სამარის ქვებში გარინდული ისტორია - კვირის პალიტრა

სამარის ქვებში გარინდული ისტორია

"ზოგ ქვაზე ისეთი საღებავებია შემორჩენილი, მათი სიკაშკაშე გაგაოგნებთ. ამ ქვებზე სალხინო ყოფის ნიშნებიც მინახავს, - ზოგი ქვა შეღებილია ბუნებრივი საღებავებით. მაგალითად, ერთგან ლურჯი აივნიდან მოყვარული ცოლ-ქმარი გადმომდგარა"

პოეტ ეთერ თათარაიძესთან თუ გისაუბრიათ, ირწმუნებდით, რომ სიყვარულის მომრევი ძალა არ არსებობს. სწორედ ის აკავშირებს იმქვეყნიურ და ამქვეყნიურ სამყაროებს. უძველეს საფლავის ქვებზე შერჩენილი მათი მოსაგონარი განა სიყვარული არ არის? ეთერ თათარაიძე მეუღლესთან ერთად გაცრეცილ სამარის ქვებზე შერჩენილ სიკვდილ-სიცოცხლის ამოძახილს სწავლობს.

- მე და ჩემი მეუღლე ამირან არაბული ფოლკლორისტები ვართ. ფოლკლორი კი არა მხოლოდ პოეზიაა, სულის შემძვრელი ხმით ნატირლებიც არის. ხმით ნატირლებზე ჩემმა მეუღლემ სადოქტორო შრომა დაწერა და ლამის მთელი საქართველო შემოიარა. აი, ამ თემით, ასე ნელ-ნელა ჩავიძირეთ სამარის ქვების ნაიმურ (პრიმიტიულ) ხელოვნებაში. ცოდვა იყო, არ მოგვეძებნა და არ შეგვესწავლა. საქართველოს ნახევარზე მეტი ფეხით მოვიარეთ, თუმცა მაინც ბევრი დაგვრჩა - სამეგრელოს ნაწილი, აჭარა და ფერეიდანი, რომლის მოვლასაც ახლა ვაპირებთ, თუკი გამოვიდა, რასაკვირველია. ფერეიდნელებმა - თუ ჩვენთან ჩამოხვალთ, საფლავებზე ნახავთ, მაგალითად, ასეთ წარწერას: "დედავ, შენ ჩვენი სახლის მზე იყავიო".

- თქვენმა წიგნმა "შენდობა მითხარით" ლიტერატურული პრემია "საბა" მიიღო...

- დიახ. არადა, გამოცემა ძალიან გაგვიჭირდა. ზოგმა პირდაპირ უარი გვითხრა, ზოგმა - რას ამბობთ, მაგ წიგნის სახლში შეტანის შემეშინდებოდაო... კარგა ხნის შემდეგ პატრიარქთან მოგვიხდა საუბარი. გაეღიმა - ამაზე დიდ მადლს შინ ვინ შეიტანს, ყველა ამ წიგნში მოხსენიებული მათი ოჯახის მფარველი და მლოცველი იქნებაო და თვითონვე შეგვიწყო ხელი გამოცემაში.

- ადვილი არ იქნებოდა წლების მანძილზე მიტოვებული საფლავების ძებნა...

- შეუცნობელი ძალა გვიზიდავდა. რამდენჯერ წვიმა წამოსულა და ვეღარ გადაგვიღია - ისედაც გაცრეცილი წარწერები დასველებისას ცუდად იკითხება. ამის გამო უკან წამოვსულვართ და მერე კვლავ დავბრუნებულვართ. რამდენჯერ ინტუიციით მიგვიგნია გაცრეცილი ლოდისთვის.

ერთხელ გუდამაყარში ქვაზე ამოკვეთილი მსუქანი ცხვარი დავინახეთ. ამირანს ვუთხარი, ეს საფლავი ისეთი მოვლილი ცხვარ-ძროხის პატრონისა ჩანს, ცოლის სამარეზეც ექნებოდა ქვა და სადმე აქვე იქნება-მეთქი. ამოკვეთილი სამარის ქვა იაფი როდია, განა ბევრი ჭირისუფალი უკვეთდა! გამხმარი ბალახი გადავწიე და მეცხვარის ცოლის საფლავის ქვაც გამოჩნდა.

ზოგ ქვაზე ისეთი საღებავებია შემორჩენილი, მათი სიკაშკაშე გაგაოგნებთ. როგორ მოაღწია ჩვენამდე, საუკუნოვან ქარსა და წვიმაში?! - მინდოდა, ეს საიდუმლო ამომეცნო, მაგრამ ვერ შევძელი. სამაგიეროდ, ყოველი კუთხის ქვის ოსტატობის ამოცნობა ვისწავლე. როცა სამარის ლოდები საქართველოს ერთი კუთხიდან მეორეში მიჰქონდათ, თავიანთ ოსტატთა ხიბლი მიჰყვებოდა. ამას ვცნობ. მთიულეთიდან ფასანაურელი ოსტატის ნაკვეთი ქვა ყაზბეგში, სოფელ ჯუთაში უშვილო ნათლიის, მინდია არაბულის საფლავზე ნათლულს აუტანია. საოცარი ქვაა - ჩოხაში გამოწყობილ ნათლიას ცალ ხელში თოფი უჭირავს, მეორეში - ჯიხვის რქა.…

- ალბათ, მინდია არაბული მონადირე იყო, ნათლული კი - ძალიან კარგი ბიჭი. წარმოვიდგინე, როგორ მიჰქონდა მას ქვა ურმით ფასანაურიდან ყაზბეგში...

