"უჭირდა, მაგრამ არ უყვარდა ვინმეს შეწუხება" - ლეილა აბაშიძის დღემდე უცნობი ფოტოები რაჯ კაპურთან ერთად
22-04-2018
"უჭირდა, მაგრამ არ უყვარდა ვინმეს შეწუხება" - ლეილა აბაშიძის დღემდე უცნობი ფოტოები რაჯ კაპურთან ერთად
"რამდენადაც წარმატებული იყო კარიერაში, იმდენად უიღბლო იყო პირად ცხოვრებაში"

ფოტოგალერეა

პროდიუსერი, კინომცოდნე, ინდოლოგი, დავით ბეჟიტაშვილი და ქართველი კინოვარსკვლავი ლეილა აბაშიძე მრავალი წლების განმავლობაში მეგობრობდნენ. დავით ბეჟიტაშვილის არქივი ბევრ მოგონებას და უნიკალურ ფოტოს ინახავს. მისი გადაწყვეტილებით, რამდენიმე ფოტო პირველად kvirispalitra.ge-ze-ზე ქვეყნდება.

- მე და ლეილა აბაშიძეს დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებდა და ამით უბედნიერესი ადამიანი ვარ... უნიკალური ფოტოები მაქვს, რომელიც ჯერ არსად გამოქვეყნებულა და ექსკლუზიურად გაწვდით!

როდესაც რაჯ კაპური თბილისში ჩამოვიდა, ეს
მაშინდელი ფოტოა, რომელზეც ლეილა პროფილით ჩანს...

მეორე ფოტოა, როდესაც ლეილა ინდოელ მსახიობ ნარგისს ესაუბრება. რიტას როლის შემსრულებელი ეს მსახიობი იმჟამად ძალიან ცნობილი იყო, ის გახლდათ რაჯ კაპურის პარტნიორი ფილმებში - "ბატონი 420" და "ავარა"...

ეს ორი ფოტო პირველად ქვეყნდება.

მესამე გახლავთ  1965 წელს გადაღებული შედარებით
ცნობილი ფოტო, რომელზეც ასახული არიან: რაჯ კაპური და ლეილა აბაშიძე მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

ულამაზესი ფოტოა!

  • კითხვის პარალელურად შეგიძლიათ მოისმინოთ ლეგენდარული სიმღერა, ფილმიდან "ჭრიჭინა"

ინდოელ და ქართველ მსახიობებს ბევრი რამ აკავშირებდათ. 1954 წელს უკვე გამოსული იყო ფილმები "ავარა" და "ბატონი 420". იმდენად პოპულარული იყო მთელ საბჭოთა კავშირში ინდური ფილმები, რომ ინდოელ კინემატოგრაფისტთა დელეგაცია საქართველოს ეწვია. ამ დელეგაციაში იყვნენ ლეგენდარული - რაჯ კაპური და მისი პარტნიორი ნარგისი.

მათ ძალიან დიდი შეხვედრა მოუწყო საქართველოს იმჟამინდელმა მთავრობამ. რუსთაველის თეატრში აკაკი ხორავას მონაწილეობით "ოტელოს" დაესწრენ, წაიყვანეს კინოსტუდიაში, სადაც იმჟამად ფილმის "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან" გადაღებები მიმდინარეობდა. სწორედ მაშინ შეხვდნენ ლეილა აბაშიძე და რაჯ კაპური ერთმანეთს და დამეგობრდნენ. შემდეგ იყო მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალი...

ერთხელ ლეილას ვკითხე, ხომ არ მიუწვევიათ ინდოეთში გადასაღებად, მაგრამ მითხრა, რომ ასეთი შეთავაზება არასოდეს ჰქონია. ჩემი აზრით, ეს მაშინდელი რკინის ფარდის ბრალი იყო... ინდოელ მსახიობებს იმდენად უყვარდათ ქართველები, სოფიკო ჭიაურელი იხსენებდა, ჩემი პირველი გადაღება ვინც მომილოცა და დეპეშა გამომიგზავნა, ეს რაჯ კაპური იყოო...

- როდის გაიცანით ლეილა აბაშიძე?

- ჩვენი მეგობრობა 1992 წელს დაიწყო. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც თბილისის ომი მოხდა და ძალიან არეული წლები დაიწყო. ამ დროს ვარკეთილის დასახლებაში საკაბელო ტელევიზია მქონდა. იმჟამად საქართველოს პირველი არხი და რუსეთის პირველი არხი იყო ძირითადი ტელევიზიები... ვარკეთილი დიდი რეგიონია, რომელიც მოსახლობის რაოდენობით თითქმის ქალაქ ქუთაისს უტოლდება და საკაბელო ტელევიზია კარგად ფუნქციონირებდა. თითქმის ყველას ჰქონდა სახლში გაყვანილი და უყურებდა...
გავაკეთე ასეთი გადაცემა "მონატრება", რომელიც ყოველ კვირას გადიოდა, რომელშიც ინტერვიუებს ვწერდით ქართული თეატრის და კინოს ვარსკვლავებთან.
ომის დროს კინოგადაღებები აღარ იყო და ამ მსახიობებთან შეხვედრა განსაკუთრებულად ენატრებოდა ხალხს. ყველაფერი მოშლილი და მონგრეული იყო! ასეთ დროს ჩვენ ვახერხებდით მსახიობებთან ინტერვიუს ჩაწერას, გადოდა ფრაგმენტები მათი ფილმებიდან თუ სექტაკლებიდან... ასე შევხვდი ლეილა აბაშიძეს, დოდო ჭიჭინაძეს, თენგიზ არჩვაძეს, ოთარ კობერიძეს და ა.შ. ეს მასალა ერთ კიდევ ვიდეოკასეატაზე მაქვს, მალე ვაპირებ გადავიტანო ციფრულზე და ინტერნეტის საშუალებით გავავრცელო...

