"უფროსები გვაყვედრიან, თქვენი თავისუფლებისთვის ვიბრძოლეთო... სად არის თავისუფლება?!" - კვირის პალიტრა

"უფროსები გვაყვედრიან, თქვენი თავისუფლებისთვის ვიბრძოლეთო... სად არის თავისუფლება?!"

როგორ ხვდება აფხაზეთი საკურორტო სეზონს

ცოტაც და, აფხაზეთში საკურორტო სეზონი დაიწყება. შარშანდელი მძიმე წლის შემდეგ მოსახლეობა დამსვენებელთა ახალ ნაკადს იმედით ელოდება - სიღარიბისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება ისევ ტურისტები არიან...

"თუ შარშან ფაროსანასგან განადგურებულ ეკონომიკასა და სხვა პრობლემებს გადავხედავთ, ძნელი მისახვედრი არ არის, როგორი "მშვიდი" წელი გველოდება. ჩვენი კორუმპირებული მილიციისა და პროკურატურის იმედი აღარავის აქვს", - წერენ სოცქსელებში.

სოხუმის მერი ადგურ ხარაზია საკურორტო სეზონისთვის სიახლეებს გეგმავს და აფხაზეთის ყველა ქალაქის დასასუფთავებლად "შაბათობის" გამართვას აპირებს. ქალაქებისთვის ქალაქური იერის დასაბრუნებლად საბჭოთა დროინდელი ან თვითნებურად ჩადგმული პრესის ჯიხურების აღებაც იგეგმება, რასაც უმუშევრად დარჩენილთა პროტესტი მოჰყვება - ჯიხურების მეპატრონეები იქ უამრავ წვრილმანსაც ყიდიან.

"რუსეთში ფაროსანას შიშით შეჩერებულ პროდუქციას შორის იყო კიტრი, პომიდორი და სხვა ისეთი ბოსტნეული, რომელსაც ფაროსანა არ ეკარება. სინამდვილეში საქმე ფაროსანა არ არის, ეს მორიგი ეკონომიკური ბლოკადაა","- წერს Нужная газета-ს რედაქტორი იზიდა ჭანია, რომელიც 2004 წლის "მანდარინის ბლოკადას" იხსენებს და დასძენს: "აფხაზეთს რუსეთისთვის ერთგულება რომ დაემტკიცებინა, 2014 წელს რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს შეუერთდა. თურქეთმა ეს სასაცილო სანქცია არც კი შეიმჩნია, მაგრამ აფხაზეთში თურქი ბიზნესმენებისთვის თევზის ბიზნესზე უარის თქმამ ჩვენს ისედაც დანგრეულ ეკონომიკას ძლიერად დაარტყა... აფხაზეთმა რუსეთის გამო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებზე თქვა უარი, თუმცა რუსეთი ამას არაფრად მიიჩნევს. რა გამოდის? არასწორად ავაწყვეთ ურთიერთობა!"

იმედგაცრუებული არიან ის ახალგაზრდებიც, რომელთაც რეგიონი დროებით მიატოვეს და აფხაზეთის "ჭაობის" შორიდან შეფასების საშუალება ჰქონდათ: "ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ მომავალი. ამის პოტენციალი გვაქვს, მთავარია, გავერთიანდეთ!"

ოთარ ტვიშბა, სოხუმის მკვიდრი: "რამდენიმე წელი რუსეთში ვცხოვრობდი, მერე ევროპის ქვეყნებიც ვნახე და აფხაზეთში დავბრუნდი. მამაჩემი სულ ჩამჩიჩინებდა, რომ ჩვენ ამაყი ერი ვართ, მაგრამ რუსეთში სამუშაოდ მყოფი შევეჩვიე, რომ იქ მეორეხარისხოვან ადამიანად აღმიქვამდნენ. ასე ხდებოდა საზღვარზე, ტრანსპორტში, სამედიცინო დაწესებულებებში - მომსახურე პერსონალისგან დამამცირებელი ტონი იგრძნობოდა. ზოგი პირდაპირ მეკითხებოდა, რას ერჩოდით ქართველებს, როდემდე უნდა იყოთ ჩვენს ფინანსებზე დამოკიდებულიო. დროა, გავიგოთ, რომ რუსებს არ ვჭირდებით!"