- სხვათა შორის, ურემი ბევრ საფლავის ქვაზეა ამოკვეთილი. ქვებზე სალხინო ყოფის ნიშნებიც მინახავს, - ზოგი ქვა შეღებილია ბუნებრივი საღებავებით. მაგალითად, ერთგან ლურჯი აივნიდან მოყვარული ცოლ-ქმარი გადმომდგარა. საცრემლიანო ქვებიც არის: ლოდებქვეშ პატარებიც წვანან, გოგონებს თმა წელამდე სწვდებათ. ბიჭებს ახალუხები აცვიათ... აბა, როგორ არ აგეტირება ამის წამკითხველს: "ღვთისმშობელო, დაუამე ტკივილი ჩემს პატარას".

ყვარელში ბავშვის საფლავზე ისეთი წარწერა მინახავს, სულ მტკივა: "ნუ მელოდებით, არ მოვალ შინა". მთიულეთში სამარის ქვაზე დედა-შვილია ამოკვეთილი, ქალი მშობიარობისას გარდაცვლილა. ხარაგაულში, უბისის ეკლესიის ეზოში ქალის ქანდაკებაა ქვაში, სრულიად ახალგაზრდა გარდაცვლილა, მაგრამ ალბათ ძალიან ღირსეული იყო, ეკლესიაში ისე არაფრით დაკრძალავდნენ.

- ამ საუკუნოვან სამაროვნებს რამდენი სევდიანი ისტორია ექნებათ...

- დიახ, აქვთ. ზოგს ისეთი, გული გაგიჩერდება. მათ შორის არის ჩემი თუში აღათის ისტორია... 18 წლისამ თავი მოიკლა. მეზობელი სოფლიდან დანიშნეს, ნიშანიც ძვირფასი მიართვეს, მაგრამ შინ დაბრუნებული აღათის საქმროსთვის ძმას უთქვამს, ეგ ქალი რათ მოგყავს, მითხარი, როგორ ვუცქირო, წინიდან თუ უკნიდანაო? ეს ნიშნავდა, სახელგატეხილი ქალი მოგყავს ცოლადაო. ამდგარა ეს საქმრო და ნიშანი უკან წაუღია. ჩამჯდარა აღათი შინ, უგლოვია და კარგა ხანს სამზეოს აღარ გამოსულა. როცა გამოსულა, სახატეზე ფეხით გადაუვლია. ქალს სახატეზე რა უნდოდა! მაგრამ მისთვის ყველაფერი სულერთი გამხდარა. ეს ვისაც დაუნახავს, აღათის ჩანაფიქრს მიმხვდარა და გასდევნებია. მთაში მიხვეულ-მოხვეული გზებია. აღათი ზოგჯერ უკან მოიხედავდა და როცა მდევარს თვალს მოჰკრავდა, ნაბიჯს ანელებდა - არ მიხვდნენ, სად გავრბივარო, მაგრამ როცა მდევარი ვერ ხედავდა, თავგამეტებით გარბოდა. ხიდთან რომ მისულა, ერთი-ორჯერ გადაუვლია, შეშინებია გადახტომის, მესამედ კი მანდილი მოუხსნია, ჯუბის კალთაზე შემოუჭერია, წყალმა არ ამხადოსო და გადაშვებულა. მადევარს თოფი ჩაუხლია წყლისთვის - მთის ადათით, თოფჩახლილი წყალი ადამიანს არ დაძირავს. არც დაუძირავს, მხოლოდ გრძელი თმა გაუშლია და ასე თმაგაშლილი მიჰყავდა ტალღებს, სანამ ნაპირზე არ გარიყა. მერე გამოტეხილა სამაზლე - მე მიყვარდა და ეს ვერ ავიტანე, ჩემს ძმას შინ რომ მოჰყავდა, ყველაფერი მოვიგონეო, თვითონ კი ცოლიანი ყოფილა.

- რამდენი ასეთი ისტორია გექნებათ...

- ბევრი... პატრიარქს აქვს ნათქვამი, მეორე წიგნი ისტორიებით გამოეცითო...

- ეს ისტორიები ალბათ, ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ სიყვარულს შორის კავშირია...

- დედაჩემმა 90 წლამდე რომ მიაღწია, იტყოდა ხოლმე, სიცოცხლე მომწყინდაო. მე ჯავრი გადამივლიდა, მაგას რად ამბობს-მეთქი, მაგრამ ბოლოს სოფლის სკამზე დასაჯდომადაც აღარ გადიოდა, არადა, იქ დაჯდომა უყვარდა - წინდას გაიტანდა მოსაქსოვად, გამვლელ-გამომვლელს გამარჯობას ეტყოდა. მერე ჩვენი სოფლის ახალგაზრდა კაცები იმ ქვეყნად რომ გაიკრიფნენ, დედაჩემიც აღარ გავიდა, მრცხვენია, მე უნდა ვიყო ცოცხალი და ისინი აღარო?

- ამას სიცოცხლის სევდა ჰქვია...

- ალბათ,…მაგრამ ერთი კია - ამქვეყნიურსა და იმქვეყნიურს შორის მუდამ არის უხილავი ძახილი. ეს ყველაზე მეტად სასაფლაოს ეტყობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ქვები ამ ხმაზე ლაპარაკობენ.

ეთერ ერაძე