სვანები სელას დროს, ასოცირებული პროფესორი, ეთნოგრაფი როზეტა გუჯეჯიანი მოგვითხრობს:

- მაშინ სვანები გალავნიან ეზოებში ცხოვრობდნენ, სადაც კოშკთან ერთად საცხოვრებელი მაჩვიბი იდგა. უმკაცრეს ზამთარში, რომელიც ზოგჯერ ცხრა თვეც კი გრძელდება, სვანები მაჩვიბის პირველ სართულზე იყვნენ - კერასთან, სადაც ცალ-ცალკე იყო საქალებო და საკაცებო კუთხეები, იქვე კი, ტიხრით გაყოფილ გომურში, მათი მარჩენალი პირუტყვი ცხოვრობდა. პირუტყვს თვალისჩინივით უვლიდნენ - მათ გარეშე არსებობა ამ მკაცრ გარემოში წარმოუდგენელი იყო. ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ, ხანმოკლე ზაფხულში, მეორე სართულზე ადიოდნენ, სადაც მშვენიერი სიგრილე იყო, თუმცა, ზამთრის ხანგრძლივობის გამო უმთავრესი დატვირთვა მაინც პირველ სართულს ჰქონდა. აქ ღუღუნებდა თბილი კერა, რომლის გარშემო შემოსხდომის წესიც საუკუნეებით იყო დადგენილი: წინ კაცები სხდებოდნენ, უკან - ქალები, არადა, სვანეთში ქალია დომინანტი, მამაკაცს მისი ყოველთვის დიდი რიდი ჰქონდა, თუმცა, ეს არ ნიშნავდა, რომ ოჯახში ქალი რამეს მამაკაცთან შეუთანხმებლად აკეთებდა. წარმოიდგინეთ, რომ ქალის ოდნავი შეურაცხყოფისთვის - თავსაფრის მოგლეჯისთვისაც კი, სვანეთში კაცი დიდი ჯარიმით ისჯებოდა, ზოგჯერ მიწასაც კი ართმევდნენ. ეს, შესაძლოა, საკვირველი ჩანს, მაგრამ ნამდვილად ასე იყო. ამას საუკუნეების მანძილზე ხალხური სამართალი არეგულირებდა. ასე რომ, იმ დროს, როცა, მაგალითად, ევროპის ბევრ ქვეყანაში ქალის მზითევად მიღებული მიწა ქმრის საკუთრება ხდებოდა, სვანეთში ის სიცოცხლის ბოლომდე ქალის საკუთრება რჩებოდა. მიწასთან ერთად, ქალის საკუთრება იყო მზითევში მოტანილი ძვირფასეულობაც, რომელიც ქალის გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ მის შვილებს რჩებოდათ.

- სელას ფოტოებზე ქალები უფრო მკაცრები ჩანან, ვიდრე მამაკაცები - ყველას სქელი თავსაბურავი ახურავს, ზოგს ქვეშ წოწოლა ქუდებიც უჩანს და რაღაცით მუსლიმურსაც კი წააგავს.

- ქრისტიანული კულტურის ნიშანია, რომ თავსაფარი ყველა ქალს უნდა ხურებოდა, სელას ფოტოებზე ასახული ქალების თავსაფრები უფრო დიდი და სქელია, ვიდრე თანამედროვე. ამას ორი რამ განაპირობებს: ჯერ ერთი, იმ პერიოდში მთაში დღევანდელთან შედარებით მკაცრი კლიმატი იყო, მეორეც, იქვეა შექმნილი. ვიმეორებ: შექმნილი და არა მხოლოდ შეკერილი! სვანები ნატურალური ტილოს ქსოვილებს სელისა და კანაფისგან ქსოვდნენ, შალისას კი - ცხვრის ძაფისაგან. სელას ფოტოებზე ბევრ სვანს აცვია თავისი ხელით შექმნილი ტანსაცმელი, მათ შორის, სვანური ქუდებიც. ქუდებს შემოყოლებული აქვს არშია - ფარფლები, რომელიც წვიმისა თუ თოვლისაგან იცავდა. თუმცა, მხოლოდ ეს ფუნქცია არ ჰქონია, სვანები ომის დროს მუზარადის ქვეშაც იხურავდნენ.

- წოწოლა ქუდების დანიშნულებას მაინც ვერაფრით ვხსნი...

- ამ კითხვაზე, ალბათ, ნებისმიერი სვანი გიპასუხებთ, რადგან ყველა სვანმა კარგად იცის ისტორია, რომელიც სვანებს, ყაბარდოელებსა და ყარაჩაელებს აკავშირებს. მათ შორის ბევრი ქართული სისხლისაა. სწორედ ამიტომაც არ იღებენ ისინი ჩვენს წინააღმდეგ ომში მონაწილეობას და არც არასდროს მიიღებენ. ამ ისტორიის სათავე ის გახლავთ, რომ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართული ტომები თურქთა დაპყრობებისას გამუსლიმანდნენ და მათგან ყარაჩაელები და ბალყარები წარმოიშვნენ. მიუხედავად ამისა, მათთან ურთიერთობა სვანებს არასოდეს შეუწყვეტიათ, ქორწინებაც ხშირი იყო, მისვლა-მოსვლაც... სელას ერთ-ერთ ფოტოზე სწორედ ერთი ასეთი სტუმრობაა აღბეჭდილი დადეშქელიანებთან და ბალყარელ სტუმრებს თავიანთი ქუდები ახურავთ.

- საინტერესოა, რომ ჩრდილოკავკასიელებს თავიანთი ქართული გვარები ახსოვთ..

- დიახ. ახლახან ყარაჩაიდან თბილისში მეუღლესთან ერთად ხელის მოსაწერად ჩამოვიდა მშვენიერი გოგონა - ლამაზი და ჭკვიანი (განათლება ლონდონში მიიღო). მითხრა, რადგან ჩემი ფესვები საქართველოშია, მინდა, აქ ვიქორწინოო. თუმცა ეს თემა იმდენად ღრმაა, ჯობს, მომავალში ვრცლად ვისაუბროთ.

ეთერ ერაძე