"დამხმარე ქალი არასოდეს მყოლია... მიკვირს, ამდენს როგორ ვასწრებდი" - რას ყვება ეკა ნიჭარაძე პირად ცხოვრებაზე? - კვირის პალიტრა

"დამხმარე ქალი არასოდეს მყოლია... მიკვირს, ამდენს როგორ ვასწრებდი" - რას ყვება ეკა ნიჭარაძე პირად ცხოვრებაზე?

მსახიობი ეკა ნიჟარაძე ახალგაზრდა ბებიაა. თავად შვილები უმძიმეს წლებში გააჩინა - მაშინ ქვეყანაში სამოქალაქო ომი იყო და ელემენტარული პირობებიც არ არსებობდა ბავშვის მოვლისთვის. ეკა მეუღლეს ადრე დაშორდა და თავადაც ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძოდა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერთან გამკლავება შეძლო. დედობისა და ბებიობის შესახებ ეკა mshoblebi.ge-სთან ისაუბრა.

- ურთულეს წლებში შვილები დამხმარეს გარეშე გაზარდეთ, თქვენს პროფესიაშიც მუდამ წარმატებული ხართ...

- დიახ, დამხმარე არასოდეს მყოლია და ამ გადასახედიდან ძალიან მიკვირს, მაშინ რამდენ რამეს ვასწრებდი. ახლა იმდენს ვეღარაფრით შევძლებ. წარმოუდგენელია უძილობა ავიტანო. საღამოს ადრე ვიძინებ, რადგან დილით ადრე მეღვიძება და დღის განმავლობაში ძალიან ვიღლები. აბსოლუტურად ბუნებრივია ის, რომ ასაკის მატებასთან ერთად ენერგიულობა იკლებს. ასაკის გარდა უარყოფითად მოქმედებს დაბინძურებული ჰაერი, დაძაბული გარემო და თამბაქო. მართალია ძალიან ვებრძვი, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვერევი. ალბათ ოდესმე დადგება ის დღე, როდესაც აღარ მოვწევ!

- ოცი წლის ასაკში დედა გახდით, უამრავი სირთულე გადაიტანეთ...

- ჩემი პირველი შვილი 1992 წელს, სამოქალაქო ომის დროს დაიბადა.. 1993 წლის დეკემბერში მეორე შვილი შემეძინა. ფაქტიურად მე და ჩემი შვილები ერთად გავიზარდეთ... წარმოუდგენლად მძიმე წლები იყო. დამხმარე ქალბატონის მცნებაც კი არ არსებობდა მაშინ. ქალი რომელიც მოვიდოდა, სადილს გაგიკეთებდა, დაალაგებდა - ასეთი რამ მაშინ ბურჟუაზიულ ფილმებში ნანახი ამბავი იყო. ჩემს გარშემო არავის არ ჰყავდა დამხმარე, ყველა დამოუკიდებლად ვუმკლავდებოდით ყველანაირ სირთულეს.

- ყოფილა შემთხვევა, როდესაც არ იცოდით საიდან მოგეტანათ ბავშვის საჭმელისთვის ფული, საჭირო ნივთები?

- რა თქმა უნდა ყოფილა და ძალიან ხშირად! უმძიმესი პერიოდი იყო და ყველამ გავიარეთ. ახალგაზრდებს ადვილად გადაგვქონდა, მაგრამ ჩვენი მშობლების თაობისთვის აბსოლუტური შოკი იყო, როდესაც ქვეყანაში ყველაფერი გაქრა... ახალგაზრდები მთელი სერიოზულობით ვერ აღვიქვამდით. ოცი წლის, ძალიან ლაღი გოგო ვიყავი და ბედნიერი იმით რომ შვილები და მეუღლე მყავდა. მშობლების თაობისთვის კი ურთულესი იყო. გაიღვიძეს და უცებ ყველაფერი დაკარგეს. უმეტესობას დანაზოგი ჰქონდათ, რომელიც მთლიანად გაუფასურდა. აღარ იყო სამსახურები და ქვეყანაში სრული უიმედობა სუფევდა... თან ეს დიდხანს გაგრძელდა, სულ უარესი და უარესი სურათი იყო.

განაგრძეთ კითხვა