"სარო - აქ ყველგან უძველესი ისტორია თვლემს" - კვირის პალიტრა

"სარო - აქ ყველგან უძველესი ისტორია თვლემს"

საქართველოში ბევრი ლამაზი სოფელია. მათ შორის არაერთის ისტორია ათასწლეულების წიაღიდან მოდის. სხვა ქვეყნები ასეთ სოფლებს საკაცობრიო მნიშვნელობას ანიჭებენ და თვალისჩინივით უფრთხილდებიან, ჩვენში კი ეს სოფლები გაპარტახებულია. არადა, შეიძლება ისინი ტურიზმის კერადაც ვაქციოთ. ასეთია მესხეთ-ჯავახეთის უძველესი სოფელი სარო, ცოცხალი მუზეუმი, სადაც დღემდე ძირძველი მესხები ცხოვრობენ, გრანდიოზული ქვებით აშენებული ციხე-კოშკების აშენების საიდუმლო კი დღემდე აუხსნელია.

როგორც აქ აღმოჩენილი არქეოლოგიური ნიმუშები ამტკიცებს, სარო ქრისტეს დაბადებამდე III-II ათასწლეულშიც არსებობდა და რეგიონის ეკონომიკური განვითარების ცენტრიც იყო. მე-18 საუკუნიდან კი აქ დარბაზული სახლების აშენება დაიწყეს, მაგრამ ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ საროს სახლები ბოსლებად აქცია, ნაწილი კი ჩამოიქცა.

საროს საჯარო სკოლის დირექტორი ლია ბოლოთაშვილი საროს მესხური დარბაზების იდუმალ ცხოვრებაზე გვიყვება.

- ჩვენ გარშემო უამრავი სოფელი დაიცალა და დადუმდა, მაგრამ საროელებს აქაურობის მიტოვება მაინც უჭირთ. ქალაქში ბევრი წავიდა, მაგრამ წამსვლელსაც ვერ გავამტყუნებ - აქ მესაქონლეობის გარდა შემოსავალი არ არის და ამ პროდუქტის გასაღებაც ჭირს. მაგრამ თუკი სოფლის აღორძინება დაიწყება, შემოსავლის წყარო გაჩნდება და ყველა დაბრუნდება. აქ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე, უძველესი ისტორია თვლემს. ამ სახლებს საოცარი არქიტექტურა აქვს - ყველა მესხური სახლი 12 ბოძზეა აგებული. ეს 12 ბოძი კრავს კუბის მაგვარ ნაგებობას, რომელიც სახურავზე ერდოთი მთავრდება. ერდოში დატანებულია ბუხრიდან კვამლის ასასვლელი და შუქის შემოსასვლელი მილი. ზემოთ ულამაზესი ხის კიბით ადიხარ. სახლი დარბაზისა და შემოსასვლელისაგან შედგება. მესხები ამ დარბაზში ბუხარს გასათბობადაც აღუღუნებდნენ და კერძების მოსამზადებლადაც.

- მესხური სახლები თავდაცვითი ნაგებობებიც იყო...

- ჩვენს სოფელში დღესაც ცხოვრობს ხალხი, ვინც ამ სახლებში გაიზარდა. სამი ოჯახი ჯიუტად არ გამოდის ამ სახლებიდან. რაც შეეხება თავდაცვას, ეს სახლები გარედან მიწით იყო დაფარული, სახურავადაც მიწა ეხურა. მტრის შემოსევისას მესხები ერდოს ფარავდნენ, რომ ღამით იქიდან შუქი არ ამოსულიყო. ასე რომ, ზოგჯერ მესხური სახლი მტრისთვის სრულიად შეუმჩნეველი იყო, კარი კი რკინასავით გამძლე ხის ურდულით იკეტებოდა. გარდა ამისა, მესხური სახლი ჩვენებურ მკაცრ ზამთარსა და სიცხიან ზაფხულშიც ძალიან კარგი დამცველი იყო - ზაფხულშიც ბუხარს ანთებდნენ, მაგრამ სახლში არასოდეს იყო ისეთი ტემპერატურა, ადამიანი სიცხეს შეეწუხებინა. გარედან დაყრილი მიწა სახლს ზაფხულში მაღალი ტემპერატურისაგან იცავდა, ზამთარში - სიცივისაგან. მესხური სახლის არქიტექტურა ოჯახს მიწისძვრის დროსაც საიმედოდ იცავდა - ნაგებობა რყევას ძალიან კარგად უძლებს, ასე რომ, აქ მსხვერპლი უძლიერესი მიწისძვრის დროსაც არ იყო მოსალოდნელი.

- დღეს რამდენი მესხური სახლია საროში შემორჩენილი?

- დაახლოებით 60-მდე. მათი უდიდესი ნაწილი ბოსლებად არის გადაკეთებული, ნაწილიც ჩამოქცეულია, მაგრამ თუ სოფლის აღორძინება დაიწყება, ხალხი ამას სიხარულით შეხვდება. ბევრი ვიცი, ვისაც გულს სტკენს, რომ მისი ბავშვობის სახლი აღარ სუნთქავს, აღარ ცოცხლობს. ხალხიც მიიღებს მონაწილეობას მშობლიური კერის აღდგენაში, სტუმარსაც სიამოვნებით მიიღებს. ტრადიციულ მესხურ ყველსა და ხაჭაპურს ყველა სახლში აკეთებს. ცხვარიც ბევრს გვყავს, ასე რომ, ცხვრის ყველიც გაგვიჩნდება, თუ საჭირო იქნება.

ეთერ ერაძე