ტანია: "ცოტა ხნის წინ არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულ ასლან ჯოპუას 20 წელი მიუსაჯეს, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რა პირობებშიც მოიხდის სასჯელს, რადგან გავლენიანი ოჯახის შვილია. შესაძლოა თავისი "იაგუარითაც" ისეირნოს. ჩვენ ხომ ქუჩაში მოსეირნე ბევრი პატიმარი გვინახავს... უფროსები "დაკარგულ თაობას" გვიწოდებენ, მაგრამ რა გააკეთეს მათ, რომ არ დავკარგულიყავით?! არავის აინტერესებს, როგორია ჩვენი ცხოვრება. რამდენიმე დღის წინ ჩემს უბანში უფროსები ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დაკავებული რუსეთის მოქალაქის ჩაქოლვას ითხოვდნენ, შვილებს გვიხოცავსო, თითქოს არაფერი სმენიათ აქაურ ნარკორეალიზატორებზე - აფხაზებზე, სომხებზე. სოხუმში მათ კორპუსებთან ახალგაზრდები რიგში დგანან, მოსწავლეები გაკვეთილებიდან იქ მიდიან... აქ ისევ ომის ნანგრევებში ვცხოვრობთ. ომის თემატიკას ვერ გავცდით - ფილმებსაც კი ისევ ომზე იღებენ. გვაყვედრიან, თქვენი თავისუფლებისთვის ვიბრძოლეთო... სად არის თავისუფლება?! ქართველებთან ომის შემდეგ აფხაზები ერთმანეთს დაერივნენ - მკვლელობა, გატაცება, კორუფცია გრძელდება... ჩვენ კი სტატისტიკას ვკითხულობთ: რამდენი ასეული ადამიანია ნარკოდამოკიდებული, C ჰეპატიტით დაავადებული და საქართველოს ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული... ჩვენ ქვეყანა არ გვაქვს და არც მომავალში გვექნება, თუნდაც იმიტომ, რომ აქ აფხაზურ ენაზეც კი აღარ ლაპარაკობენ..."

დავით დასანია, აფხაზი პუბლიცისტი: "სოხუმის ქუჩებში გაღიმებული ადამიანი ბოლოს როდის ვნახე, არ მახსოვს. ახალი თაობის ცხოვრება გულს მიკლავს. ასეთი სასოწარკვეთილი არასდროს ვყოფილვარ, იმედსაც ვერ ვხედავ, რომ ჩავეჭიდო"...

დემოგრაფიის გადასარჩენად...

აფხაზების რიცხვი საგანგაშოდ მცირდება... 2015 წლის 8 თებერვალს აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად, აბორტი სისხლის სამართლის დანაშაულია.

სოხუმის საავადმყოფოს ხელმძღვანელის, ბელა ფილიას განცხადებით, აბორტის აკრძალვამ შობადობა ვერ გაზარდა და ქალებსაც ცხოვრება გაურთულა - ახლა ორსულობის შესაწყვეტად ადლერსა და სოჭში ჩადიან. უკიდურესი ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ორ შვილზე მეტს ვერ აჩენენ.

დაკარგული აფხაზური ენა

აფხაზეთში საგამოცდო სისტემაში ცვლილებებს ითხოვენ. ე. წ. განათლების მინისტრი ადგურ კაკობია აცხადებდა, რომ ის აბიტურიენტები, რომლებიც აფხაზური ენის გამოცდას ცალკე არ ჩააბარებენ, რუსეთის სასწავლებლებში არ დაიშვებიან. გამოცდებს ორგანიზებას უწევს Россотрудничество (დსთ-ის საქმეების, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა და საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობის სააგენტო). "გვქონდა მოლაპარაკება, მისაღები გამოცდა აფხაზურ ენაშიც ჩატარებულიყო, მაგრამ შეთანხმება ვერ შევძელით", - ამბობს კაკობია.

აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩის სემიონ გრიგორევის თქმით, რუსეთმა აფხაზური ენის განვითარებისა და მხარდაჭერის პირობა დადო, თუმცა აფხაზეთის განათლების სამინისტროს ცალმხრივი გადაწყვეტილება არაკორექტულია!

აფხაზური ენის ისტორია

1860 წელს გაჩნდა იდეა, რომ წმინდა წერილი ყველა კავკასიურ ენაზე, მათ შორის, აფხაზურ, სვანურ და ჩეჩნურ ენებზე თარგმნილიყო. ანბანის არარსებობის გამო გადაწყდა, რომ აფხაზებისთვის დაწერილიყო ანბანი. პირველი მკვლევარი, რომელმაც აფხაზური ანბანი შექმნა, რუსეთის არმიის გენერალი პეტრე უსლარი გახლდათ. მან 1862 წელს, აფხაზური ენის გრამატიკის შედგენისას, გამოიყენა სლავური კირილიცა..."შემდეგ აფხაზური ანბანი რამდენჯერმე შეიცვალა, რამაც მათი კულტურის განვითარებაზე უარყოფითი გავლენა იქონია. 1892 წელს კონსტანტინე მაჭავარიანმა შეადგინა აფხაზური ანბანი რუსული გრაფიკის საფუძველზე, 1909 და 1914 წლებში კი ალექსი ჭოჭუამ გამოსცა აფხაზური ანბანის სახელმძღვანელო, რომელიც რუსული ანბანის გრაფიკაზე იყო აწყობილი.

ლალი პაპასკირი