ჩვენი უცხო თბილისი - კვირის პალიტრა

ჩვენი უცხო თბილისი

"უცხოელები ძველ თბილისში კვადრატულ მეტრში 800-დან 1500 დოლარამდე იხდიან, ეს მაშინ, როცა თუნდაც საბურთალოზე კვადრატული მეტრი შეიძლება 500 დოლარადაც იყიდო"

მოჭარბებულმა მშენებლობებმა უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი დაარღვია, რის გამოც კომპანიები ბინების ფასების დაწევაზე ჩივიან. რა თქმა უნდა, ფასის დაწევა მხოლოდ ბალანსის დარღვევას არ მოჰყოლია... ზოგიერთი საცხოვრებელი კორპუსი მშენებლობის დასრულებამდე იყიდება და როგორც აღმოჩნდა, ეს ვაკუუმი ადგილობრივი მყიდველის ნაცვლად უცხოელმა მყიდველმა შეავსო. არაოფიციალური სტატისტიკით, თუ 4-5 წლის წინ საქართველოში საცხოვრებელ ფართობს უცხოელთა მხოლოდ 3% ყიდულობდა, დღეს 15%-მდეა გაზრდილი, თბილისის ძველ უბნებში კი - 70%-მდე. უცხოელ მყიდველთა გააქტიურებაზე ლაპარაკობენ მუშებიც.

გიორგი ბაზაძე, მშენებლობაზე დასაქმებული: - უცხოელი მყიდველები ბოლო დროს ძალიან მომრავლდნენ. ამჟამად კორპუსს საბურთალოზე ვაშენებთ და ორი ინდოელის ოჯახი დადის მშენებლობის სამეთვალყურეოდ. ორივე სამოთახიან ბინას ყიდულობს.

ერთს ვკითხე, რატომ გინდათ ბინები მაინცდამაინც თბილისში-მეთქი? მითხრა, აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ მშვიდი ქვეყანაა, ინდოეთში შეიძლება ქუჩაში ისე მოგკლან, ვერავინ გიპოვოს. აქ კარგად მოვეწყვე, ბაზრობაზე ფეხსაცმელს ვყიდი და შვილიც აქ შევიყვანე ქართულ კერძო სკოლაშიო.

რამდენჯერმე ირანელებიც მოვიდნენ, გვითხრეს, საქართველოში ირანელი ტურისტები ჩამოგვყავს, გვინდა ეს საქმე ავაწყოთ და მუდმივი საცხოვრებელი გვჭირდებაო.

უცხოელების მოძალებას ყიდვა-გაყიდვის კომპანიის მენეჯერი ხათუნა შურღაიაც ადასტურებს: - ბინების რეალიზაციის დეფიციტი მართლაც არის. ბოლო 2 წელიწადში ფასმა 40%-ით დაიწია, რაც შეღავათია მყიდველისთვის, მაგრამ ცუდია ეკონომიკისთვის.

ფასების დაწევამ უფრო მეორად ბინებს დაარტყა და არა იმდენად მშენებარე კორპუსებს.

მართალია, ბინების რეალიზაცია გარეუბანში ჭირს, სამაგიეროდ, ცენტრში ზოგიერთი კორპუსი აშენებულიც არ არის, რომ უკვე გაყიდულია. ეს მეტ-ნაკლებად ითქმის ქალაქის ცენტრთან ახლომდებარე რაიონებზეც. მაგალითად, დიდ დიღომზე. ქალაქის ცენტრში ბინების ყიდვის მსურველი უცხოელების წილი 10%-მდე ავიდა (მიწის ჩათვლით, 15-20%-მდე). უმეტესობას აქვს ინფორმაცია, რომ საქართველოში მუშახელი იაფია და ბიზნესს ადვილად წამოიწყებს, მაგრამ ბევრს იმედი უცრუვდება და ახალწამოწყებულ ბიზნესს ხურავს. თუმცა ბინა, რა თქმა უნდა, საკუთრებაში რჩება.

- ეს, ალბათ, არ ეხება ტურისტულ ბიზნესს, ის საქართველოში ვითარდება. მაგალითად, ქართველი ტუროპერატორები ირანელი ტუროპერატორების კონკურენციაზე ჩივიან, მთელ ამ ბიზნესს განაგებენო.

- ეს გასაკვირი არ არის. ქვეყანაში ინვესტორები შემოდიან და უცხოელთა რიცხვიც იზრდება. უძრავი ქონება უცხოელთათვის ყველაზე ოპტიმალური გზაა შემოსავლის საშოვნელად.

ძველ თბილისში ბინების ფასი იზრდება, მაგრამ უცხოელები მაინც ყიდულობენ ბინებს. კვადრატულ მეტრში 800-დან 1500 დოლარამდე იხდიან, ეს მაშინ, როცა თუნდაც საბურთალოზე კვადრატული მეტრი შეიძლება 500 დოლარადაც იყიდო.

განსაკუთრებით გაიზარდა ფასები მთაწმინდა-სოლოლაკი-ჩუღურეთის რაიონებში, სადაც კორპუსებით არ არის დამახინჯებული გარემო. უცხოელები ამ უბნებში უფრო აივნიან სახლებს ყიდულობენ, თავად რამდენჯერმე ჩამოდიან წელიწადში, ძირითადად, აქირავებენ Aან ჰოსტელებს აწყობენ...

მკვეთრად მოიმატა რუსი და უკრაინელი მყიდველების რიცხვმაც. ფართობებს ყიდულობენ საქართველოში განთავსებული საელჩოებისა და დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლებიც. უცხოელები ბინებს საკურორტო ზონებშიც ყიდულობენ.

- ჩვენი მოქალაქეები?

- ახალ ბინებს ემიგრანტების 20% ყიდულობს. უმნიშვნელოა ადგილობრივების წილი, ისინი ბინების შესაძენად იპოთეკურ სესხს იღებენ. მყიდველებს შორის არიან ისინიც, რომლებმაც ბანკიდან ბინები ვერ გამოისყიდეს, გაყიდეს და სამაგიეროდ უფრო მცირე ფართობს ყიდულობენ.

ეთერ ერაძე