ქალბატონი ლეილა ვერაზე ცხოვრობდა, საბედნიეროდ უარი არ მითხრა და მასთან ოჯახში ჩავწერეთ ინტერვიუ. არაჩვეულებრვი ჩანაწერი გამოგვივიდა და იქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. ბევრი რამ გაიხსენა თავის წარსულიდან, გადასაღებ მოედანზე თავს გადამხდარი შემთხვევებიდან. იმდენად დავახლოვდით თავის ფოტოც მაჩუქა უკან წარწერთ, რომესაც განსაკუთრებულად დიდი რუდუნებით ვინახავ...

მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და სასწაული განცდა მქონდა, როდესაც შევხვდი ვარსკვლავს, რომლის ფილმებზეც გავიზარდეთ მეც და ჩემი მშობლების თაობაც... უამრავ მსახიობთან ჩავწერე ინტერვიუ, მაგრამ ქალბატონმა ლელამ ყველაზე მეტად განმაცვიფრა: იგი თავად დაესწრო გადაცემის მონტაჟს, რომელიც ძალიან დიდხანს გაგრძელდა, ფაქტობრვად, თავზე დაგვათენდა...

2009 წელს კინოთეატრ რუსთაველის დირექტორი გახლდით, რომლის წინაც ლეილა აბაშიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. უბედნიერესი ვიყავი, რადგან მისთვის ამ დაუვიწყარი ღონისძიების საორგანიზაციო საქმეებში ვიყავი ჩართული. რაც მევალებოდა თუ არ მევალებოდა, ყველაფერი შევასრულე და არასოდეს დამავიწყდება მისი მადლიერებით სავსე, ულამაზესი თვალები როგორ უბრწყინავდა.. ვიდრე სცენაზე გავიდოდა, ჩემს კაბინეტში სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ...

კიდევ ერთხელ მოგვიწია თანამშრომლობა, როდესაც ანრი ჯოხაძემ კლიპი გადაიღო თბილისის უბნებზე... კლიპში სამი ვარსკვლავი იყო: - ლეილა აბაშიძე, დოდო ჭიჭინაძე და ოთარ კობერიძე. გადაღება კინოთეატრის წინ მიდიოდა და კლიპში მეც აღმოვჩნდი. ეს უკვე ბედნიერ შემთხვევას უნდა დავაბრალოთ.

სამწუხაროდ, ლეილა აბაშიძე რამდენადაც უნიჭიერესი და წარმატებული იყო თავის კარიერაში, იმდენად უიღბლო იყო პირად ცხოვრებაში. ახალს არაფერს ვიტყვი, მას ეკონომიურადაც ძალიან უჭირდა. სხვებისგან განსხვავებით, არ უყვარდა ვინმეს შეწუხება. იმდენად ძლიერად იყო მასში სიამაყის გრძნობა. შეუძლოდ როცა იყო და გრძნობდა რომ ფორმაში არ იყო, არავითარ შემთხვევაში არ გენახებოდა... არ სურდა ვინმეს ავადმყოფი ან დაბეჩავებული ენახა. არც არავის უნახავს და იგი ჩვენთვის ნამდვილ ვარსკვლავად დარჩა. არ მსურს ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ არ შეიძლება სიტყვა ვარსკვლავით ლეილა აბაშიძესაც და სხვებსაც ერთნნაირად მოვიხსენიებდეთ. სამწუხაროდ, ეს სიტყვა დღეს ძალიან გაუფასურებულია. ლეილა აბაშიძე მსოფლიო დონის ვარსკვლავი იყო!

იხილეთ ფოტოგალერეა

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)
guram
23 აპრილი 2018 10:22
ლეილა აბაშიძე მართლაც მსოფლიო დონის ვარსკვლავი იყო, ნათელში ამყოფოს უფალმა მისი სული
ია
23 აპრილი 2018 10:10
საინტერესო სტატიაა და გეთანხმებით, ძალიან გააუფასურეს ვარსკვლავის მნიშვნელობა!
ლიანა
23 აპრილი 2018 10:02
გეთანხმებით ნამდვილად მსოფლიო დონის ვარსკვლავი იყო.რომელი ფილმიც არ გინდა აიღო შედევრია ქართულ კინოხელოვნებაში. ასევე ბევრი ძველი მსახიობები რომელთა რაოდენობა ძალიან შემცირდა. გულიო მწყდება ჩვენი კინო ხელოვნები ინდუსტრია მდგომარეობა .დღესდღეობით თითქმის აღარ არის. ვინც არიან და შეუძლიათ მთელი ენრგია დაახარჯოს კინოხელოვნებას არავიან არ იწვევს ახლებიც ამ სიამოცბებისაგან მოკლებულები არიან.ზალიან გულდასწყვეტია. მოგვენატრა ზველი ფილმების მსგავსი სიცოცხლის ჩამდგმელი ფილმები ნახვა და ასწევე ამობრწყინდნენ ახალი თაობის ნიჭიერი წარმომადგენლები რომ ხალხმა გაიცნონ. არადა მჯერა ასეთები ბევრნი იქნებიამ

რედაქტორის რჩევით