"ის, რაც ჩავიდინე, მომხდარით გამოწვეული შოკი იყო" - ქართველი ქალი, რომელმაც გერმანიაში პედოფილების ბარის გადაწვა სცადა - კვირის პალიტრა

"ის, რაც ჩავიდინე, მომხდარით გამოწვეული შოკი იყო" - ქართველი ქალი, რომელმაც გერმანიაში პედოფილების ბარის გადაწვა სცადა

თამარ გუნდიშვილს გერმანელი მეუღლე ჰყავს და უკვე წლებია, გერმანიაში ცხოვრობს ოჯახით. სამშობლოსგან შორს მყოფს ნოსტალგია არასდროს ტოვებს და ცდილობს, იქ პატარა საქართველო შექმნას. თამარი კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა, საინტერესო და უცნაური ამბებით სავსეა მისი ცხოვრება.

- პროფესიით არქეოლოგი ვარ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაუსწრებელზე ვსწავლობდი და პარალელურად, 1993 წლამდე კახეთის არქეოლოგიურ ექსპედიციაში ვმუშაობდი უმცროს მეცნიერ-მუშაკად. ექსპედიციას აკადემიკოსი კიაზო ფიცხელაური ხელმძღვანელობდა. ჩემი მეუღლე ანდრეას ეგოლდიც იქ გავიცანი. 1991 წელს პირველი ერთობლივი ქართულ-გერმანული ექსპედიცია მოეწყო ფევრების სამაროვანზე. ზაარბრიუკენის უნივერსიტეტის პროფესორმა ვინფრიდ ორტმანმა 4 სტუდენტი ჩამოიყვანა - 2 ბიჭი და 2 გოგო. ერთ-ერთი ანდრეასი იყო - ბიჭი, რომელსაც თავისუფალ დროს "ვეფხისტყაოსანი" ეჭირა ხელში და გულმოდგინედ სწავლობდა ქართულ ენას. საქართველო დღემდე მისი უსაყვარლესი ქვეყანაა და ამბობს, კახელი ვარო. 1992 წელს მართლმადიდებლად მოინათლა, იმავე წლის გიორგობას კი ჯვარი დავიწერეთ ქაშუეთის ტაძარში და მერე გერმანიაში დავბრუნდით უკვე ერთად. გვყავს ქალ-ვაჟი, 23 წლის ანუკა და 21 წლის ლუკა. უკვე 25 წლის ცოლ-ქმარი ვართ და შინ მხოლოდ ქართულად ვლაპარაკობთ.

- მიამბეთ, რატომ შეეცადეთ წლების წინ იმ ბარის დაწვას, სადაც პედოფილები იკრიბებოდნენ და რით დამთავრდა ეს ამბავი?

- ძალიან მძიმე თემაა ჩემთვის. მაშინ ზაარბრიუკენში ვცხოვრობდით. 2001-2002 წლები იყო. დღემდე საიდუმლოებით არის მოცული ეს ამბავი.

ჟურნალისტებმა საფუძვლიანი საგამოძიებო მუშაობის დასრულებამდე ტელევიზიით გააჟღერეს ამბავი, რომ პედოფილები ბავშვებს - 5 წლის პასკალსა და და 7 წლის კევინს აუპატიურებდნენ. საბრალო ბავშვი, პასკალი ამ ამბავს შეეწირა კიდეც. ის გაჭირვებული ოჯახიდან იყო, მამა ლოთი ჰყავდა, დედა - გონებასუსტი.

ჩვენს ქალაქში ორიოდე წლის წინ პედოფილთა პირველი სამკურნალო კლინიკა გაიხსნა. რადიოში მოვისმინე, თურმე სავსეა პაციენტებით. უმრავლესობა იტანჯება იმის გამო, რაც სჭირს. ბევრი მათგანი ბავშვობაში თვითონვე ყოფილა ძალადობის მსხვერპლი. მოკლედ, ეს ინფორმაცია მიიღეს ერთ-ერთი ბავშვისგან, რომელმაც დედას გაუმხილა მომხდარი, მან კი ჟურნალისტებამდე მიიტანა. ბრალდებულებმა ჯერ თქვეს, რომ პასკალი მორიგი ძალადობისას კიოდა, იძულებულები გახდნენ, რომ ბალიში დაეფარებინათ გასაჩუმებლად და ის გაიგუდა. გვამი საფრანგეთის საზღვარზე გადაიტანეს და დამარხეს. პოლიციამ აღნიშნულ ადგილას გვამი ვერ ნახა. მერე თქვეს, ლუქსემბურგშიო, ვერც იქ იპოვეს და ბოლოს საერთოდ გადათქვეს.

რადგან მოწმე არასრულწლოვანი იყო, დამცველმა განაცხადა, რომ ბავშვის ჩვენებაზე მანიპულირება მოხდა. ტელევიზიით აჩვენეს ბარიც, სადაც მათი ინფორმაციით პედოფილები იკრიბებოდნენ. ამ ამბის გაგებამ ლამის ჭკუიდან შემშალა. ეს შოკი იყო ჩემთვის. მთელი ქალაქი აღშფოთებული გახლდათ: ზოგმა კაფეს ფანჯრები ჩაუმტვრია, ზოგი ქუჩაში ხვდებოდა, აფურთხებდა და სცემდა მათ, ვიდრე დაიჭერდნენ. მოკლედ, არნახული ანარქია იყო.

ის, რაც მაშინ ჩავიდინე, მომხდარით გამოწვეული შოკი იყო. მოგვიანებით, როდესაც ჩემს საქციელზე დავფიქრდი და გავიაზრე, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა იმ ხანძარს და იმ ბარში პედოფილების გარდა სხვებიც დაზარალებულიყვნენ, ძალიან შემრცხვა. ეს ფაქტი მართლაც არ არის საამაყო. სასამართლომდე არ მისულა საქმე. იხილეთ სრულად

ნინო ჯავახიშვილი